„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
გასულ კვირას უკრაინის არმიამ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და რუსი ოკუპანტებისგან 3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლა.
ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის თქმით, კონტრშეტევის შედეგად რუსი ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან რუსეთის საზღვრებისკენ „ოლიმპიური სპრინტერებივით“ გარბოდნენ,- ასე იწყება ბრიტანული გამოცემის სტატია რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, სადაც აღნიშნულია, რომ პუტინი კუთხეშია მიმწყვდეული.
„თუ რამდენად მძიმე და რთული სიტუაციაა ფრონტზე, რომელშიც რუსი სამხედროები არიან მოქცეულები, სოციალურ ქსელებში ვლადიმერ პუტინის მომხრე ჩეჩენი ლიდერის - რამზან კადიროვის ჩანაწერიც ადასტურებს.
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ლიმანში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს დააკისრა.
„ამ ტერიტორიის დაცვას ხელმძღვანელობდა ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი, რომელმაც მიიღო რუსეთის გმირის ვარსკვლავი ლისიჩანსკის აღებისთვის. ლაპინის მეთაურობის ქვეშ მოექცნენ დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებიც“, - წერს კადიროვი.
აუდიომიმართვაში კადიროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის ფრონტზე საომრად კიდევ ათი ათასი მებრძოლია მზად, დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად. ჩეჩენ "ბოევიკებს" საშინელი რეპუტაცია აქვთ და, როგორც ამბობენ, სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ სამხედრო დანაშაულებების დიდი ნაწილის ჩადენაში, რომლებიც ომის მსვლელობისას დღემდე მოხდა, მათ შორის - ბუჩაში ამ გაზაფხულზე მოწყობილი ხოცვა-ჟლეტაში.
ჯერ კიდევ 2005 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ ყოფნის დროს, მან განაცხადა, რომ "ვლადიმერ პუტინი რუსეთის სამუდამო პრეზიდენტი უნდა იყოს, რადგან ქვეყნისთვის მტკიცე მმართველობა, ძლიერი ხელი აუცილებელია".
როცა რამზან კადიროვი ვლადიმერ პუტინმა 2007 წელს ჩეჩნეთის ხელმძღვანელად დანიშნა, მას პრეზიდენტისადმი სიმპათიები კიდევ უფრო გაუძლიერდა - იწონებდა პუტინის მმართველობის წესს და მხარს უჭერდა მის საგარეო პოლიტიკას.
რამზან კადიროვის კრიტიკული დამოკიდებულება ბოლო დღეების კრემლის სამხედრო კამპანიის მიმართ იმის ილუსტრაციაა, თუ ხელისუფლებაში რამდენად შორს და სიღრმეშია წასული უკმაყოფილება ფრონტზე არსებული სიტუაციის გამო. სხვათა შორის, ის, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა თქვა, დასჯადია - მისი განცხადება იურიდიულად შეიძლება განხილული იქნეს, როგორც "რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მცდელობა" (ისჯება ჯარიმით - 50 ათასამდე რუბლით ანუ დაახლ. 715 გირვანქა სტერლინგით, ხოლო ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში - თავისუფლების 15-წლიანი აღკვეთით).
რამზან კადიროვი მარტო არ არის ომის მომხრე იმ ცნობილი ადამიანებიდან, რომლებიც უკმაყოფილებას ამჟღავნებენ რუსეთის არმიის საომარი მოქმედებების გამო. 12 სექტემბერს პროკრემლურმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა და ვლადიმერ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა სერგეი მარკოვმაც დაწერა "ტელეგრამში", რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან გაბედულ და გადამწყვეტ ნაბიჯებს ელოდება. იგი აღშფოთებულია კრემლის იმ კურსით, რომლის მიხედვით, რუსეთის მიერ განხორციელებული ენერგოზეწოლა დასავლეთს უკრაინისადმი დახმარების შეჩერებას აიძულებს: "დაანებეთ თავი მაგ ოცნებას, რომ ევროპა ამ ზამთარს გაიყინება და თავისთავად ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. არა, ევროპა არ გაიყინება. ევროპელები, უბრალოდ, უფრო თბილ ტანსაცმელს ჩაიცვამენ. თავისთავად არაფერი მოხდება. საბოლოო ჯამში, სერიოზული მოქმედება მაინც მოგიწევთ", - წერს სერგეი მარკოვი.
დამნაშავის ძიებაში რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ თავდაცვის მინისტრის - სერგეი შოიგუს უწყებას.
რამზან კადიროვმა თავდაცვის უწყება კი გააკრიტიკა, მაგრამ მაინც თავი შეიკავა და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი სერგეი შოიგუ არ დაუსახელებია. არადა, სწორედ მას უწოდებენ ირიბად "განტევების ვაცს". ცეცხლზე ნავთს ასხამს და რამზან კადიროვს მხარს უჭერს კერძო სამხედრო კომპანიის - "ვაგნერის" შემქმნელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიც.
ცნობილია, რომ "ვაგნერის" მიერ დაქირავებული მებრძოლები ომებისა და კონფლიქტების დროს ვლადიმერ პუტინის მნიშვნელოვანი დასაყრდენი არიან, ხოლო ევგენი პრიგოჟინი სერგეი შოიგუსთან მეტოქეობს საბიუჯეტო თანხებისა და სხვა რესურსების გადანაწილებაში.
რამზან კადიროვი დიდი ხანია, ნეგატიურ ემოციებს აფრქვევს: უწოდებს რა თავის თავს "ვლადიმერ პუტინის ერთგულ ჯარისკაცს" (მას უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ეროვნული გვარდიის ჩეჩნური ქვედანაყოფი - სპეცრაზმი "ახმატი" ჰყავს გაგზავნილი, რომელიც ასობით მებრძოლს ითვლის). ჩეჩენი ლიდერი ვაჭრობს კრემლთან მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ყოფილი სეპარატისტი და ამბოხებული მისი მამის - ახმატ კადიროვის სიკვდილის შემდეგ, 2005 წელს, იგი რეგიონის ლიდერად დასვა.
„თუ მხედველობაში ვიქონიებთ უკრაინაში რუსეთის სავარაუდო დამარცხებას, პრეზიდენტისთვის გადარჩენის ყველაზე კარგი შანსია დანაკარგების შემცირება, მაგრამ რადგანაც სამთავრობო ელიტებს ჯერჯერობით ეშინიათ მისი გაკრიტიკების, ამიტომ ისრები თავდაცვის უწყებისაკენ არის მიმართული. ამასთან, ვლადიმერ პუტინი ინარჩუნებს სერგეი შოიგუს - იგი მას მსხვერპლშეწირვისათვის გამოადგება.
თუმცა ამ პროცესში პრეზიდენტი თავის დამაბალანსებელ უნარს კარგავს, სხვადასხვა დაჯგუფებების გასაკონტროლებლად. იგი სახიფათო ილუზიების ტყვეობაში იმყოფება - იმ მირაჟში, რომელშიც მან დასავლეთიც შეიყვანა, საკუთარი ხალხიც და - თავისი თავიც“,- წერს ბრიტანული გამოცემა.
გუშინ, 12 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ, ყირიმის ხიდის აფეთქებაში ბრალებული 8 ადამიანი დააკავა. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებაში, სავარაუდოდ, უკრაინის, საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის საქმეში საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე და ბროკერი, მეტსახელად, "ლევანი მონაწილეობდნენ.
„ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და ქვეტექსტით, ეს ბრალდება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ, და არა მხოლოდ საქართველოს ცალკეული მოქალაქეების მიმართ“, - უსაფრთხოების საკითხების სპეცალისტის, დავით ბრაგვაძის ამ კომენტარს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„ჩემთვის ცოტა უცნაურია და რუსეთის ხელისუფლების ერთგვარ უმადურობაზეც კი მიანიშნებს საქართველოს ხსენება, რადგან, არ ვიცი, ამაზე მეტი ნეიტრალიტეტი რაღა უნდა შეენარჩუნებინა საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით.
რუსეთი პრაქტიკულად ომში მონაწილეობის ბრალდებას უყენებს საქართველოს სახელმწიფოს, ანუ იმას, რასაც მთელი 7 თვეა, ასე გაურბის საქართველოს ხელისუფლება და პირიქით, სხვებს ადანაშაულებს, რომ ვითომ რაღაც ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ.
ანალიტიკოსის შეფასებით, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთმა საქართველო ახსენა „უკრაინასთან ომის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდში“, რადგან ყირიმის ხიდს, გარდა ლოგისტიკური მნიშვნელობისა, რუსეთისთვის უზარმაზარი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
ავტორი: ნანა ჩხაიძე