მიხეილ სარჯველაძე

1791546726

მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გერმანული კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ბერლინში, აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში, სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siemens Healthineers-ის წარმომადგენელს, დანიელ ფრიშს შეხვდა.კომპანია სამედიცინო დიაგნოსტიკის აპარატურის, ლაბორატორიული კვლევებისა და ჯანდაცვის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობს. ის სამედიცინო დაწესებულებებს დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს სთავაზობს.შეხვედრაზე მხარეებმა სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით არსებული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურისა და ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობას დაავადებების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკის სიზუსტისა და პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია ესწრებოდა.

მიხელ სარჯველაძე

1791546533

მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბერლინში, გერმანია–აღმოსავლეთ ევროპის ჯანმრთელობის მე-9 ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებზე, მედიკამენტების ფასების რეგულირებასა და პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე. აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს, ხოლო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ წამლის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდა.მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის ახალ მოდელზე, რომელიც პრევენციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ქრონიკული დაავადებების ეფექტიან მართვას ითვალისწინებს.მინისტრმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და სამედიცინო დაწესებულებებს, უნივერსიტეტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობებს. თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებად დასახელდა სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ქრონიკული დაავადებების მართვა, ინოვაციური მედიკამენტები, კლინიკური კვლევები და სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარება.შეხვედრას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯანდაცვა

1791531206

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხანდაზმულთა სოციალური პროგრამებისთვის 6 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს

 აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა სურმანიძემ და ზურაბ თენიეშვილმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.შეხვედრა აჭარაში ხანდაზმულთა მხარდაჭერისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხებს მიეძღვნა.ხანდაზმულთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.ხანდაზმულები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. გარდა ამისა ხორციელდება მათ საჭიროებებზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა. მათ შორისაა 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 5 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, გადაადგილებისა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სმენის აპარატების გადაცემა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა და ოსტეოპოროზის სკრინინგი და სხვა.აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.შეხვედრის მიზანს ხანდაზმულთა საჭიროებების განხილვა, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებზე მსჯელობა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა წარმოადგენდა.ღონისძიებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ხანდაზმულთა მხარდაჭერის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მხარეებმა სამომავლოდაც გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს და ხელი შეუწყონ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

მიხეილ სარჯველაძე

1791525975

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს საქართველოში ჟოაო ბრედას შეხვდა.შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში, სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის სერვისების ტერიტორიული დაფარვის გაფართოებაზე, მოსახლეობისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს მიწოდებასა და ამ მიმართულებით არსებული საჭიროებების გათვალისწინებაზე.მხარეებმა ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროცესში საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობები და ამ მიმართულებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

გრიპი

1791489725

ძლიერი სისუსტე, სიცხე, კუნთების ტკივილი - გრიპის ნიშნები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რესპირატორული ინფექციების გავრცელება აქტიურდება და გრიპიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სეზონური ინფექციაა. სპეციალისტები განსაკუთრებით ყურადღებას იმ სიმპტომებზე ამახვილებენ, რომლებიც გრიპისთვის არის დამახასიათებელი.გრიპი ხშირად უეცრად იწყება. ადამიანს შესაძლოა რამდენიმე საათში გამოუვლინდეს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი. ასევე ხშირია მშრალი ხველა, ყელის ტკივილი და ცხვირიდან გამონადენი.გრიპის დროს სისუსტე და ხველა ზოგჯერ უფრო დიდხანს გრძელდება, მაშინაც კი, როცა სიცხე და სხვა სიმპტომები უკვე შემცირებულია. უმეტეს შემთხვევაში ადამიანი დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელდება.განსაკუთრებით საყურადღებოა:სუნთქვის გაძნელება ან ქოშინიგულმკერდის მუდმივი ტკივილი ან წნევის შეგრძნებაძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა ან დაბნეულობა;გაუწყლოების ნიშნებიმდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სიცხის ან ხველის ხელახლა გაძლიერება.ბავშვებში საყურადღებო ნიშნებია გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, ტუჩებისა და სახის მოლურჯო შეფერილობა, გულმკერდის ჩაზნექა სუნთქვისას, ძლიერი გაუწყლოება ან უჩვეულო მოდუნება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დროული სამედიცინო შეფასება.გრიპის გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებში და გარკვეული ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში. WHO-ს მიხედვით, სეზონური გრიპისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად ვაქცინაცია მიიჩნევა.

მიხეილ სარჯველაძე

1791366932

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა და მიმდინარეობს მუშაობა, რათა მედიკამენტები პაციენტებისთვის რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი.„დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც განკუთვნილია დიუშენის მქონე პაციენტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. საუბარია ორ ინოვაციურ მედიკამენტზე -ჯივინოსტატსა და ვამოროლონზე - განაცხადა მინისტრმა.მისივე თქმით, ჯივინოსტატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, ხოლო დარჩენილი იყო ვამოროლონთან დაკავშირებული მოლაპარაკების ბოლომდე მიყვანა.„საბედნიეროდ, მოლაპარაკება დასრულდა წარმატებით. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტების გაცვლა. დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, რომ რეალურად, რაც შეიძლება სწრაფად, ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის ეს მედიკამენტები“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემმისივე განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის ჩართულობა.„ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაში. მინდა მადლობა გადავუხადო მას ამ ჩართულობისთვის და გადაწყვეტილებისთვის“ -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ ასევე ისაუბრა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტის ხელმისაწვდომობაზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ აღნიშნული დაავადების სამკურნალო პრეპარატი უკვე შეიძინა.„გასულ პერიოდში ჩვენს მიერ შეძენილ იქნა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის. ესეც წარმოადგენს ძალიან ვერაგ და მძიმე დაავადებას, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა“ - აღნიშნა მინისტრმა.მისივე თქმით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამაში დანერგვასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების დასარეგულირებლად მთავრობის სხდომაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება ამ საკითხის ირგვლივ, რაც უკავშირდება ლოჯისტიკური საკითხების დარეგულირებას - ვინ განახორციელებს მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება და ა.შ. საჭირო იყო მთავრობის დადგენილებით დარეგულირება, შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განისაზღვრება მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის სამედიცინო პერსონალის მომზადება, მედიკამენტის დანიშვნისა და გამოყენების მონიტორინგი და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება.“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.„გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტის მომტანი იყოს ამ მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამაში დანერგვა თითოეული პაციენტისთვის, რომელიც გამოიყენებს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ვარდისფერი ოქტომბერი

1791355023

კახა კალაძე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ისარგებლონ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით, რომელიც სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამით 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ  სრულიად უფასოდ ისარგებლონ.„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია ონკოლოგიური დაავადების პრევენციის მიზნით, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება. თბილისის მერია, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებში, სარძევე ჯირკვლის სკრინინგს აფინანსებს. პროგრამა ითვალისწინებს მამოლოგთან კონსულტაციას/გასინჯვას და მამოგრაფიულ კვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ბიოფსიური მასალის აღება და ციტოლოგია“, - განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ჯანმრთელობა უსურვა ყველას და აღნიშნა, რომ დაავადებასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიღება რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.„კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველას, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა, ისარგებლეთ ამ კვლევებით, რათა დაიცვათ თქვენი, თითოეული ქალის ჯანმრთელობა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რომლებიც პრევენციულ ხასიათს ატარებს, ამცირებს რისკებს და გაწვდით ინფორმაციას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სარძევე ჯირკვლის კიბო, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოა. შესაბამისად, დროული დიაგნოსტიკა და სიმპტომების გამოვლენამდე სკრინინგული კვლევის რეგულარულად ჩატარება, დაავადების განვითარებისა და ლეტალობის რისკის შემცირების წინაპირობაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერიის პროგრამას „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ დიდუბის, გლდანის, საბურთალოს და ვარკეთილის ფილიალების გარდა, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება ემსახურება.წლის დასაწყისიდან დღემდე სარძევე ჯირკვლის სკრინინგი 28 ათასამდე მოქალაქემ ჩაიტარა. დაფინანსდა 34 675 შემთხვევა. აქედან 97% „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის.

შავი ჭირი

1791139842

ირკუტსკში შავი ჭირისგან ლაბორანტი გარდაიცვალა - ექიმი მომხდარ ინციდენტსა და სავარაუდო რისკებს აფასებს

რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ირკუტსში მოქალაქე შავი ჭირისგან გარდაიცვალა. ექიმი გიორგი კანდელაკი ამ შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ ფაქტს შეიძლება მოჰყვეს.„საინფორმაციო პორტალების ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ირკუტსკში, რომელიც მდებარეობს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო“ ინსტიტუტში თანამშრომელს დაუზიანდა შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერიის (Yersinia pestis) კულტურის შემცველი კონტეინერი, რის შედეგადაც დაინფიცირდა შავი ჭირის ფილტვის (პნევმონიური) ფორმით და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. თითქმის 200 ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ საწყის ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი სუბიექტები არიან, იმყოფება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს სიმპტომები, თუმცა არ არის ცნობილი, რა ტიპის სიმპტომებზეა საუბარი და არის თუ არა ეს სიმპტომები კავშირში შავ ჭირთან.1972 წელს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა ბიოლოგიური იარაღის კონვენციას, რომელიც ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ამის შემდეგ, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიმართულებით კვლევები, რა თქმა უნდა, გრძელდებოდა როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე ამ იარაღის მფლობელ სხვა სახელმწიფოებშიც, ოღონდ უკვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შირმით. საბჭოთა კავშირში მსგავსი კვლევითი ინსტიტუტების ერთი ნაწილი ცნობილი იყო როგორც ე.წ. „შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ცენტრები“. ამ ცენტრების სამუშაო მიმართულებები და სპეციფიკა განსხვავებული იყო: ზოგიერთი მათგანი მართლაც თავდაცვით და ეპიდემიების კონტროლის საკითხებზე კონცენტრირდებოდა, თუმცა სხვები მუშაობდნენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე. ამ მხრივ საინტერესო დაავადებებს წარმოადგენდნენ შავი ჭირი, ჯილეხი, ყვავილი, მარბურგის ვირუსით გამოწვეული დაავადება და სხვა. ბიოლოგიური იარაღისთვის პერსპექტიული მიმართულებები იყო პათოგენის ვირულენტობის (ანუ დამაზიანებლობის) გაზრდა, ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობის გამომუშავება, ჰაერით ან აირ-წვეთოვნად გადაცემის პოტენციალის გაუმჯობესება და სხვა. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა შავ ჭირთან დაკავშირებითაც.შავი ჭირი გამოწვეულია ბაქტერიით Yersinia pestis, რომელიც წარმოადგენს მაღალი ლეტალობის პოტენციის მქონე ინფექციას. ის ბუნებრივად ვრცელდება ინფიცირებული მღრღნელებიდან ადამიანებზე რწყილების მეშვეობით. შუა საუკუნეებში სწორედ შავმა ჭირმა იმსხვერპლა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ცნობილი ეპიდემიების დროს. რწყილით გადაცემისას ის ტიპიურად იწვევს ე.წ. ბუბონურ ჭირს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ლიმფური კვანძების გადიდება (ე.წ. ბუბონები), დაჩირქება, სისტემური გავრცელება, სეფსისი და სიკვდილი. დისემინირებული ინფექციის დროს პაციენტების ნაწილს უვითარდება ფილტვის ფორმაც, რა დროსაც დაავადებამ უკვე შესაძლოა მიიღოს აირ-წვეთოვანი ან ჰაერით გადაცემის პოტენციალიც. ბუნებრივი ეპიდემიების დროს შავი ჭირის ფილტვის ფორმა და ამ გზით გადაცემა საკმაოდ იშვიათია. საპირისპიროდ ამისა, ბიოლოგიური იარაღის შემთხვევაში სწორედ ჰაერით/აირ-წვეთოვნად გადაცემაზეა ძირითადი აქცენტი და ხდება ბაქტერიების ისეთი ქვეტიპების შემუშავება, რომლებიც ეფექტურად გადაეცემა ამ გზით.ირკუტსკის ინციდენტის შესახებ გადამოწმებული დეტალები ძალზე მწირია.ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის დაწესებულებას წარმოადგენს ირკუტსკის შავი ჭირის კვლევითი ცენტრი. აღნიშნული ცენტრი შესაძლოა მუშაობს ველურ Y. pestis-ის შტამებზე, მათ მიმართ შეკავების ღონისძიებებზე და ა.შ., თუმცა ასევე შესაძლოა, სინამდვილეში ის წარმოადგენდეს ბიოლოგიური იარაღის კვლევით ცენტრს, რომლის ამოცანებს წარმოადგენს შავი ჭირის შტამების ლეტალურობის, სტაბილურობისა და დამცავი ღონისძიებების მიმართ გამძლეობის გაუმჯობესება. შესაბამისად, არ ვიცით შავი ჭირის რომელი შტამით დაინფიცირდა მკვლევარი და არც იმ კვლევის ბუნება, რომელსაც ის ატარებდა.ლაბორატორიის თანამშრომელში, ლაბორატორიის ტერიტორიაზე ბაქტერიული კულტურის კონტეინერის გატეხვით განვითარებული დაავადების ფილტვის ფორმის შესახებ ცნობები, მიუთითებს ინჰალაციის გზით დასნებოვნებაზე, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია და სხვა პოტენციური ალტერნატივები და სცენარებიც არ გამოირიცხება.გაურკვეველია ასევე, თუ რატომ გარდაიცვალა აღნიშნული ლაბორანტი. თუ ექსპოზიცია მართლაც კონტეინერის გატეხვის გამო მოხდა, მიღებული იქნებოდა მარტივი სტანდარტული ღონისძიებები (ანტიბიოტიკით პროფილაქტიკური მკურნალობა), რაც ტიპიურად ძალზე ეფექტურია და წესით, არათუ ლეტალური შემთხვევა, სიმპტომური დაავადებაც კი მაღალი ალბათობით არ უნდა გამოეწვია. ასეთ ვითარებაში ჩნდება ეჭვი, რომ ან საქმე უნდა გვქონდეს უკიდურესად მაღალი ვირულენტობის ან ანტიბიოტიკებისადმი პანრეზისტენტულ პათოგენთან — ბიოლოგიურ იარაღთან. თუ ამგვარ მაღალლეტალურ ბიოლოგიურ იარაღთან არ გვაქვს საქმე, მაშინ საწყისი ინფიცირების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა არ იყოს სწორი და გავრცელება მოხდა გაცილებით მასიური და უკონტროლო გზით, მაგალითად როგორიც იყო 1979 წლის სვერდლოვსკის ციმბირის წყლულის აფეთქება. სვერდლოვსკის ინციდენტის დროს მოხდა ლაბორატორიიდან გარემოში აეროზოლიზებული ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის (Bacillus anthracis) სპორების მშრალი ფხვნილის გაფრქვევა, რასაც მოჰყვა ირგვლივ მცხოვრები მოსახლეობის მასიური ინფიცირება ჯილეხის ფილტვის ფორმითა და მასიური სიკვდილიანობით.ასევე კითხვის ნიშნებს იწვევს კარანტინისა და იზოლაციის მასშტაბები. საქმე იმაშია, რომ ველური ტიპის ბაქტერიით ფილტვის შავი ჭირის შემთხვევების დროს შემდგომი გადამდებლობა შეზღუდულია, რადგან მისი ძირითადი რეპროდუქციული ინდექსი (R_0) შეადგენს 1.3-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი პაციენტები საშუალოდ მხოლოდ 1.3 მეორად ინფექციას გამოიწვევენ, რაც არაეფექტურია გავრცელებისთვის. 1.3-იანი R_0-ით მჭიდრო კონტაქტების 30%-ის წარმატებული იზოლაცია საკმარისია აფეთქების შესაკავებლად. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1–3 დღე, პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული სიმპტომური ხდება (განსხვავებით, მაგალითად, კოვიდის გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსისგან, რომელიც ძირითადად უსიმპტომო და ძალზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდა, რაც მკვეთრად ართულებდა კოვიდის დროს კარანტინისა და იზოლაციის ღონისძიებებს) და ანტიბიოტიკებით მკურნალობის გარეშე შავი ჭირის ფილტვის ფორმა პრაქტიკულად უნივერსალურად ლეტალურია (ანტიბიოტიკები ადრეულ სტადიაზე ძალზე ეფექტურია). ყოველივე ზემოთქმული ძალზე აიოლებს შავი ჭირის ფილტვის ფორმის ეპიდემიოლოგიურ კონტროლს. ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არის 200 ადამიანი იზოლირებული, რადგან სინჯარის გატეხვის ინციდენტი ცხადია, ლაბორატორიაში უნდა მომხდარიყო და თანაც — ლაბორატორიის ძალზე შეზღუდული დაშვების არეალში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით ირკუტსკის ლაბორატორიაში მუშაობს 90-მდე ადამიანი, ექსპოზირებული უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ რამდენიმე ლაბორანტი, რომელთაც BSL-3/4 დაშვება ექნებოდათ. აქედან გამომდინარე, იზოლირებულ ადამიანთა ძალზე დიდი რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ეპიდაფეთქების სხვა გზებზე და არა გაცხადებულ კონტეინერის ინციდენტზე. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა, თუ რა კონტიგენტია ძირითადად იზოლირებული: ლაბორატორიის თანამშრომლები ძირითადად (რაც კვლავ ლაბორატორიის შიდა ინციდენტზე მიგვითითებდა), თუ ქალაქის მოსახლეობა ლაბორატორიის ახლოს (ეს უკანასკნელი გავრცელების სხვა ტიპზე ან ბიოლოგიურ იარაღზე უფრო გვაფიქრებინებდა).საერთო ჯამში, ამ ეტაპზე ჩვენთან პანიკის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ტიპიურად, მსგავს სიტუაციებში უფრო მეტად ბანალური უსაფრთხოების წესების დარღვევასთან გვაქვს ხოლმე საქმე. შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა, რომ შეხება გვქონდეს მაღალვირულენტურ, ანტიბიოტიკების მიმართ უკიდურესად გამძლე და სწრაფად გავრცელებად ბაქტერიულ შტამებთან. თუ ეპიდაფეთქება გამოწვეულია სტანდარტული Y. pestis ველური შტამით, მისი ფართო გავრცელება აბსოლუტურად არარეალურია, მით უმეტეს, რომ ადგილზე საკმაოდ აგრესიული საკარანტინო და საიზოლაციო ღონისძიებები ხორციელდება.უახლოეს ხანებში, იმედია, გვექნება მეტი ინფორმაცია ადეკვატური დასკვნების გასაკეთებლად.“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

სარჯველაძე

1790932792

მიხეილ სარჯველაძე: „როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია“

„როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ ჰქონდა ადგილი გადაცდომას.როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას, სტანდარტული პროცედურაა, რომ ყველა ასეთი ზარი იწერება. ამის თაობაზე ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, სასწრაფოს ყველა თანამშრომლისთვის. ასეთი ზარები იწერება და, ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის თაობაზე ინფორმაციაც იყო.ჩემთვის, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია. ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები, ამას ყველა უნდა შეეგუოს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა, სადაც საქმის გარემოებები დეტალურად განიხილეს.„გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა. ჩამოსულები იყვნენ, შევხვდი და საკითხის ირგვლივ დეტალები გავიარეთ. დოკუმენტირებულად, პრაქტიკულად ყველა გარემოების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე. მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს უნდა თუ არა და რა ფორმას ირჩევს აღნიშნულისგან თავის დასაცავად.მე მგონია, რომ სრული შესაძლებლობა არსებობს, დეპერსონალიზებული სახით, ეს ინფორმაცია გავრცელდეს და საჯაროდაც ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის არჩევანი, რომელიც, სამწუხაროდ, თავად გააკეთა ბატონმა ჯუმბერმა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა. ამიტომ, რაც არ უნდა მაღალი ყოფილიყო აჟიოტაჟის ინტენსივობა, რეალურად არავითარი მიზეზი ასეთი აჟიოტაჟისთვის არ არსებობდა“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

1790929111

მიხეილ სარჯველაძე - „ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი. იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში“

„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად, განაცხადა უარი.იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც ემერჯენსის განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ჩავერიე მე პირადად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი, იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რა საკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილების არარსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პაციენტის მიღებაზე უარის თქმის მიზეზად კლინიკაში ადგილების დეფიციტის დასახელება საფუძველს მოკლებულია.„ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ, როგორ გააფორმა ეს ყველაფერი, რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი: პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, როდესაც ექიმი აცხადებს უარს, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას, ბუნებრივია, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით.ასე რომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება. მიზეზად დღეს იმის დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.„მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არავის ეს მისგან არ მოუთხოვია. მოთხოვნა დადგებოდა საკითხის შესწავლის შედეგად, თუკი გაირკვეოდა, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე. მან დაასწრო მოვლენებს და თვითონ გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ის მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ხანდაზმულთა დღე

1790862541

1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა

თარიღთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ მოადგილეებთან ერთად წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ხანდაზმულები მოინახულა და სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო.სამედიცინო აქცია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. მისი მიზანი ხანდაზმულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციების ადგილზე უზრუნველყოფა იყო.აქციის ფარგლებში, ბენეფიციარებმა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგის, გასტროენტეროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, დერმატოლოგის, რადიოლოგისა და ოფთალმოლოგის კონსულტაციები მიიღეს. საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაბამისი დამატებითი სამედიცინო მომსახურებაც გაეწიათ.ხანდაზმულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძეც შეუერთდა და აქციის ფარგლებში მიღებული მომსახურების თაობაზე ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში მცხოვრები ხანდაზმულებისგან მოისმინა ინფორმაცია.აჭარის რეგიონში, სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. მათი მთავარი მიზანია ხანდაზმულებისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და საჭიროებების შესაბამისად მხარდაჭერის უზრუნველყოფა.ამ მიმართულებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროგრამები მოიცავს: 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 5 000 ლარის ოდენობით, ხანდაზმულთა გადაადგილებისა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას, სმენადაქვეითებული მოქალაქეების სმენის აპარატებით უზრუნველყოფას, ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას, ოსტეოპოროზის სკრინინგს და სხვა საჭირო სერვისებს.გარდა მიზნობრივი პროგრამებისა, ხანდაზმულები სამინისტროს არაერთი პროგრამის პრიორიტული მოსარგებლეები არიან.

დონაცია

1790850462

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს აპარატისა და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.დონაციის აქცია შ.პ.ს. ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურ ბანკთან“ თანამშრომლობით გაიმართა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში 80-მდე კლინიკას ამარაგებს.სისხლის დონაციის აქციაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლები მრავალი წელია მუდმივად მონაწილეობენ და სხვადასხვა სისხლის ბანკთან თანამშრომლობით ხელს უწყობენ სისხლის ბანკის მარაგის შევსებას.

✕