მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ვლადიმერ პუტინი დღეს 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. სადღესასწაულო ფოიერვერკები არა მაგრამ, რაკეტები კი გაისროლეს წუხელ ღამით. მსოფლიოსგან ზურგშექცეული ოკუპანტი თავის დიდ კაბინეტში, ალბათ ერთგულ მარიონეტებთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს და მორიგ მზაკვრულ გეგმებზე ფიქრს არ წყვეტს. ეს რა თქმა უნდა ცემი პირადი აზრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენს ასე ფიქრობთ.
და რას ვუსურვებ იუბილარს? - სამწუხაროდ, აქ ეთიკისა და ზრდილობის ნორმების დაცვა მიწევს, ამიტომ „მისალოც“ ტექსტს ვერ დავწერ... მაგრამ ვისურვებ, მალე აუსრულდეს რასაც ვუსურვებ.
ახლა, მოკლედ გადავავლოთ თვალი მისი აღზევების და დაცემის ისტორიას
რუსი პოლიტიკოსი. 2012 წლიდან არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. მანამდე, 2000-2008 წლებში, ბორის ელცინის შემდეგ, ასევე იყო რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინი სხვადასხვა წლებში იყო რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, პრეზიდენტის საქმეთა ხელმძღვანელის მოადგილე. 1957-1990 წლებში მუშაობდა სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.
1999 წლის გაზაფხულზე, კრემლში „მემკვიდრეს“ ეძებდნენ. 26 მარტს ვლადიმირ პუტინი დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნად, თან ეფესბეს დირექტორის პოსტიც შეინარჩუნა. უკვე მაისის დამდეგისთვის ელცინმა გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლება პუტინისთვის გადაეცა.
საბჭოთა კაგებეს ჯაშუშობიდან სანქტ-პეტერბურგის ვიცემერობამდე, აქედან - უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსობამდე და ქვეყნის უპირობო ლიდერობამდე პუტინის კარიერა მართლაც შთამბეჭდავია.
2000 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმათა 52%-ით გაიმარჯვა. ეს იქნება პუტინის ყველაზე დაბალი შედეგი შემდეგი ოთხი საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში. 1999 ან 2000 წლის ზაფხულში ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ პუტინი ქვეყნის სათავეში 20 წლით დარჩებოდა და უკან ჩამოიტოვებდა ლეონიდ ბრეჟნევის რეკორდს.
33 წლის ვლადიმერ პუტინი მშობლებთან ერთად, მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში, 1985 წელი
ფოტო: flickr
ლენინგრადის ანდრეი ჟდანოვის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვლადიმირ პუტინი საბჭოთა სუკ-ის თანამშრომელი გახდა. ამ ორგანიზაციაში პუტინმა 15 წელს იმუშავა, მათ შორის 6 წელს - საგარეო დაზვერვის აგენტად აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ დრეზდენში. ინტერვიუებში პუტინს მრავალჯერ უთქვამს, რომ სუკ-ში მუშაობამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა და საკვანძო გამოცდილება შესძინა.
პუტინის ჯაშუშური, 15-წლიანი კარიერა ვიცეპოლკოვნიკის წოდებით 1991 წლის 20 აგვისტოს დასრულდა. სუკიდან წამოსვლის შემდეგ პუტინი ცოტა ხნით ალმა-მატერის პრორექტორი გახდა, თუმცა მალევე გადაინაცვლა საჯარო სამსახურში. 1991-1996 წლებში პუტინი სანქტ-პეტერბურგის მერიის საგარეო კავშირების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ამ დროს ქალაქის მერის პოსტს პუტინის დიდი ხნის ნაცნობი და უფროსი მეგობარი, ანატოლი სობჩაკი იკავებდა.
კითხვები პუტინის საქმიანობასთან დაკავშირებით მისი საჯარო კარიერის დასაწყისშიც აქტუალური იყო. პეტერბურგის მერიაში მუშაობის პერიოდში არაერთი ჩინოვნიკი ჰყვებოდა პუტინის მონაწილეობაზე კორუფციულ სქემებში.
ამ პერიოდში სანქტ-პეტერბურგი შიმშილის პირას იდგა. სწორედ ამ დროს მიიღეს გადაწყვეტილება, ქალაქში არსებული წიაღისეული ნედლეული გადაეცვალათ სურსათზე. ამ სქემის სათავეში კი, სწორედ პუტინის კომიტეტი იდგა. საქმე ისაა, რომ ძვირადღირებული ნედლეულის სანაცვლოდ ქალაქში შესული სურსათი არავის უნახავს. სახელმწიფო ქონების გაფლანგვის და მითვისების საქმეზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა დროთა განმავლობაში, საქმეში პუტინის წინაღმდეგ ჩართულმა ადამიანებმა თანამდებობები დაკარგეს.
1996 წელს პეტერბურგის მერის არჩევნებში ანატოლი სობჩაკი სასტიკად დამარცხდა და პუტინიც ცოტა ხანი უსამსახუროდ დარჩა. თუმცა, რამდენიმე თვეში იგი სამუშაოდ მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მმართველის პოსტი დაიკავა.
ატომური წყალქვეშა ნავის, კურსკის კატასტროფა, პრეზიდენტის რანგში პუტინის პირველ სერიოზულ გამოცდად იქცა. ბარენცის ზღვაში ტაქტიკური სწავლების დროს, წყალქვეშა ნავის ბორტზე რამდენიმე რაკეტა და საბრძოლო ტორპედო აფეთქდა, რამაც ხომალდის კატასტროფა გამოიწვია.
2000 წელი, მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო სწავლებებზე ბარენცის ზღვაში
ფოტო: AFP/Getty Images
კატასტროფის შესახებ მალევე გახდა ცნობილი და სხვადასხვა ქვეყანა რუსეთს სამაშველო ოპერაციაში დახმარებას სთავაზობდა, თუმცა, დახმარებაზე რუსეთმა უარი თქვა. კატასტროფის მომენტში ვლადიმირ პუტინი შვებულებაში, შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭში იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციის ადგილზე, მურმანსკში იგი ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა. ამ დროისთვის ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაღუპული იყო.
55 დაღუპული სამხედროს ადვოკატი ბორის კუზნეცოვი ამბობდა, რომ კურსკის ტრაგედია იყო პუტინის პირველი მასობრივი ტყუილი. "კურსკის ჩაძირვის შემდეგ, ხმაურიანი პროცესის დასაწყნარებლად რუსეთის ხელისუფლებამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და მედიის გაჩუმება სცადა". კუზნეცოვის თქმით, სწორედ კურსკის ტრაგედიიდან დაიწყო რუსეთში დემოკრატიის შესუსტების პროცესი.
რუსეთში მოკლული კრემლის კრიტიკოსის, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მემორიალი
ფოტო: РИА НОВОСТИ/Сергей Савостьянов
2000 წლიდან დღემდე რუსეთში საკუთარ პროფესიას 20-ზე მეტი ჟურნალისტი შეეწირა. უკლებლივ თითოეული მათგანი ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი იყო. დამოუკიდებელი მედიის გაკონტროლების მცდელობები რუსეთში პუტინის გაპრეზიდენტებიდან მალევე დაიწყო. სხვადასხვა მეთოდით, მოსყიდვით, დაშინებით, მფლობელების თუ ჟურნალისტების დაპატიმრებით, რუსეთში მედიაგარემო წლიდან წლამდე უარესდებოდა.
კრიტიკულად მცირდებოდა დამოუკიდებელი და კრიტიკული გამოცემებისა და ტელევიზიების რაოდენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება პუტინმა 2003 წლის გაზაფხულზე მოიპოვა, როდესაც ოლიგარქ გუსინკის საკუთრებაში არსებული ოპოზიციური მედია გიგანტი НТВ გაზპრომის საკუთრებაში გადავიდა. შეტევა თავისუფალი სიტყვაზე რუსეთში დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. არ არსებობს არც ერთი არასახელისუფლებო ნაციონალური მაუწყებელი.
სახელმწიფო რუსეთის მედიაბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ფედერალური ტელევიზიები და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები გადაქცეულია რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმირ პუტინის პროპაგანდის იარაღად.
ტყვეობიდან გათავისუფლებული ბესლანელი სკოლის მოსწავლეები
ფოტო: rferl.org
2004 წლის პირველ სექტემბერს, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის პირველ საჯარო სკოლაში ჩეჩენი ტერორისტები შეიჭრნენ. შემდეგი ორი დღის მანძილზე, ტერორისტების ტყვეობაში 1000-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა. მძევლების უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. ტერაქტის მთავარი ორგანიზატორი შამილ ბასაევი იყო, ტერორისტები ითხოვდნენ, ჩეჩნეთიდან გასულიყო რუსეთის სამთავრობო არმია და რუსეთს ეღიარებინა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა.
ორდღიანი ლოდინისა და შეუმდგარი მოლაპარაკაბების შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებით სკოლის შტურმი დაიწყო. ოპერაციის შედეგად, ცოცხლად აიყვანეს მხოლოდ ერთი ტერორისტი. ოპერაციის მსვლელობისას სულ 334 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათგან 186 - ბავშვი. დამოუკიდებელი გამოძიების აზრით, გარდაცვლილი ტყვეების არანორმალურად დიდი რიცხვი სამართალდამცავების არასწორი მოქმედებებით იყო განპირობებული. იგივე განაჩენი გამოიტანა ევროპულმა სასამართლომაც, თუმცა რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ბრალეულობას დღემდე უარყოფს.
ოკუპანტების შემოსვლა საქართველოში
2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენები რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ერთერთ პირველ ცხელ კერად იქცა. საქართველოს ოფიციალური საგარეო კურსი და ქვეყნის სწრაფვა ნატოსკენ, რუსეთისთვის მიუღებელი იყო. საქართველოს და რუსეთს შორის პოლიტიკური ვითარება 2005 წელს დაიძაბა. 2006 წელს რუსეთმა საქართველო ერთგვარ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქცია.
რუსეთში აიკრძალა ქართული პროდუქციის იმპორტი, დროის მოკლე მონაკვეთში 100%-ით გაიზარდა რუსული გაზის ტარიფი საქართველოსთვის, შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა, ყველაფერი რუსეთიდან ქართველთა მასობრივი დეპორტაციით დასრულდა.
2008 წლის გაზაფხულზე რუსეთის დუმაში შევიდა კანონპროექტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამავე პერიოდში რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა და გაზარდა რუსული ჯარის კონტიგენტი როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე, აფხაზეთშიც.
საბოლოოდ, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთი ღია სამხედრო აგრესიაზე გადავიდა. ხუთდღიანი ბრძოლების შემდეგ, 12 აგვისტოს, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად საომარი მოქმედებები შეწყდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
2012 წელს ძალაუფლების ფასადური ცვლილების კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, დმიტრი მედვედევმა პრემიერის პოსტი დაიკავა, ხოლო ვლადიმირ პუტინი კვლავ პრეზიდენტის ოფისს დაუბრუნდა.
ვლადიმერ პუტინი შვებულებაში 2009 წელი ციმბირის ოლქის ქალაქი კიზილი
ფოტო: Alexey Druzhinin/AFP/Getty Images
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად რუსეთის დიდი ქალაქები პროტესტის ტალღამ მოიცვა.
დემონსტრანტები საპარლამენტო არჩევნების მასობრივ გაყალბებას და საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ამავდროულად, 4 წლიდან 6 წლამდე გაიზარდა საპრეზიდენტო ვადის ხანგრძლივობა. 2011 წლის დეკემბრიდან 2013 წლამდე საპროტესტო აქციებმა რუსეთში პერმანენტული ხასიათი მიიღო.
საბოლოოდ, პროტესტის ტალღა მომიტინგეთა მასობრივი დაჭერებით და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებით დასრულდა.
სოჭის ოლიმპიადის დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყირიმში მწვანე უნიფორმიანი, ყოველგვარი ამომცნობი ნიშნების გარეშე, რამდენიმე ათასი შეიარაღებული პირი გამოჩნდა. "მწვანე კაცუნებმა" რამდენიმე დღეში დაიკავეს ყირიმისა და სევასტოპოლის ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა.
უცნობი შეიარაღებული პირების ყირიმში შეჭრიდან რამდენიმე დღეში, ყირიმში საერთო ნაციონალური რეფერენდუმი გაიმართა. რეფერენდუმზე მოსახლეობას უნდა დაეფიქსირებინა პოზიცია, სურდა თუ არა ყირიმის დაბრუნება რუსეთის შემადგენლობაში. 2014 წლის 16 მარტს რეფერენდუმის შედეგით ყირიმი უკრაინას გამოეყო. ამავე დღეს ვლადიმირ პუტინმა დუმას მიმართა. მან რეფერენდუმის შედეგების რატიფიცირება და რუსეთის შემადგენლობაში ორი ახალი სუბიექტის, ყირიმის ოლქისა და ქალაქ სევასტოპოლის მიღების განკარგულება გამოსცა.
ყირიმის ანექსიამ, ბუდაპეშტის მემორანდუმის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევამ, უკიდურესად გაამწვავა ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის. ყირიმის ანექსიიდან მალევე, დაიწყო საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრებმა სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დროიდან დღემდე საომარ მოქმედებებს უკრაინაში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
ვლადიმერ პუტინი შვებულებაში, სამხრეთ ციმბირი 2018 წელი
ფოტო: Alexey Nikolsky/AFP/Getty Images
2018 წლის მარტში ვლადიმირ პუტინმა მეოთხედ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მის წინაშე ერთპიროვნული მმართველობის კიდევ 6 წელია, თუმცა ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშივე ახალი პრობლემები გაჩნდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთზე დაკისრებულმა საერთაშორისო სანქციებმა მნიშვნელოვნად შეაფარხა რუსეთის ეკონომიკური ზრდა, რის შედეგედაც საგრძნობლად შემცირდა პუტინის რეიტინგი.
2019 წლის ზაფხულში, პუტინის რეიტინგი დაახლოებით 60%-ია. მოსკოვის საკრებულოს არჩევნების ფონზე წარმოიშვა მძლავრი საპროტესტო ტალღა. დემონსტრანტების დიდი ნაწილი 20 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ, ანუ ის ხალხი, ვისაც, პუტინის რეჟიმის გარდა, სხვა ფორმაციის რუსეთში არც უცხოვრია.
2020 წლის 15 იანვარს სატელევიზიო მიმართვის დროს, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც იმ დღესვე რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა. მალევე ნათელი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაუფლების მორიგი ტრანსფერისთვის იყო საჭირო, თუმცა საწყის ეტაპზე უცნობი იყო, თუ რა პოსტს დაიკავებდა უმაღლესი ლიდერი.
დილემა საბოლოოდ, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით გადაწყდა. დუმაში პუტინის ვიზიტის დროს, ტერეშკოვა პრეზიდენტისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების წინადადებით გამოვიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა დუმამ და კონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომაც.
საბოლოოდ, პუტინისთვის ვადების განულება სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან სარეფერენდუმო პაკეტში შევიდა. კენჭისყრის დღედ თავდაპირველად 22 აპრილი დაინიშნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თარიღმა ჯერ გადაიწია, შეიცვალა ხმის მიცემის ფორმატიც.
საბოლოოდ, ოფიციალური მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა მხარი, ამგვარად ვლადიმერ პუტინს კიდევ ორჯერ შეეძლება პრეზიდენტობა.
რუსეთში მმართველობის ხანგრძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით დაუძლეველია იოსებ სტალინის 27-წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდის გაუმჯობესებისთვის პუტინს მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა არ ეყოფა, უპირობო რეკორდსმენობისთვის კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება საჭირო.
2022 წლის თებერვაშლი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, სწორედ ეს სვლა გახდა საბედისწერო დიდი იმპერიის ერთპიოვნული მმართველისთვის. მიუხედავდა იმისა, რომ ამ დროისთვის ანექსირებული აქვს ოთი რეგიონი. ოკუპანტი კუთხეშია მიმწყვდეული. რუსეთი იშვიათად ან შეიძლება არც არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული და გარიყული საერთაშორისო თანამეგობრობიდან.
კრემლის ოკუპანტ ლიდერს მრგვალი თარიღის აღნიშნვა უწევს მაშინ, როცა ის თავისი მრავალწლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყველაზე უფრო მძიმე გამოწვევების წინაშე დგას, როცა ორ ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე მონაპოვარი მან მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ ძვირადღირებულ და რთულ ომში დადო ფსონად.
გამარჯვების იმედით, უკრაინაში შეჭრილი ოკუპანტები, ყოველდღიურდა იხევენ უკან. რუსეთიდან ხალხი გარბის. პუტინი რამდენიმე ერთგული მარიონეტის იმედად რჩება. ევროკავშირის ქვეყნები და აშშ სანქციებს სანქციებზე აწესებენ. ამის პარალელურად პუტინი უკანასკნელ ძალებს არ იშურებს და ევროპას ჰპირდება, რომ მგლის კუდით გაყინავს. მან პირველის სვლას გააკეთა. გაზის ვენტილი გადაკეტა. თუმცა, აქაც იმედი გვაქვს, რომ ევროპას არ გაიყინება.
ახლა ოკუპანტი პუტინი ერთადერთ ძალას ებღაუჭება. მსოფლიოს ბირთვული იარაღის გამოყენებით აშანტაჟებს და არც არავინ იცის, რეალურად როგორ დასრულდება ეს ბინძური თამაში.
ერთადერთი, რაზეც ცივილური სამყარო ოცნებობს, ეს პუტინის რეჟიმის დასრულებაა და ჩვენ, ოკუპირებული ქვეყნის შვილებიც, ვიმედოვნებთ, რომ ეს დღე ძალიან მალე დასრულდება...
სტატია მომზადებულია ვიკიპედიაზე და ინტერნეტწყაროებზე დაყრდნობით