პუტინი ბირთვულ ღილაკს მაშინ დააჭერს თითს, როცა... - ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

პუტინის ბირთვული იარაღი

„ვლადიმერ პუტინი თუ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას მძიმე შედეგები ექნება რუსეთისთვის“,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ბირთვული რიტორიკა სახიფათოა და „ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება შეცვლის უკრაინის კონფლიქტის ხასიათს“.

„ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და არასოდეს უნდა აწარმოო. ეს არის გზავნილი, რომელსაც ნატო და ნატოს მოკავშირეები ნათლად გადასცემენ რუსეთს. დასავლეთის საუკეთესო პასუხი პუტინისთვის იყო იმის გაგრძელება, რასაც აკეთებს ახლა: უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების მიწოდება. ეს არის საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ შეძლოს რეალურად გაათავისუფლოს და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ლიმანში წინსვლა ადასტურებს, რომ უკრაინელები პროგრესირებენ და შეუძლიათ რუსული ძალების უკან დახევა მათი გამბედაობის, სიმამაცისა და უნარების გამო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე იმ მოწინავე იარაღის გამო, რომელსაც აშშ და სხვა მოკავშირეები აწვდიან. და ეს ყოველ დღე ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სტოლტენბერმა.

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორის, დევიდ პეტრეუსის განცხადებით, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ უკრაინაში რუსეთის არმიას და შავი ზღვის ფლოტს გაანადგურებს.

"აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის ჯარებსა და აღჭურვილობას უკრაინაში - ასევე ჩაძირავენ მის შავი ზღვის ფლოტს - თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

უბრალოდ, ჰიპოთეტურად რომ გითხრათ, ჩვენ ვუპასუხებდით NATO-ს - კოლექტიური ძალისხმევის ხელმძღვანელობით, რომელიც ამოიღებს ყველა რუსულ კონვენციურ ძალას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ამოვიცნობთ ბრძოლის ველზე უკრაინაში და ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში," - თქვა პეტრეუსმა.

რამდენად დიდია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უკრაინაში

 

 რა თქვა პუტინმა ბირთვულ იარაღზე.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ორი მკაფიო გაფრთხილება გააკეთა. პირველის მისამართს ნატო წარმოადგენს. პუტინმა დაუსაბუთებლად განაცხადა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას აპირებსო და ამ დროს აღნიშნა, რომ რუსეთს უფრო ძლიერი იარაღი აქვს. მინიშნება გასაგებია. მართალია, ნატო კრემლს არ ემუქრება, მაგრამ მოსკოვი წინასწარ მაინც აცხადებს, რომ მას შეუძლია ნატოს ბირთვულ დარტყმაზე იგივე დარტყმით უპასუხოს.

მეორე გაფრთხილებას უფრო ზოგადი ხასიათი აქვს - "რუსეთი ყველა შესაძლებლობით ისარგებლებს თავისი ტერიტორიის დაცვისთვისო". ვინ არის ამ განცხადების ადრესატი? ალბათ, ამ შემთხვევაში აუდიტორია მხოლოდ ნატოს წევრებით არ შემოიფარგლება.

 არის თუ არა რაიმე ახალი ამ გაფრთხილებით რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში?


პირველ გაფრთხილებაში არაფერი ახალი არ არის. კრემლის სამხედრო დოქტრინებში დიდი ხანია ნათქვამია, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას საპასუხო დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს, მის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების დროს. პუტინის განცხადება ტრადიციულ ჩარჩოებში ჯდება, რომლის მიზანი ნატოს შეკავებაა - ალიანსი რუსეთის მოქმედებებში არ უნდა ჩაერიოს.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომლის ფონზეც პუტინის გაფრთხილება გაისმა - "რეფერენდუმები", რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მიმდინარეობს, ამ ტერიტორიების რუსეთთან მიერთების მიზნით. რა თქმა უნდა, "რეფერენდუმები" და ხმის მიცემა უკანონოა და ეწინააღმდეგება როგორც უკრაინის სამრთლებრივ ნორმებს, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობა მაინც მხარს დაუჭერს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ანუ იგივე მოხდება, რაც 2014 წელს ყირიმის შემთხვევაში მოხდა.

გავრცელდება თუ არა ვლადიმერ პუტინის ბირთვული გაფრთხილება ზემოთ ჩამოთვლილ ტერიტორიებზე? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ უკრაინა აღნიშნული ოლქების დაბრუნებას შეეცდება, მაშინ, რადგანაც ისინი კრემლს უკვე თავისად ექნება გამოცხადებული, კიევის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს გაზრდის.

 რა პრაქტიკული ვარიანტები აქვს რუსეთის პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად?

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ პუტინი იმ სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული არსენალით ისარგებლებს, რომელიც აშშ-სთვის დარტყმის მისაყენებლად არის გამიზნული. უეჭველია, რომ ისიც უფრთხის აპოკალიფსური ატომური ომის პროვოცირებას, მაგრამ პუტინს შეუძლია ფსონი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღზე დადოს. ასეთ ატომურ მუხტს ნაკლები სიშორე და სიმძლავრე აქვს, მაგრამ უკრაინას და მის დასავლელ მოკავშირეებს მაინც შოკში ჩააგდებს, აიძულებს დასავლეთს უკრაინის დახმარებაზე და კონფლიქტის გაგრძელებაზე უარი თქვას, რუსეთის მიერ წაყენებული პირობების გათვალისწინებით.

გაურკვეველია, თუ როგორ გამოიყენებს კრემლი ასეთი სცენარით ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. ჯერ-ჯერობით მოსკოვი მხოლოდ ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლება, რუსი ექსპერტების მტკიცებით კი, რუსეთს უკრაინის მსგავს ლოკალურ კონფლიქტებში გამარჯვება შეუძლია. ასე რომ, მათი აზრით, ამჯერად ბირთვული ესკალაციიის აუცილებლობა არ დგას.

და მაინც, შევეცადოთ და სცენარი შევადგინოთ, თუ როგორი წესით შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ბირთვული იარაღი.

რუსეთს შეუძლია განახორციელოს "საჩვენებელი" მიწისქვეშა ან მიწისზედა საჰაერო ბირთვული აფეთქება, მაგალითად, თავის არქტიკულ პოლიგონზე, კუნძულ ახალ მიწაზე. მოსკოვს ასევე შეუძლია საჩვენებელი დარტყმა მიაყენოს უკრაინის რომელიმე დაუსახლებელ რაიონს, მაგალითად, შავ ზღვაში. კრემლს შეუძლია შეუტიოს რომელიმე დიდ სამრეწველო ობიექტს ან რომელიმე პატარა უკრაინულ ქალაქს. ვლადიმერ პუტინს შეუძლია ეს ნაბიჯები რიგ-რიგობით, თანმიმდევრულად გადადგას, რომ უკრაინას მათი გაცნობიერების დრო ჰქონდეს, დამარცხების აღიარების მიზნით, ხოლო დასავლეთს - შეეშინდეს უკრაინის მაგალითით, უკან დაიხიოს, უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე და კაპიტულაცია განაცხადოს.

 რა რეაგირებას მოახდენს მსოფლიო?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პუტინის გეგმები ასეთი სცენარებს მართლაც ითვალისწინებს, ბირთვული იარაღის გამოყენება მისთვის და მისი რეჟიმისათვის უდიდეს რისკთან არის დაკავშირებული. სრულიად გასაგებია, რომ რუსეთი კიდევ უფრო მძიმე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდება, საერთაშორისო ურთიერთობებიდან გაირიყება.

პუტინი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინა დანებდება, ან დასავლეთი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე. მაშინ მას ორი ვარიანტი რჩება: ომის ესკალაცია ან თავისი წინასწარ განწირული ავანტიურის საბოლოო ჩაფუშვა. უკრაინის, აშშ-სა და ნატოს ამჟამინდელი მოქმედება სულაც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ისინი მზად არიან უკან დასახევად.

თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, პუტინი თავისი ნაბიჯით 77-წლიან ტაბუს დაარღვევს. მსოფლიო შეძრწუნდება, გამოიწვევს კრემლის მოქმედების დაგმობის ტალღას და რუსეთის იმაზე უფრო მკაცრ ეკონომიკურ იზოლაციას, ვიდრე დღესაა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ დასავლეთსაც შეუძლია რუსეთს საპასუხო ბირთვული დარტყმა მიაყენოს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე გააკეთა შესაბამისი გაფრთხილება: "ჩვენი პასუხი ისეთი იქნება, რასაც რუსები გააკეთებენ". თუმცა აუცილებელი არაა, რომ დასავლეთის პასუხიც ბირთვული იყოს. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ შეიძლება აშშ-ის პასუხი გამანადგურებელ ოფიციალურ კიბერშეტევაში გამოიხატოს ან აშშ-ის არმიის ლოკალურ ჩარევაში უკრაინის ტერიტორიაზე.

 ვინ იღებს გადაწყვეტილებას რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე?

ვლადიმერ პუტინს ამ საკითხში უსაზღვრო უფლებამოსილება არ აქვს. რუსეთს სამი ბირთვული ჩემოდანი აქვს, რომელთაგან ერთი პრეზიდენტის ხელშია, მეორე თავდაცვის მინისტრს (სერგეი შოიგუს) აქვს და მესამე - გენშტაბის უფროსს (ვალერი გერასიმოვს). ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ძალების ასამოქმედებლად აუცილებელია, რომ პრეზიდენტს ჩემოდნის მეორე და მესამე მფლობელიც დაეთანხმოს.

გაუგებარია, ვრცელდება თუ არა ეს შემზღუდავი წესი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ იარაღზე. ანალიტიკოსების მტკიცებით, რუსეთის არმიის სარდლობას ფორმალურად ვეტოს უფლება არ აქვს, ისინი თვითონ გეგმავენ და აკონტროლებენ დარტყმების პრაქტიკულ მიყენებას, მაგრამ რადგანაც ასეთი იარაღის გამოყენება მათ დაევალებათ, [თეორიულად უარი შესაძლებელია]. თუმცა ძალიან სარისკოა იმის დაჯერება, რომ რუსი ოფიცრები უარს იტყვიან ბრძანების შესრულებაზე.

ავტორი: ნანა ჩხაიძე