1764264730
ექსკლუზივი: "დილით, გაღვიძება მიხარია..." - ნინი ქარსელაძის პირად ცხოვრებაში სიახლეა
მომღერალ ნინი ქარსელაძის ცხოვრებაში ბედნიერების ეტაპი დადგა. როგორც "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას ნინიმ განაცხადა მას სიახლეები აქვს, როგორც პირადში ასევე, კარიერულ ცხოვრებაშიც, თუმცა მეტი დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. ნინიმ მარიკა თხელიძესთან და “ქუჩის ბიჭებთან” ერთად სიმღერა ჩაწერა, რომელზეც კლიპიც გადაიღო.
- ნინი, გვიამბეთ თქვენი, მარიკას და “ქუჩის ბიჭების” ახალი ნამუშევრის შესახებ...
- ბოლო პერიოდში სიახლე ის არის, რომ წლების შემდეგ მე და მარიკამ გადავიღეთ პირველი კლიპი. ასე ვთქვათ ჩვენი დებიუტი იყო ამდენი წლის შემდეგ. სიმღერას ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს, რასაც შეტყობინებებიც მოწმობს. მელოდიური სიმღერაა, რომლის ტექსტზეც ირინა სანიკიძემ იმუშავა. ასევე განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი გიგა კუხიანიძეს, კობა მესხიას და ალეკო ბერძენიშვილს.
- სიმღერაზე და კლიპზე მუშაობისას, ვინ იყო განსაკუთრებით პრეტენზიული?
- ალბათ მე და მარიკა ვიყავით. ეს იმიტომ რომ დიდი ხანი სიახლე არ შეგვითავაზებია ჩვენი მაყურებლისთვის.
- საუბრისას აღნიშნეთ, რომ რამდენიმე წელი არ შეგითავაზებიათ მსმენელისთვის ახალი ნამუშევარი, მუზა არ მოდიოდა, აზრს ვერ ხედავდით ახალი სიმღერების თუ რა იყო მიზეზი?
- მე მაინც მგონია მუზა არ იყო. როცა ახალ სიმღერას აკეთებ შენს გულს უნდა ემღერებოდეს. ამ წლებმა საკმაოდ დამხია უკან.
- ვიცი, რომ რთული პერიოდი გაიარეთ, ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?
- ახლა ყველაფერი ძალიან კარგად არის. ძალიან ბევრი სიახლე მაქვს, როგორც კარიერულად, ასევე პირად ცხოვრებაშიც. ბევრი წლის შემდეგ თამამად შემიძლია ვთქვა, დილით გაღვიძება მიხარია. ამის მიზეზი ბევრი რამ არის. ახალ სიმღერაზეც ვფიქრობ, მაქვს რამდენიმე ვარიანტი და აუცილებლად შევარჩევ. ჩემი ბედნიერების მთავარი მიზეზი კი ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
- ხათუნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, დაგენგრათ ოჯახი, ვინ დაგეხმარათ ამ მძიმე პერიოდის გადატანაში?
- ერთადერთი გზა რომელიც ყველა სირთულეს გადაგატანინებს და სიცოცხლის უნარს არ დაგიკარგავს არის ღმერთი. ქარელში მყავს მამაო, მამა ანუბი, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი მან და ლოცვამ გადამატანინა. სამწუხაროდ, გადავდგი ისეთი ნაბიჯი, რომელიც არ უნდა გადამედგა. მოვხვდი იქ, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი. მაგრამ ეს უკვე წარსულია და დღეს მთავარი ის არის, რომ ისევ ისე მყარად ვდგავარ ფეხზე და ვაგრძელებ ცხოვრებას. ახლა ის პერიოდი მაქვს, რომ ყველაფრის კეთება მიხარია, მთავარი ცხოვრებაშიც ეს ყოფილა. დაელოდეთ ბევრ ახალ, ლამაზ სიმღერას და სიახლეს. მინდა ვისარგებლო თქვენთან საუბრით და მთელს საქართველოს წინასწარ მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო ღვთის წყალობა, ბედნიერება და ულევი სიხარული! და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა!














