ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდას გეგმავს

1794229310

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდას გეგმავს

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიამ, „ყაზტრანსოილმა“ და ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, „შევრონმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს.აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრა ასტანაში გაიმართა.მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ „ყაზტრანსოილის“ გენერალური დირექტორი არმან კასენოვი და „შევრონ ევრაზიის“ კომერციული მიმართულების გენერალური მენეჯერი ჰაფიზ ნასარი.განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი „თენგიზშევროილის“ მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება იყო როგორც ყაზახეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემით, ისე ბათუმის ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.მხარეებმა ასევე განიხილეს არსებული თანამშრომლობა და მისი გაფართოების პერსპექტივები.აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 18 მილიონ 857 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა.ამავე პერიოდში „ყაზტრანსოილმა“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებით ნავთობის გადაზიდვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24 პროცენტით, მილიონ 164 ათას ტონამდე გაზარდა.მედიის ცნობით, ყაზახეთი გეგმავს, 2027 წლისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტი წლიურად მილიონ 700 ათას ტონამდე გაზარდოს.

ნათია თურნავა

1794214563

ნათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი განმარტებით, ეროვნული ბანკის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, მომდევნო წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2027 წლის მეორე ნახევრიდან მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გლობალურად მიმდინარე მოვლენებზე, განსაკუთრებით კი საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასებზე. შესაბამისად, პროგნოზი ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასტაბილურებისა და კონფლიქტიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი განეიტრალების დაშვებას ეფუძნება.  ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით გაურკვევლობა კვლავ მაღალია და ინფლაციური რისკები მწვავე რჩება. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით,  იმ შემთხვევაში  თუ საგარეო შოკების გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზე აისახება და მეორე რაუნდის ეფექტების რისკი გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.  „ჩვენი მიზანია, რომ მას შემდგომ, რაც საგარეო შოკების გავლენა ამოიწურება, ინფლაცია სწრაფად დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აღნიშნა  ნათია თურნავამ. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნების ტენდენცია გამოიკვეთება, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად შემცირებისა და ნეიტრალურ დონემდე მიყვანის შესაძლებლობა ექნება.

ირინა გორდელაძე

1793974839

ირინა გორდელაძე: BARTA-ს ჯილდო კომპანიის ხარისხისა და ნდობის მაჩვენებელია

მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე აცხადებს, რომ „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) ფლობა კომპანიის ხარისხისა და ნდობის მაჩვენებელია.როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, BARTA-ს მიზანია, წაახალისოს კომპანიები, რომლებსაც აქვთ ამბიცია და ინტერესი, კორპორაციული ანგარიშგება გააუმჯობესონ.„ამ წლების განმავლობაში BARTA ჩამოყალიბდა, როგორც გარკვეული სტანდარტი ქართულ ბიზნესში და უკვე აღიარებაც მოიპოვა. BARTA-ს ჯილდოს ფლობა კომპანიების ხარისხისა და ნდობის მაჩვენებელია. შეიძლება კომპანიამ რომელიმე წელს ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ მას ეძლევა შესაძლებლობა, BARTA-ს ჟიურის თვალით შეაფასოს თავისი ანგარიშგება და დაინახოს, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა მომდევნო წლებში BARTA-ს ჯილდო მოიპოვოს. ქულები თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ვებგვერდზე. განაცხადებს 10 ნოემბრამდე ველოდებით“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.მისი თქმით, BARTA-ს კონკურსის მიმართ კომპანიების რაოდენობა და ინტერესი სტაბილურად იზრდება.„განაცხადები უფრო მეტად იმ კომპანიებისგან არის შემოსული, რომლებიც BARTA-ს ერთგული მონაწილეები და, რიგ შემთხვევებში, გამარჯვებულებიც არიან. ასევე, სასიხარულოა, რომ განაცხადები ახალი კომპანიებისგანაც მივიღეთ. ზუსტ რაოდენობაზე საუბარი რთულია, რადგან განაცხადების მიღების ვადა ჯერ არ დასრულებულა. ხშირად ხდება, რომ ბოლო დღეს ბევრი განაცხადი შემოდის“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირებსა და მსხვილ კომპანიებს.რაც შეეხება კრიტერიუმებს, ირინა გორდელაძის განმარტებით, მთავარი მოთხოვნაა, კომპანიას ჰქონდეს ხარისხიანი ანგარიშგება და აუდიტის დასკვნა არ იყოს მოდიფიცირებული.„ეს ის ფილტრებია, რომლებსაც ჟიური პირველ რიგში შეამოწმებს. თუ აუდიტის დასკვნა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შემდეგ მოხდება ქულების განაწილება და კომპანია კონკურსში მონაწილეობას მიიღებს“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.მისი შეფასებით, მსგავსი კონკურსების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.„ეს უკვე მერვე წელია, შვიდი კონკურსი ჩატარდა. წლების განმავლობაში ამ კონკურსსა და კომპანიების ანგარიშგების ხარისხს ვაკვირდებოდი. რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება და ამის დასკვნის გაკეთება სხვადასხვა მეთოდით შეგვიძლია. პირველი არის ჟიურის მიერ მინიჭებული ქულები. კომპანიებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მონაწილეობენ, პირველ წელთან შედარებით, ქულები საგრძნობლად აქვთ გაუმჯობესებული. დინამიკა ძალიან თვალსაჩინო და მზარდია.გარდა ამისა, კომპანიები პირდაპირ სვამენ კითხვას, თუ რისი გაუმჯობესება შეუძლიათ და იღებენ შესაბამის უკუკავშირს. როდესაც მომდევნო წელს ანგარიშებს წარადგენენ, ისინი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. BARTA იმისთვის არის დაარსებული, რომ წაახალისოს კომპანიები, რომლებსაც აქვთ ამბიცია და ინტერესი, კორპორაციული ანგარიშგება გააუმჯობესონ“, – განაცხადა ირინა გორდელაძემ.შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

გემიფესტი

1793967421

ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაული“ - სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალის „გემოფესტის“ შესახებ წერს

პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს - „გემოფესტს“ სტატია მიუძღვნა. გამოცემის შეფასებით, გასტრონომიული ფესტივალი, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლიდან ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ატარებს, „ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაულია".მასალა სათაურით „გემოფესტი - თქვენი პირადი გზამკვლევი ქართველი ხალხისა და ქართული კულინარიის აღმოსაჩენად“ მკითხველს საქართველოს რეგიონულ კულინარიულ ტრადიციებზე, ადგილობრივ კერძებსა და მეღვინეობის კულტურაზე მოუთხრობს.პუბლიკაციაში აღწერილია საქართველოს სხვადასხვა მხარის კერძები: სვანური კუბდარი და თაშმიჯაბი, აჭარული ხაჭაპური და სინორი, მეგრული ხაჭაპური, მესხური ამბარი, თუშური ტრადიციული კერძები და სხვ. ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს ფესტივალის მთავარ ფასეულობას - ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს ინარჩუნებენ და აცოცხლებენ.„გემოფესტის ინოვაციური გასტრონომიული ფესტივალის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი კერძები და ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას მსოფლიოში განთქმული ქართული სამზარეულო“ - აღნიშნულია სტატიაში. პუბლიკაციის მიხედვით, ფესტივალი სტუმრებს აცნობს არა მხოლოდ ადგილობრივ გემოებსა და ღვინოებს, არამედ უნიკალურ ისტორიებსა და ტრადიციებს პირადად ადგილობრივი შეფ-მზარეულებისგან, მეღვინეებისგან, ხელსაქმის ოსტატებისა და საოჯახო მეურნეობებისგან.სტატიაში საუბარია ფესტივალის კულტურულ პროგრამაზეც, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ისე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების თუ დიჯეების მონაწილეობით გამართულ საღამოებს.ჟურნალ "Wanderlast"-ის ნომერი, რომელშიც გემოფესტის შესახებ სტატიაა გამოქვეყნებული,  ლონდონში World Travel Market 2026  ვიზიტორებს  დაურიგდათ. მასშტაბურ, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მისი გავრცელება საქართველოს უნიკალურ გასტრონომიულ პოტენციალს საერთაშორისო ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს აცნობს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის გასტრონომიული მიმართულების პოპულარიზაციას.

„ჯორჯიან კაპიტალ თრეველი“

1793962439

 „ჯორჯიან კაპიტალ თრეველი“: “ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული მიმართულებაა“

დიდი ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში World Travel Market 2026, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად,  საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორის 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.ტურისტული კომპანია „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენლის, მარიამ ტიგინაშვილის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები კერძო კომპანიას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება.„ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას ხელს უწყობს როგორც თბილისსა და ლონდონს შორის არსებული პირდაპირი რეისები, ისე ლონდონში განთავსებული საქართველოს სარეკლამო ბანერები, რის შედეგადაც ქვეყნით მეტი ტურისტი ინტერესდება“,  - აღნიშნა  “ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენელმა.

Gorgeous Trips-ის წარმომადგენელი

1793958479

Gorgeous Trips-ის წარმომადგენელი: „ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა"

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთდ, 20-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.ტურისტული კომპანია „Gorgeous Trips“-ის წარმომადგენელი ლელა ქორჩილავას თქმით, WTM London და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტი მოგზაური მოიზიდოს დასავლეთის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.„ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე ვიმყოფებით და ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს მეტი ტურისტი დასავლეთიდან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობა დიდი წარმატებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული ვიზიტორი მოვიზიდოთ დასავლეთიდან და, კერძოდ, დიდი ბრიტანეთიდან” - აღნიშნავს ლელა ქორჩილავა.

Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი

1793954791

ისრაელის წამყვანი ტუროპერატორის Skideal-ის აღმასრულებელი დირექტორი: „საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას შორის, საქართველო ჩვენთვის N1 მიმართულებაა“

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლონდონში, ტურიზმის გლობალურ გამოფენაზე World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა.  საქართველოს ეროვნულ სტენდთან მოსულ ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს გაცნობოდნენ.გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს გამოეხმაურა ისრაელის წამყვანი სამთო-სათხილამურო კომპანია „Skideal“-ის აღმასრულებელი დირექტორი რონენ კაცი:„ჩვენთვის საქართველო წამყვანი მიმართულებაა. ვმუშაობთ ავსტრიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთთან, და მათ რომ შევადაროთ,  საქართველო მაინც პირველ ადგილზეა. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ დიდი კულტურაა. უზომოდ გვიყვარს ქართველი ხალხი და მათი მასპინძლობა. ჩვენი კლიენტები ამბობენ, რომ საქართველოში ჩამოსვლისას ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს გულში ჩაიკრეს; ამას ემატება შესანიშნავი სამზარეულოც. თუმცა, ვფიქრობ, თქვენი მთავარი განძი მაინც ხალხი და ეს მიწაა, რადგან საქართველო წარმოუდგენლად ლამაზია“, -  განაცხადა რონენ კაცმა.WTM London 2026 საერთაშორისო გამოფენაზე ქართულმა სექტორმა უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა.

Amadeus-ის წარმომადგენელი

1793951530

Amadeus-ის წარმომადგენელი: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიით საგრძნობ პროგრესს მიაღწია

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში გამართულ ტურიზმის გლობალურ გამოფენაში World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა.  ეროვნულ სტენდთან  ქართულმა მხარემ უცხოელ ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები წარუდგინა.გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ სტრატეგიას გამოეხმაურა მსოფლიოში წამყვანი გლობალური ტურისტული პლატფორმა Amadeus-იც. კომპანიის წარმომადგენლის, ლოურენს ვან დენ ოუვერის შეფასებით, ადმინისტრაციამ სამიზნე ბაზრების სწორად შერჩევასა და მიზნობრივი აუდიტორიის იდენტიფიცირებაში საგრძნობი პროგრესი აჩვენა:„საქართველო უკვე წელიწად-ნახევარია Amadeus-თან თანამშრომლობს და ძალიან ვამაყობთ, რომ ის ჩვენი პარტნიორია. ქვეყანას საგრძნობ პროგრესს მიაღწია იმ მიმართულებით, თუ რომელ სამიზნე ბაზრებზე განათავსოს რეკლამა და როგორ მიწვდეს სწორ აუდიტორიას. ამავდროულად, ეს სტრატეგია ეყრდნობა ინდუსტრიის რეალურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება მოგზაურთა ქცევა და ტურისტული მოთხოვნა“, -  აღნიშნა Amadeus-ის წარმომადგენელმა.WTM London 2026 მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ინდუსტრიის  ათასობით პროფესიონალს, საერთაშორისო მედიასა და გლობალურ ტუროპერატორს აერთიანებს.  საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა ბრიტანეთიდან და ევროპის ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდას უწყობს ხელს.  აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში გატარებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, 2026 წლის მესამე კვარტალში დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორთა ნაკადი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18.2%-ითაა გაზრდილი.

ტურიზმი

1793945101

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე WTM London 2026 ეროვნული სტენდით წარსდგა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ტურიზმის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა.ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში საქართველოდან 20-მდე ტურისტული კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) მონაწილეობდნენ. ვიზიტორებსა და სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ სტენდზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავად გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებს, პროდუქტებს, კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობასა და ოთხსეზონიან ტურისტულ პოტენციალს.საქართველოს დელეგაციამ უცხოელ ტუროპერატორებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანი შეხვედრები გამართა. გამოფენაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ილია დარჩიაშვილი იმყოფებოდა.გამოფენის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო მედიაკომპანიების, დაჯავშნისა და მოგზაურობის გლობალური პლატფორმების, მარკეტინგული სააგენტოების, ავიაციის, ტექნოლოგიების, გასართობი და კინოინდუსტრიის კორპორაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამომავლო პარტნიორობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით, შეხვედრები გაიმართა მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან: Amadeus, Booking.com, Skyscanner, AVIAREPS, Warner Bros. Discovery, Bloomberg, The New York Times, BBC, National Geographic Traveller, Condé Nast და სხვა.„ლონდონის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელია წარმოდგენილი, ასევე სახელმწიფო უწყებები, იმერეთისა და აჭარის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. ეს ღონისძიება ემსახურება როგორც ტურიზმის ადმინისტრაციისთვის, ისე კერძო სექტორისთვის კავშირების გაღრმავებას, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას, საერთაშორისო მედიებთან შეხვედრებსა და სამომავლო კამპანიების დაგეგვას“ - აღნიშნავს მაია ომიაძე.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესახებ აქტიური მარკეტინგული კამპანია გრძელდება. „მთელი წლის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში საქართველოს შესახებ მარკეტინგული კამპანიები ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ლონდონის მთავარ ქუჩებში  საქართველოს შესახებ გარე რეკლამა მომზადდა. მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალებებმა საქართველოს შესახებ სტატიები გაავრცელეს.  შედეგად მესამე კვარტალში 18%-იანი მატება გვაქვს, როგორც შემოსავლების, ისე ვიზიტორების ოდენობით ბრიტანეთიდან. დიდი ბრიტანეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“ - განმარტავს მაია ომიაძე.დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით მოგზაურთა ინტერესი დინამიურად იზრდება. 2026 წლის მესამე კვარტალში (ივლისი-სექტემბერი) გაერთიანებული სამეფოდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა.

მარიამ ქვრივიშვილი

1793898058

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე, ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორები დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე. წ. სავაჭრო მისიაში.„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესკავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მარიამ ქვრივიშვილი

1793894815

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა.ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.„მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და სატრანსპორტო, საინვესტიციო და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობის სექტორში. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებლის ზრდამ 41 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობა ჩინეთის კომერციის, ტრანსპორტის სამინისტროებთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან.„ამ კონტექსტში აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა, რომლის პირველი სხდომაც უკვე გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამუშაო ჯგუფის როლს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებაში.საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე.განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მხარეებმა აღნიშნეს პირდაპირი ფრენების პოზიტიური გავლენა ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორის კავშირების გაძლიერებაზე“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოს წარმომადგენლობითი მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში იმართება.შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ვანგ ვენთაო და ქალაქ შანხაის მერი ჭუ ჭუნგმინგი მონაწილეობდნენ.

კობა ყალიჩავა

1793889064

კობა ყალიჩავა: სამშენებლო ნებართვების გაცემა უნდა შეიზღუდოს - სანქციები გამოსავალი არ არის, ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კობა ყალიჩავას განცხადებით, საქართველოში ბევრი სამშენებლო ნებართვა არ უნდა გაიცემოდეს.როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, სამშენებლო ნებართვის გაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შენობა ხარისხიანად შენდება. მისი შეფასებით, სანქციები გამოსავალი არ არის და ყველა დეველოპერს მშენებლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს.„ნამდვილად გვაქვს მოცულობითი სანქციები. სახელმწიფო ორგანოების დაკვირვების მიხედვით, გამკაცრება ეტაპობრივად ხდება და კოდექსში ცვლილებები შედის. პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, „ერთ ქვაბში იხარშება“ ყველა ტიპის დარღვევა. მოქალაქე, რომელიც საცხოვრებელ სახლს აშენებს ან კონსტრუქციას აკეთებს, და დეველოპერი ერთი და იმავე სტანდარტს ექვემდებარებიან. ეს ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია: მოქალაქესთან მიმართებით ზედმეტია, დეველოპერთან მიმართებით კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. მე სანქციებში გამოსავალს არასდროს ვხედავ ხოლმე. მთავარი ის არის, რომ სანქციებამდე არ მივიდეთ.პირველი - ქვეყანას ბევრი ნებართვა არ სჭირდება. უკვე საკმარისად აშენებულია შენობა-ნაგებობები. თავდაპირველად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებას შევზღუდავდი. შესაბამისი კვლევების საფუძველზე გამოვიკვლევდი საჭიროებას და მშენებლობებს მხოლოდ ამ შესაძლებლობის ფარგლებში დავუშვებდი.მეორე, ყველა დეველოპერმა არ შეიძლება რომ ააშენოს, საქმიანობა ლიცენზირებული უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სანდო კომპანია შემოდის ბაზარზე, დავუდგინოთ მას პირობები და შემდეგ შევაფასოთ, რამდენად სწორად მოქმედებენ ლიცენზირებული კომპანიები.მთავარი ისიც უნდა იყოს, რომ „ჰაერის გაყიდვა“ აიკრძალოს. პროექტის ფარგლებში განაშენიანებას გააკეთებს დეველოპერი და შემდეგ ყიდის. ამ შემოსავლების საფუძველზე აშენებს. ორი კაცი შეამხანაგდება და შედეგად ვიღებთ დაუმთავრებელ, უხარისხო მშენებლობას. ბუნებრივია, ეს რისკია. ამიტომ, თუ განაშენიანების საფუძველზე „ჰაერის გაყიდვას“ ავკრძალავდით, ბაზარზე ისეთი კომპანიები დარჩებოდნენ, რომლებსაც თავიდანვე შეუძლიათ მშენებლობის ფინანსურად და ხარისხიანად უზრუნველყოფა“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია.„ძალიან ბევრია სამუშაო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. საზოგადოებაში ცოდნის ამაღლება სფეროს უშველიდა და უფრო მეტად პოზიტივისკენ წაიყვანდა, ვიდრე დღეს გვაქვს“, - განაცხადა კობა ყალიჩავამ.

✕