1764264730
მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ექნება არამხოლოდ ჩვენს დელეგაციას, არამედ მეც - ზელენსკი
მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებებს არამხოლოდ უკრაინის დელეგაცია, არამედ თავადაც გამართავს.
„მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ექნება არამხოლოდ ჩვენს დელეგაციას, არამედ მეც. ჩვენ ვამზადებთ მყარ საფუძველს ასეთი მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა მყარად იდგება ფეხზე. ყოველთვის იდგება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ისე, როგორც საკუთარ თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გუნდი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად, გააგრძელებს ჟენევაში მიღწეულ საკითხებზე მუშაობას „ისეთი ფორმით, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების გზამდე მიგვიყვანს“.
„დელეგაციების შეხვედრა გაიმართება. უკრაინის დელეგაცია კარგად იქნება მომზადებული და განწყობილი საქმიან მუშაობაზე. ჩვენ ახლაც გვაქვს კონტაქტი ამერიკულ მხარესთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ამასთან, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საკმარისი თავდაცვითი მხარდაჭერა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.












