1746710967
თქვენ გატყუებენ! გატყუებენ რომ ელექტრო სიგარეტი უვნებელია! რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომ ის დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში...- ეს დიდი ტყუილია!ფერადი, სხვადასხვა ფორმის ელექტრომოწყობილობები, რომელიც მომხმარებელს საყვარელი კენკრის, ხილის არომატებით ხიბლავს, რეალურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი გამოყენებით ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.ელექტრო სიგარეტების მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრო სიგარეტისა და ტრადიციული თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს."თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ მოზარდებში საგანგაშოდ გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი.„საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ელექტრონული სიგარეტის, ე.წ. ვეიპის გამოყენების კუთხით. 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არის დაახლოებით, 15%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ 2015 წელს, მაშინ 7% იყო. დღეს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 2-ჯერ არის გაზრდილი“,- აცხადებს გიორგი ბახტურიძე. ერთეული შემთხვევებიდან ეპიდემიამდე 2019 წლის აგვისტოში, ორეგანოს შტატში ვეიპინგთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაავადების გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ასაკი და სქესი გასაიდუმლოებული დარჩა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, ის კლინიკაში ივლისში, ლეგალურად შეძენილი მარიხუანის შემცველი პროდუქტის მოხმარების შემდგომ მოათავსეს. როგორც საქმის გამომძიებელი, ექიმი ენ ტომასი ამბობდა, გარდაცვლილი "სხვა მხრივ ჯანმრთელი იყო და უეცრად მძიმედ დაავადდა".საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვეიპინგისთვის განკუთვნილი სითხე ოფიციალურ მაღაზიაში იყო ნაყიდი. ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვიცით რა არის უსაფრთხო,- თქვა ექიმმა ენ ტომასმა, რომელიც ამ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზს იკვლევდა. „არ არსებობს ხარისხიანი საწამლავი“ მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.ხველა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, შეშუპება და თავის ტკივილი - ეს გულის უკმარისობის ის სიმპტომებია, რომელსაც ელექტრო სიგარეტები იწვევს. თუმცა, საქმე მხოლოდ გულს არ ეხება. ელექტროსიგარეტი ფილტვის ისეთ დაავადებებს აჩენს, როგორიცაა ასთმა, ტუბერკულოზი, ბრონქიტი - დაავადებათა სია ვრცელია.არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს.მკვლევრებმა, ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, ფილტვის კიბოს შემთხვევათა ტენდენციის ზრდა გამოავლინეს.„მიუხედავად იმისა, რომ მწეველთა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცირდება, იზრდება ფილტვის კიბოს პროპორცია იმ ადამიანებში, ვინც არასდროს ყოფილა მწეველი. კერძოდ, მთელ მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებულ სიკვდილიანობაში, მოწევა მეხუთე მთავარი მიზეზია“,- აღნიშნავენ მკვლევარები.2025 წლის აპრილში, ამერიკაში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფილტვების დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც "პოპკორნის ფილტვებს" უწოდებენ. დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი მოზარდის მიერ სამი წლის განმავლობაში, ფარულად ელექტრო სიგარეტის, ე.წ. "ვეიპის" გამოყენება იყო.ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ „პოპკორნის ფილტვების“ მკურნალობა ვერ ხერხდება. როდესაც ფილტვები უკვე დაზიანებულია, თერაპია მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბრონქოდილატორებისა და სტეროიდების გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევებში კი — ფილტვის გადანერგვას. მარკეტინგული ხრიკი დანამატების სახით საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ თამბაქოს დანამატები ნაკლებსაზიანოა ჯანმრთელობისთვის.თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ათასობით დანამატს და ათობით არომატიზატორს იმისთვის, რომ პროდუქტს უფრო სასიამოვნო თვისებები მიანიჭოს. ინდუსტრიის მიზანია ახალგაზრდების და ახალდამწყები ადამიანების ადვილად მიჩვევა ამ პროდუქტებზე!!!თამბაქოს ბაზარზე შეხვდებით მრავალი სახის დანამატს, რომელთა ჩამონათვალი არც მეტი, არც ნაკლები თქვენც გაცდუნებთ. მაგალითად, ნესვის არომატი, პიტნა, ანანასი, კაკაო და ა.შ.საინტერესოა, რეალურად რა დგას ამ დანამატების შექმნის უკან? - პირველები ალბათ იტყვით, რომ დანამატიანი სიგარეტის სუნი არ აღიზიანებს გვერდით მყოფს, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს და ა.შ. მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ მენთოლი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანამატია თამბაქოს პროდუქტში. ის ამცირებს თამბაქოს კვამლით გაღიზიანების ეფექტს და ხველას თამბაქოს კვამლის შესუნთქვის დროს. სწორედ, ამიტომ ემატება მენთოლი თამბაქოს პროდუქტს - ეს განსაკუთრებულად იზიდავს მომხმარებლებს.გარდა ამ მიმზიდველობისა, ეს არომატები დამატებით ავლენენ სხვა თვისებებს. კერძოდ, წვის შედეგად, ეს პროდუქტები გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებას, რომელთა ნაწილი ხელს უწყობს ნიკოტინის სწრაფ შეწოვას და მის სწრაფ ათვისებას. არომატების გემო კი ელექტრო სიგარეტზე მიჯაჭვულობას უფრო სწრაფად ავითარებს. თამბაქოს ინდუსტრიის მითების მიზანი 👉 შექმნას ან გაზარდოს „გასინჯვის სურვილი“👉 წაახალისოს გასინჯვა/გამოცდა პროდუქტის ზომის, ფორმის, ფერის, არომატის გაახლებით/არჩევანით👉 სენსორული თვისებების გაუმჯობესებით გახადოს მისაღები/სასიამოვნო ახალი მომხმარებლისთვის👉 პროდუქტის ნაირსახეობის შეთავაზებით მიიზიდოს მომხმარებელთა და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი (ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილების, სოციო-ეკონომიკური სტატუსის, ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების და ა.შ. მიხედვით). 👉 დანამატების სახით ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ეს პროდუქტი არის ნაკლები რისკის შემცველი ან აქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის. რეალობა მაგალითად, როცა ჩვენ შაქარს, კაკაოს, ჯინჯერს და სხვა სანელებლებს ჩვეულებრივად მოვიხმართ, ისინი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. როცა ამ არომატებს თამბაქოში იყენებენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება.კერძოდ, თამბაქოს უხეში, არასასიამოვნო გემო და სუნი იკარგება, რაც ნიშნავს, რომ ტოქსიკური კვამლი ხდება უფრო კარგი მოსაწევი, რაც პირდაპირ ურტყამს ჯანმრთელობას. ასევე, „ტკბილი საწამლავის“ წვის შედეგად, გამოიყოფა დამატებითი ტოქსინები, რომელთა ნაწილი არის კანცეროგენული ეფექტის.თამბაქოს, რომელსაც ისედაც არ აკლია მავნე ნივთიერებები, დანამატებისგან გამოყოფილი ტოქსინები კიდევ ემატება. თამბაქოზე დამოკიდებულების სინდრომები ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ქცევითი და კოგნიტიური ფენომენის იმ კლასტერზე მიუთითებს, რომელშიც პიროვნებისთვის თამბაქოს მოხმარება პრიორიტეტი ხდება. ამ დროს მწეველისთვის სხვა ქცევები ნაკლებად პრიორიტეტულია, რომელიც წარსულში მისთვის უფრო ღირებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მწეველებს მოსაწევად გარეთ გასვლას ვაიძულებთ, რათა სხვების ფილტვები კანცეროგენებისგან დავიცვათ, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ მათი კვამლისგან მთლიანად გაქცევა არც ისე ადვილია.ნათელი ხდება, რომ ქსოვილებსა და სხვა ნივთების ზედაპირებზე ჩაჭედილი თამბაქოს კვამლის ნაწილაკები მავნე მოქმედებას აგრძელებენ. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მათ ადვილად შეუძლიათ კვლავ ჰაერში გამოსვლა და იმ ზონაში „ფარფატი“, რომელიც კვამლისგან თავისუფალი გვგონია...გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, რომელიც საკმაოდ დამაფიქრებელია, თამბაქოს მოხმარება აღრმავებს სიღარიბეს. მწეველებს აქვთ გაცილებით მაღალი რისკი ფილტვის კიბოს განვითარების; გულ-სისხლძარღვთა დაავადებების; რესპირატორული დაავადებების; ნაადრევი სიკვდილის... ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჯანმრთელობის, ფინანსური პრობლემების მიზეზიც ხდება ოჯახებისთვის, - როგორც მკურნალობის ხარჯების, ისე დაკარგული შემოსავლების სახით, მაგალითად ავადობის გამო უმუშევრობა.აი, შესანიშნავი მაგალითი, იმისა, თუ რა სასარგებლო პროდუქტის შეძენა შეგიძლია, ერთი კვირის მანძილზე სიგარეტის საყიდელი თანხით 👇თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობა ქვეყნის ეკონომიკასაც აწვება. ამიტომ, თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოსული მოგება გაცილებით ნაკლებია იმ ზარალთან შედარებით, რასაც ამ პროდუქტის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის და სოციალური თვალსაზრისით.„თამბაქოს კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ არ უნდა შემცირდეს თამბაქოზე სააქციზო გადასახადი. ქვეყანამ 2017 წლის შემდეგ ძალიან მყარი და მკაფიო ნაბიჯები გადადგა, რომ გაძლიერებულიყო ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში და მან უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები, გაიზარდა მწეველების შემცირების და, ზოგადად, მოხმარებული თამბაქოს შემცირების მხრივ ტენდენცია, შემცირდა ის კონკრეტული დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით. თამბაქოზე სააქციზო გადასახადის შემცირების ინიციატივა აქამდე ჩატარებულ ძალისხმევებს წყალში ყრის და უკან გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს გიორგი მაღრაძე. კანონი - პასუხისმგებლობა - შედეგი ☝ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარების გამო მძღოლი და მგზავრი ჯარიმდება. მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით, განმეორებისას 400 ლარით, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე 600-600 ლარით. მოწევის რეგულაციის დამრღვევი მგზავრი დაჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებების შემთხვევაში კი 200 - 300 ლარით.☝ სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში ტამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაცია აკრძალულია. თუ დარღვევას ხედავ, ნუ დახუჭავ თვალს, დარეკე შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს: 2 299 299.☝ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის რეგულაციის დამრღვევი ჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 200 და მესამე და ყოველ ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 300-300ლარით. ორგანიზაცია, რომელიც თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევას არ აღკვეთავს, ჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 2000-2000 ლარით. იგივე რეგულაცია ვრცელდება ჩილიმის მოწევაზეც.დარეკე 112-ზე და აცნობე მოწევის რეგულაციის დარღვევის შესახებ!☝ 2025 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც თამბაქოს სადა შეფუთვით გაყიდვას ითვალისწინებს. სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. 1-ელი აპრილიდან, კი ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5000 ლარია.მწეველები უკვე ჩივიან, რომ რაც მათი „საყვარელი“ თამბაქო სადა შეფუთვით იყიდება, თამბაქოს გემოც შეეცვალა... მართალია ჯერ ერთეულები საუბრობენ, მაგრამ აცნობიერებენ, რომ „ნაგავი როგორც არ უნდა შეფუთო, ნაგავია“... ჩემს ირგვლივ ორ კვირაში ოთხი ადამიანია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება - მოწევა შეწყვიტოს. და მაინც... საუკეთესო რამ, რაც მწეველებმა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის შეიძლება გააკეთონ, არის მოწევისთვის თავის დანებება. მოწევისთვის თავის დანებება საოცრად ეფექტიანია სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ადამიანებს ამ ჯილდოს მიღება საოცრად სწრაფად შეუძლიათ.თუ გსურთ თავი დაანებოთ თამბაქოს მოხმარებას, მათ შორის ელექტრო სიგარეტი/ვეიპი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ჩილიმი და სხვ. დაუკავშირდით უფასო ცხელ ხაზს 116001. ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“ რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ანებებთ სიგარეტის ბოლო ღერის მოწევიდან 20 წუთში...თქვენი ორგანიზმი მწყობრში მალევე ვერ ჩადგება, მაგრამ სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება...ბოლო ღერი სიგარეტიდან 24 საათში...გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.ბოლო ღერი სიგარეტიდან 48 საათში...უკვე 2 დღე გავიდა, რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად, დაზიანებული ნერვული დაბოლოებები თავიდან ზრდას იწყებს. გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.ბოლო ღერი სიგარეტიდან 72 საათში...თქვენ უფრო მარტივად იწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.ერთი კვირა სიგარეტის გარეშე:ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. ერთი თვე უსიგარეტოდ:ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორგანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.სამი თვე სიგარეტის გარეშე:ქალების შემთხვევაში, გაუმჯობესებულია განაყოფიერების უნარი და შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი.ერთი წელი უსიგარეტოდ:თქვენი ფილტვებისთვის საოცარი ცვლილებები განხორციელდა, გაუმჯობესდა მისი ფუნქცია და ტევადობა. ბოლო ღერი სიგარეტიდან 5 წელში:გარდა იმისა, რომ გულის შეტევის ალბათობა არამწეველის დონეზე დაიყვანეთ, განახევრდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.ბოლო ღერი სიგარეტიდან 10 წელში:ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველი ადამიანისას უტოლდება. პრე-სიმსივნური უჯრედები სრულად ჩანაცვლდა ჯანმრთელი უჯრედებით.15 წელი სიგარეტის გარეშე:გულის შეტევის რისკი გაუთანაბრდა სრულიად არამწეველი ადამიანისთვის არსებული რისკის ნიშნულს. თქვენი ცხოვრება რადიკალურად არის შეცვლილი.გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ თამბაქოსთან ბრძოლაში!