მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ევროპა გათბობის სეზონის დაწყების წინ ყველაზე სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მართალია, ევროკომისიამ ევროპის ახალი ენერგეტიკული პროგრამა შეიმუშავა (რომელიც მოიცავს როგორც ფასების მატების შეზღუდვას, ასევე - სუბსიდიებს მომხმარებლებისათვის და ელექტროენერგიის ეკონომიას), მაგრამ ეს ზომები მაინცდამაინც ძალიან არ განსხვავდება იმ პოლიტიკისაგან, რის გამოც კონტინენტი ამ ენერგეტიკული ქაოსის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ამის შესახებ ვრცელ სტატიას ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ი ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის მიერ გაზის ვენტილის გადაკეტვამ ევროპაში სიტუაცია დაამძიმა, მაგრამ თუ წარსულს თვალს ყურადღებით გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ევროპაში ფასების მკვეთრი რყევა გაზსა და ელექტროენერგიაზე წინა წლებშიც იყო. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ კურსი არ შეცვალონ.
ჯერ კიდევ, 2022 წლის 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რუსეთი მზად არის სრულად შეასრულოს თავისი სახელშეკრულებო ვალდებულებებიო, თუმცა იქვე დაამატა, რომ არ დაემორჩილება ზეწოლას და მისთვის არახელსაყრელ პირობებსო.
„ზეწოლის შემთხვევაში რუსეთი უარს იტყვის ენერგორესურსების მიწოდებაზე, - განაცხადა პუტინმა, - არაფერს არ მივაწვდით: არც ნავთობს, არც ნახშირს, არც მაზუთს, და არც არაფერს. ერთი რუსული ზღაპარი გამახსენდა, სადაც მელია მგელს ურჩევს, რომ ზამთარში კუდით მდინარეში თევზი დაიჭიროს. თვითონ კი გვერდზე მიუჯდება და იმეორებს: „გაიყინე, გაიყინე მგლის კუდო“. თუ ევროპელები ამ გზით წავლენ, ისინი საკუთარ თავს სწორედ ასე იგრძნობენ“.
ამერიკული გამოცემა ამტკიცებს, რომ ევროპა თავისივე პოლიტიკის მძევლად რჩება.
„ევროკავშირი გაზის მწვავე დეფიციტს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ მის ირგვლივ ბუნებრივი გაზის უდიდესი ექსპორტიორები არიან. და მათ შორის არა მარტო რუსეთია, არამედ - ჩრდილოეთი აფრიკა, ცენტრალური აზია და სხვა რეგიონები. ევროკავშირს შეეძლო, საიმედოდ ეგრძნო თავი გაზით უზრუნველყოფის საკითხში, ნორმალური ფასებით, მაგრამ ახლა ის გაზის საბაზრო ფასებზეა დამოკიდებული. დღესაც კი, როცა ევროკავშირის ემისრები მსოფლიოში გაზის საძებნელად დადიან, ისინი მაინც უარს ამბობენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე. აი, სულ ახალი ფაქტი: ამას წინათ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ყატარში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაზის საყიდლად იმყოფებოდა, მაგრამ ბერლინში მხოლოდ ერთადერთი თხევად გაზმზიდი ტანკერის კონტრაქტით დაბრუნდა. არადა, მას შეეძლო, საკუთარი ქვეყანა გაზით ხანგრძლივად უზრუნველყო. გამოდის, რომ ევროპა თავისივე პოლიტიკის მძევლად რჩება“,- ვკითხულობთ ვრცელ სტატიაში.
„ჩრდილოეთის ნაკადი“ - რუსეთიდან ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, რომელიც ევროკავშირის წინააღმდეგ კრემლის ენერგეტიკული ომის მთავარი იარაღი იყო, მწყობრიდან გამოიყვანეს ძალიან დიდი ხნით (თუ სამუდამოდ არა).
სამი გაჟონვა - ორი დანიის ზონაში და ერთი შვედეთის ზონაში - აღმოაჩინეს ამ კვირის დასაწყისში ორ მთავარ წყალქვეშა გაზსადენში, რომლებიც ბუნებრივი აირის ევროპისთვის მისაწოდებლად გაიყვანეს. სავარაუდო აფეთქებების დროს არცერთი მილსადენი არ მოქმედებდა, მაგრამ ისინი სავსე იყო გაზით, რომელიც 26 სექტემბრის ავარიის შემდეგ ზღვაში ჩაედინებოდა. ნატომ და ევროკავშირმა გაჟონვა საბოტაჟად შეაფასეს.
გაზსადენები, რომლის მშენებლობაზეც რუსეთმა მილიარდები დახარჯა, ბალტიის ზღვაში100 მეტრამდე სიღრმეშია გაყვანილი. ამ წყალქვეშა არტერიებით რუსეთს გაზი ევროპისთვის უნდა მიეცა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა, მაგრამ დივერსიის მომენტში ტრანსპორტირება შეჩერებული იყო.
„…ეს ინციდენტები შემთხვევითობა არ არის. ის ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე გვაქვს, მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული დივერსიაა. წინასწარი განზრახვით მიყენებული ზიანი“, - თქვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა 28 სექტემბერს.
ნავთობისა და გაზის ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე მიხაილ კრუტიხინი ამბობს, რომ რუსეთს ევროპის გაზით მომარაგებისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ და „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის გარდა, ასევე აქვს სხვა მილსადენები, რომელთა ექსპლუატაციის რეჟიმი თვალსაჩინოს ხდის რუსეთის ენერგეტიკული ომის ტაქტიკასა და სტრატეგიას.
ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ, პუტინის მოლოდინის მიუხედავად, არ გაიყინებიან, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა რუსეთზე ენერგოდამოკიდუბულების დასაძლევად. კერძოდ:
ნოვრვეგია - მთავარი იმედი - ნორვეგია ევროპასა და, მათ შორის, გერმანიას აწვდის ნავთობისა და გაზის რეკორდულ მოცულობებს. გერმანიისთვის ნორვეგია ამჟამად გაზის სიდიდით პირველი მიმწოდებელია. მასზე მოდის გერმანიის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 30%-ზე მეტი. ნორვეგიამ მნიშვნელოვნად გაზარდა გაზის ექსპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ამით ჩაანაცვალა გაზის იმპორტის ნაწილი რუსეთიდან.
ასევე, წელს, იტალიამ, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ალჟირთან, 25 წლის ვადით ნახშირწყალბადების ერთობლივ მოპოვებაზე. ალჟირი იტალიას 4 მილიარდი კუბური მეტრით მეტ გაზს მიაწვდის (ჯამში 21 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში). იტალიამ ასევე წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ანგოლასა და კონგოს რესპუბლიკასთან თხევადი გაზის შესყიდვაზე.
ასევე, პოლონეთი სრულად გათავისუფლდა რუსული გაზისგან - პოლონეთი, რომელსაც რუსეთმა შეუწყვიტა გაზის მიწოდება, მის ნაცვლად, საჭირო 10 მლრდ კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს Baltic Pipe-ის გაზსადენით ნორვეგიიდან დანიის გავლით. ამ გაზსადენის ყველაზე რთული - ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების ფსკერზე გამავალი - მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა 2021 წელს...
ნანა ჩხაიძე