1728846029
ვინ არის და რა ქონებას ფლობს „პუტინის მზარეული“ - მან ყველა „ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა
პუტინთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა საჯაროდ პირველად აღიარა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ მისი შექმნილია. პრიგოჟინის კომენტარი მისი კომპანიის, Concord-ის პრესსამსახურმა გაავრცელა.
61 წლის პრიგოჟინის ბიოგრაფია, რომელიც Minority Report-მა ფიზიკურად ბრიტანელ მსახიობ ჯეისონ სტეტჰემს მიამსგავსა, მოიცავს თავდასხმას, ძარცვას, ქურდობას და 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დეზინფორმაციული კამპანიის მართვას. ამ უკანასკნელი დანაშაულის გამო ის და მისი ორი კომპანია ამერიკულ სანქციებს დაექვემდებარა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციების სიას მთელი მისი ოჯახი შეუერთდა. პუტინის მზარეულის შესახებ ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.
პრიგოჟნმა კვების ბიზნესი 1990-იან წლებში, ჯერ ჰოთ-დოგების გაყიდვით დაიწყო, შემდეგ რესტორატორი და ბოლოს სურსათით მომარაგების კომპანია Concord-ის მფლოებელი გახდა.
საინფორმაციო ვებგვერდმა, Meduza-მ მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, პრიგოჟინი დააპატიმრეს და მიუსაძეს 9 წელი ქურდობის, გამოძალვისა და ძარცვის ფაქტზე.
როგორც ირკვევა, 1980 წლის მარტში პრიგოჟინმა ქალი გაძარცვა, მას ჩექმები და ოქროს საყურეები წაართვა და გონების დაკარგვამდე გაგუდა. ამასთან, მას გაქურდული აქვს მრავალი სახლი, საიდანაც მოპარულ ნივთებს შორის სახელდება მაგნიტოფონი, ორი ხალიჩა და ისეთი წვრილმანი, როგორიც არის საჭის ჩიხოლი. ასევე, „ჯინსებისა და სხვა დეფიციტური საქონლის შეძენის საბაბით“ მოქალაქეს მან მოტყუებით 250 რუბლი გამოსძალა.
მან ციხე 1990 წელს დატოვა, როცა სანკტ-პეტერბურგში, სასურსათო ბიზნესში მისი აღზევება დაიწყო: ხან ძეხვების საბითუმო გამყიდველი, ხან კი ჰოთ-დოგის ურიკების ქსელის მფლობელი იყო. იმ დროს, 1991 წელს, სსრკ-ის ნგრევით დამდგარი დისფუნქციის ფონზე, სანქტ-პეტერბურგი ორგანიზებული დანაშაულისთვის ოაზისი იყო. ერთხელ პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსულ მაფიას თითო ჯიხურის დაცვაში 100 დოლარს უხდიდა.
პრიგოჟინი წინ სწრაფად მიიწევდა და ქალაქში პირველი სასურსათო მაღაზიების ქსელ „კონტრასტის“ თანამფლობელი და მმართველი გახდა. შემდეგ ის რესტორნების ბიზნესში გადავიდა, რაც მისი კვების ბიზნესის იმპერიის დასაწყისი გახდა. 2001 წლის ზაფხულში, ახლადგაპრეზიდენტებულმა პუტინმა, რომელსაც მაშინ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ჟაკ შირაკი პრიგოჟინის რესტორანში წაიყვანა. Daily Mail-ის ცნობით, პრიგოჟინმა ყველა „ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა. მას შემდეგ ის „პუტინის მზარეული“ ხდება.
ამჟამად, პრიგოჟინი, კომპანია Concord-ის მეშვეობით, პუტინის ყველაზე დიდი მოკავშირეა. ეს არის სურსათის მომარაგების კომპანია, რომელიც რუსეთის მთავრობის „შინაური კომპანია“ გახდა. Concord-მა და მასთან დაკავშირებულმა სუბიექტებმა 3 მლრდ დოლარზე მეტი სახელმწიფო კონტრაქტები მიიღეს, რაც სამხედრო და სახელმწიფო დაწესებულებების გარდა, მოსკოვის სკოლების საკვები პროდუქტებით მომარაგებას ითვალისწინებდა. პრიგოჟინის პროდუქტებით 2018 წელს რამდენიმე ბავშვი მოიწამლა, ხოლო 2019 წელს უამრავმა მშობელმა Concord-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
Concord, ასევე, რუსული არმიის მთავარი მიმწოდებელია და უკრაინაში რუსი სამხედროების MRE-ები (Meal, Ready-to-Eat), ანუ მზა სამხედრო რაციონი, რომელსაც ვადა 2015 წელს გაუვიდა, შესაძლოა, პრიგოჟინთან იყოს დაკავშირებული.
ყველაფერი, რასაც პრიგოჟინი აკეთებს, Concord-ს უკავშირდება. მაგალითად, იურიდიული პირი, სახელწოდებით, „ვაგნერი“ არ არსებობს. „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ფულს Concord-თან დაკავშირებული ფორმალური კომპანიები უხდიან. გლობალურ კონფლიქტების შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაცია C4ADS, რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა პრიგოჟინსა და „ვაგნერის ჯგუფს,“ წერს, რომ „პრიგოჟინმა მართლაც ჩახლართული კომპანიების უზარმაზარი ქოლგა შექმნა, რომლის უმეტესობაც Concord Catering-ს უკავშირდება.“ ასევე, ჩახლართული და ბუნდოვანია პრიგოჟინის იურიდიული კავშირი ამ კომპანიასთან, რასაც თავად პუტინიც უწყობს ხელს, როცა აცხადებს, რომ „პრიგოჟინს მის მეგობრად არ თვლის.“
სახელი, „ვაგნერი“ თავდაპირველად 2014 წელს გაჩნდა, როცა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა. მას შემდეგ „ვაგნერის“ დაქირავებულები იბრძოდნენ და სასტიკ დანაშაულებებს სჩადიოდნენ სირიასა და ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში.
გამოცემა "ბიზნეს პეტერბურგმა" ევგენი პრიგოჟინის ფინანსური მდგომარეობა 11 მლრდ რუბლად (186 572 462 დოლარად) შეაფასა. 2016 წელს გამოქვეყნებული მასალებით ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენს 37,4 მეტრის სიგრძის იახტა, ST VITAMIN ეკუთვნის, რომლის ინტერიერი „ვერსაჩეს“ სტილშია შესრულებული. გემი პრიგოჟინმა 2014 წელს 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ის, ასევე, ფლობს თვითმფრინავ Raytheon HAWKER 800XP C/N 258512-ს, რომლის ღირებულება 2 მლნ დოლარზე მეტია. პრიგოჟინის ოჯახი ძვირად ღირებული უამრავი ქონების მფლობელია. Concord-მა, რომელიც მაშინ ევგენი პრიგოჟინის დედის, ვიოლეტა კიროვნას სახელზე იყო გაფორმებული, სანკტ-პეტერბურგში ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი, „ჩრდილოეთ ვერსალი“ ააშენა. კომპლექსი 45 სახლისგან შედგება. დასახლება „ჩრდილოეთ ვერსალში" პრიგოჟინისა და მისი ქალიშვილის კუთვნილ სახლებს ორი ნაკვეთი უკავია, რომელთა ღირებულება, დაახლოებით, 600 მლნ რუბლია (10 184 676 დოლარია). პროექტ „ჩრდილოეთ ვერსალის“ გარდა, Concord-მა 490 ბინისა და 60 კოტეჯისგან შემდგარი კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი, „ლახტაპარკი“ ააშენა. 2002 წელს ევგენი პრიგოჟინი სანკტ-პეტერბურგში საბიუჯეტო სწრაფი კვების ქსელ Donalt's-ის მფლობელი გახდა.
მიმიდნარე წლის 28 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პროგრამა RFJ-ის („ჯილდო სამართლიანობისათვის“) ფარგლებში, განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ინფორმაციას ინტერნეტკვლევის კომპანია Internet Research Agency-ზე (IRA) ეძებს, რომელიც ევგენი პრიგოჟინს, მასთან დაკავშირებულ 12 კერძო და 9 იურიდიულ პირს უკავშირდება.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ინფორმაციისათვის 10 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ Internet Research Agency-ისა და სხვა კომპანიების საშუალებით ევგენი პრიგოჟინი ე.წ. ტროლების ფაბრიკას მართავდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოეხდინა.