ჯარიმა 3000 ლარამდე იზრდება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1727946611
ზამთრის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში სეზონური ვირუსული ინფექციები გააქტიურდნენ. ქვეყანაში ამჟამად 12 ტიპის ვირუსი ცირკულირებს. არსებული ფონის გათვალისწინებით, ინფექციონისტები საზოგადოებას გარკვეული რეგულაციების დაცვისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით საყურადღებოა სასწავლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების ტენდენცია. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უნდა იმართოს ვირუსი ისე, რომ ქვეყანა კოლაფსამდე არ მივიდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა, როგორც სასწავლო დაწესებულებების, ასევე მშობლების მისამართით „პრაიმტაიმთან“ საუბრისას რეკომენდაციებს გასცემს და განმარტავს, არსებობს თუ არა ამჟამად სასწავლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების გადავადების საჭიროება.
როგორც გოგინავა აცხადებს, ყველამ უნდა აიღოს ვირუსის მართვასთან დაკავშირებით თავისი პასუხისმგებლობა. ხოლო რაც შეეხება სწავლის განახლებას, ამჟამად სასწავლებლების მუშაობის შეფერხება და სწავლის გადავადება მიზანშეწონილი არ არის.
„ზოგადად, ზამთარში რესპირაციული ვირუსების აქტივაცია ბუნებრივი მოვლენაა. ყველაზე საყურადღებო, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე კლინიკური მიმდინარეობის კუთხით, არის გრიპის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატული ინტოქსიკაციითა და სიმპტომების გახანგრძლივებით გამოირჩევა.
ვიცით, რომ ვირუსები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში ვრცელდება, ამიტომ როგორც მშობლების, ასევე სასწავლო დაწესებულების მხრიდან, გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება არის აუცილებელი.
მშობლებმა უნდა გააკეთონ შემდეგი - თუ ბავშვს აქვს სიმპტომები, ის არ უნდა გაუშვან სკოლებსა თუ ბაღში. სიმპტომიანი ბავშვი აუცილებლად უნდა მოერიდოს სხვა ადამიანებს, რადგან ის ძალაუნებურად არ გახდეს ინფექციის გადატანის წყარო.
რაც შეეხება სასწავლებლებსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებს, აუცილებელია, რომ ამ ადგილებში ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული, საუბარია ზედაპირების დამუშავებაზე, ჰაერის ხშირ განიავებაზე და ა.შ.
ბაღებში შედარებით რთულია კონტროლი, მაგრამ ამ შემთხვევაში მშობლის ქცევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. სიმპტომების მქონე ბავშვი ბაღში არ უნდა გაუშვან. ამჟამად სასწავლებლების მუშაობის შეფერხება და სწავლის გადავადება მიზანშეწონილი არ არის, უბრალოდ, ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს რეკომენდაციები“,- განაცხადა გოგინავამ.
აღსანიშნავია, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ, კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს. ახლა ქვეყანაში ძირითადად, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.