„ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს“ - ივანე ჩხაიძე

გრიპი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ძირითადად კორონავირუსის მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს. ექიმის კომენტარს სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს

ჩხაიძის თქმით,  ეს ვარიანტი არ განიხილება, როგორც საფრთხის შემცველი, ჯანმოს მისთვის შეშფოთების ახალი კლასიფიკაცია არ აქვს მინიჭებული.

როგორც მან ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსი გრიპთან ერთად განიხილება, როგორც ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტად ცირკულირებს. მისივე განმარტებით, პირველ ადგილზე გრიპის ვირუსია 37%-ით, მეორე ადგილზე კი სწორედ კორონავირუსი, რომლის გავრცელების სიხშირე 30%-ს შეადგენს.

ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ ახლა ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი ჭარბობს.

„ახლა ჭარბობს ძირითადად A ტიპის ვირუსი, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით. თუ წინა კვირას H3N2 ტიპის ვირუსი ჭარბობდა, ახლა უფრო მეტად „ღორის ტიპის“ ვირუსია გავრცელებული“, - აღნიშნა მან.

ივანე ჩხაიძე იმედოვნებს, რომ 2023 წლის ზამთრის სეზონის წინ ჩვენ გვექნება ვაქცინა, რომელიც მორგებული იქნება, როგორც გრიპზე, ისე კორონავირუსზე.