ქვეყანაში სეზონურ გრიპთან ერთად, ადენოვირუსი და კოვიდ ინფექციაც ცირკულირებს

კორონავირუსი

ქვეყანაში სეზონური გრიპით ინფიცირებულთა რიცხვი ისევ იზრდება. მიმართვიანობა მატულობს კლინიკებშიც. ამ ეტაპზე სეზონურ გრიპთან ერთად, ადენოვირუსი და კოვიდ ინფექციაც ცირკულირებს. ექიმები მოსახლეობას გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ჯოენის" საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგის, მაია კაშიას თქმით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

"სეზონური გრიპი აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გვიან გაზაფხულამდე გრძელდება ვირუსული ინფექციების სეზონი, ეს მცირე ეპიდაფეთქებებს, რა თქმა უნდა წინ ველოდებით. ქვეყანაში ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის ვირუსებია გავრცელებული, ადენოვირუსები, რინოვირუსები და მათ შორის კოვიდ ინფექცია, რა თქმა უნდა, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. მომართვიანობა მომატებულია, მათ შორის სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც, თუმცა ამ ეტაპზე არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რაც ერთის მხრივ ძალიან რთლ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გვიქადის," - ამბობს კაშია.

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დროული იდენტიფიცირება, თუ რა ტიპის ვირუსითაა ინფიცირებული ადამიანი, რათა მოხდეს შესაბამისი მკურნალობა, რადგან ქვეყანაში რამდენიმე ტიპის ინფექცია ცირკულირებს.

"ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯერ მართვადი არის, თუმცა შეიძლება მობილობა გაიზარდოს. სტაციონარული დაწესებულებების, როგორც პედიატრიული სექტორი, ასევე მოზრდილებისთვის, გაზრდილია მომართვიანობა. ხშირია როდესაც ადამიანი ინფიცირებულია სეზონური ვირუსითაც და ასევე კორონავირუსით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროულად იქნას იდენტიფიცირებული თუ რა ტიპის ვირუსია, რათა შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდეს," - აცხადებს გორდაძე.