„ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, დიარეა...“ - როგორ მიმდინარეობს „ღორის გრიპი“ და „ჰონკონგის ვირუსი“

ვირუსი

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით საზოგადოებაში  არსებულ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხობს.

რამდენი სახის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში და როგორია მათი მიმდინარეობა?

- ზოგადად ცივი სეზონი, ზამთარი - გაზაფხული გამოირჩევა რესპირაციული ვირუსების შემთხვევების მატებით. წლევანდელი წელიც არ არის ამ კუთხით გამორჩეული, პირიქით საკმაოდ მატება თითქმის ყველა რესპირაციული ინფექციის, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა წინა ორ წელთან შედარებით. საკმაოდ ბევრი გვაქვს გრიპის შემთხვევები. 

როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში, სტატისტიკა გვეუბნება, რომ ძირითადად A გრიპის ვირუსი ორი ტიპის ცირკულირებს: H3N2(ე.წ ჰონკონგის ვირუსი) და H1N1 (ე.წ ღორის გრიპი). ამას დამატებული გვხვდება სხვა გრიპის მსგავსი რესპირაციული ვირუსები: პარაგრიპის ვირუსები, ადენოვირუსი, რინოვირუსი და სხვ.

ბოლო ორი თვის სტატისტიკას თუ ავიღებთ, კორონავირუსის მკვეთრი ზრდა არ აღინიშნება, ყველაზე უფრო საყურადღებო ამ ეტაპზე არის გრიპის შემთხვევები. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ინფექციებს დაახლოებით აქვთ მსგავსი სიმპტომები: ზემო სასუნთქი გზების დაზიანება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, სურდო, გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურის მატება, ასევე სახსრების ტკივილი და საერთო სისუსტე. 

დაჩირქებული ცხვირ-ხახა მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის გართულებაზე, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს, რომელიც შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს პაციენტს და ხელს შეუწყობს დაავადების კიდევ უფრო გართულება აიცილონ თავიდან. 

ბავშვებში ძალიან ხშირია ხოლმე მუცლის ტკივილი და დიარეა. 

ყველაზე მეტად სიმპტომების სიმძიმე დამახასიათებელია გრიპისთვის, ანუ იმ შემთხვევებში, როდესაც გვაქვს მაღალი, 38-ზე მეტი ტემპერატურა და ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრების და კუნთების ტკივილი. როგორც წესი, ეს გამოწვეულია ხოლმე გრიპით ან გარკვეულ შემთხვევებში, კოვიდით. 

შესაძლებელია თუ არა, რომ სეზონური გრიპი და კორონავირუსი ერთობლივად მიმდინარეობდეს ორგანიზმში?

- თეორიულად შესაძლებელია, რომ ორივე ვირუსით ერთობლივად დავინფიცირდეთ, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია ძალიან. უფრო ხშირია, როცა ერთს გადაიტანს პაციენტი, იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული და შემდეგ ემართება მეორე.

როგორ უნდა მოვიქცეთ გრიპის გართულების შემთხვევაში?

- გრიპს ახასიათებს ბაქტერიული ინფექციის გართულებები. თუ პაციენტს აქვს სინუსიტები, ცხვირიდან მოყვითალო-მომწვანო გამონადენი, აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან, იმისათვის, რომ გამოირიცხოს სინუსიტი, ფრონტიტი ან ჰაიმორიტი. ასევე, გრიპი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით, პნევმონიით.

თუკი ნახველი ან ცხვირიდან ჩამონადენი მომწვანო-მოყვითალო ფერის არის, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ეჭვი გრიპის გართულებაზე, ბაქტერიულ ინფექციაზე. ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიმს, ჩავიტაროთ შესაბამისი კვალიფიციური კვლევები და მკურნალობა. 

როგორ უნდა ვმართოთ ვირუსი სახლის პირობებში?

- პირველ რიგში, უნდა ავიღოთ ცხვირ-ხახის ნაცხი, ჩავიტაროთ ტესტირება კოვიდზე და გრიპზე. განსაკუთრებით რისკ ჯგუფების შემთხვევებში.

რჩევები რესპირაციული ვირუსების ბინაზე მართვის შემთხვევაში ყველასთვის არის ერთი: ოთახის ხშირი განიავება, მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა არა სრული უმოძრაობა, კვების რაციონი უნდა იყოს ჯანსაღი, მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევების გამოყენება, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ხშირად და დიდი დოზით არ გამოვიყენოთ. ძლიერი სისუსტის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და მისი პრევენცია მოვახდინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსებს შემაწუხებელი სიმპტომები აქვს, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით მთავრდება. 

რა რეკომენდაციის გაცემა შეგიძლიათ მშობლებისთვის ?

ბავშვებში, როგორც წესი, დაავადება, შესაძლოა, უფრო აგრესიულად მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით კი, ტემპერატურა გახანგრძლივდეს და სახლის პირობებში სიცხის მართვა არის ცოტა რთული. თუ შეხედავს მშობელი, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ სიცხის დამწევ საშუალებებს არ ექვემდებარება ტემპერატურა, ბავშვი არის სუსტად არ და იღებს საკვებს, სითხეს, ასეთ დროს აუცილებელია, რომ ჩავრთოთ ექიმი პედიატრი და დროულად გაეწიოს პაციენტს ადეკვატური მკურნალობა.