კახა კალაძის ადვოკატმა "TV პირველის" წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულება მოითხოვა

კახა კალაძე

კახა კალაძის ადვოკატმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში "TV პირველის" წინააღმდეგ განცხადება შეიტანა. თბილისის მერის ინტერესების დამცველი, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს. ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზია დაკისრებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, აღმსრულებელს შეუძლია დააყადაღოს ქონება და ანგარიშები.

"დღეს ჩვენ დავიწყეთ აღსრულება კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების და ალბათ ხვალ ან ზეგ გაეგზავნება მეორე მხარეს ოფიციალური მოთხოვნები აღსრულებიდან და ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ მოცემული გადაწყვეტილება.

მაიამ მამულაშვილის გადაცემაში მაშინ გადიოდა, რომ კახა კალაძემ თითქოს 60 მილიონი აიღო მხოლოდ 1 ტენდერიდან და ჩაიდინა კორუფციული გარიგება და ამას დადასტურებულად ამტკიცებდა. სასამართლოს სამივე ინსტანციამ საბოლოო ჯამში დაადგინა, რომ ეს ფაქტი არის ტყუილი.

გადაწყვეტილება 2 პუნქტისგან არის შემდგარი: პირველი - იმ ყალბი ცნობების უარყოფა, რომელიც გაავრცელა ტელეკომპანია "პირველმა" და მაია მამულაშვილმა და მეორე - არის 15 000 ლარის დაკისრება. თუ ეს თანხა არ იქნა ნებაყოფლობით გადახდილი, ბუნებრივია, რომ მოხდება როგორც უძრავი, ასევე, მოძრავი ქონების, მათ შორის, ანგარიშების დაყადაღება," - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ.

საქმე 2022 წელს ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინფორმაციას ეხებოდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კალაძემ ერთ-ერთი ტენდერის საშუალებით, ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი მიითვისა. ჟურნალისტი მაია მამულაშვილი და ტელეკომპანია პირველი სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამტყუნა და მათ ეთერში გასულ ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 15 000 ლარი დააკისრა.