ამერიკის თუ ტრამპის „ბნელი ღამე“ - ისტორიაში პირველად, სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული ექსპრეზიდენტი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ტრამპი

ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ისტორიაში ეს სისხლის სამართლის პირველი საქმეა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, თანაც ისეთისა, რომელიც ხელახლა არჩევისთვის იბრძვის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს. 

ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის შეეცადა დაემალა პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 ათასი დოლარის გადახდის ფაქტი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც მან გამარჯვება მოიპოვა.

დენიელსი ამტკიცებს, რომ მას ტრამპთან სექსი ჰქონდა 2006 წელს და რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა მას ფული გადაუხადა, რათა ეს ამბავი არ გაეხმაურებინა.

ტრამპი უარყოფს რაიმე სამართლებრივ კანონდარღვევას, ასევე უარყოფს, რომ დენიელსთან რომანი ჰქონდა.

მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ამ საქმეზე, სანამ 30 მაისს განაჩენს გამოიტანდნენ. განაჩენის გამოტანისთვის მსაჯულებს ერთხმად უნდა დაესკვნათ, რომ ტრამპმა - რომელიც მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია - თავისი კომპანიის დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემები შეიტანა, ან სხვა პირს უბიძგა ამის გაკეთებისკენ, და რომ ის მოქმედებდა სხვა დანაშაულის ჩადენის ან დაფარვის განზრახვით.

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება და დემოკრატიის შელახვის აშკარა მცდელობაა“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, დენ მიუზერმა.

ეს ბნელი დღეა ამერიკისთვის, ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ფიქცია იყო და სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა.

„ნიუ-იორკში გამოტანილი განაჩენი ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მასხრად აგდებაა. პოლიტიკური შოუ, რომელსაც გაუძღვა ბაიდენის მომხრე მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულები ამერიკის ყველაზე ლიბერალური ოლქიდან, აბსურდული და სასაცილო ბრალდებები. ბაიდენი და შეშლილი მემარცხენეები არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან ხელისუფლებაში დასარჩენად“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ამერიკის ისტორიაში სამარცხვინო დღე უწოდა.

დღეს სამარცხვინო დღეა ამერიკის ისტორიაში. „დემოკრატები“ მიესალმნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერის გასამართლებას სასაცილო ბრალდებებით. ჩვენი მართლმსაჯულების იარაღად გამოყენება ბაიდენის ადმინისტრაციის დამახასიათებელი ნიშანია და დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ „დემოკრატები“ არ გაჩერდებიან“, - დასძინა მან.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს რომ ვერ მიუახლოვდეს, მხოლოდ ერთი გზა არსებობს, საარჩევნო ყუთთან“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

სასამართლო დაიწყო აპრილში, მოსამართლე ხუან მერჩანის ხელმძღვანელობით - რომელმაც სასჯელის განსაზღვრის დღედ 11 ივნისი დააწესა. საქმიანი მონაცემების გაყალბებისთვის მაქსიმალური სასჯელი ოთხწლიანი პატიმრობაა, თუმცა მოსამართლემ შესაძლოა გადაწყვიტოს პირობითი თავისუფლების, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს გაწევის მისჯა.

დამნაშავედ ცნობის მიუხედავად ტრამპს არ ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა, ან თანამდებობის დაკავება, თუკი ის შეძლებს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამარცხებას. გავრცელებული მოლოდინით, რესპუბლიკური პარტია მას კვლავაც დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად ივლისში - რამდენიმე დღეში მას მერე, რაც მას სასჯელის ზომას შეუფარდებენ.

ვერდიქტზე პასუხად ტრამპმა განაცხადა, რომ ის "უდანაშაულო კაცია", და რომ "ჭეშმარიტ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს".