რას ნიშნავს მოლაპარაკებების ეტაპი, რომელიც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოჰყვება

evro

14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკავშირი მასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესს იწყებს.

მოლაპარაკებები დაყოფილია 35 თავად, რომლებიც 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული: საფუძვლები; შიდა ბაზარი; კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირები; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა; საგარეო ურთიერთობები.

თითოეულ ბლოკზე მოლაპარაკებები იწყება ერთიანად - მას მერე, რაც ქვეყანა განსაზღვრულ მაჩვენებლებს მიაღწევს. თითოეულ თავზე მუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად, მისი პირობითი დახურვის მიზნით.

საფუძვლების შესახებ მოლაპარაკებები იხსნება პირველ რიგში და იხურება ბოლოს; ამ ბლოკში მიღწეული წინსვლა მოლაპარაკებების საერთო ტემპს განსაზღვრავს.

საფუძვლები მოიცავს მიმართულებებს:

სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები; სამართალი, თავისუფლება და უსაფრთხოება; სახელმწიფო შესყიდვები; სტატისტიკა; ფინანსური კონტროლი.

ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნების უმრავლესობას რამდენიმე ურთიერთგადამკვეთი პოლიტიკური საკითხის მოგვარება უწევს. ამაში შედის:

კანონის უზენაესობა; სამოქალაქო საზოგადოება და გამოხატვისა და მედიის თავისუფლება.

გაწევრიანების კრიტერიუმები, იგივე კოპენჰაგენის კრიტერიუმები (მიემართება ევროპული საბჭოს 1993 წლის კოპენჰაგენის სამიტს, რომელზეც განისაზღვრა ეს კრიტერიუმები) ის არსებითი პირობებია, რომელიც ყველა კანდიდატმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა გახდეს წევრი სახელმწიფო.

კანდიდატი ქვეყნის გზა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე კომპლექსურია და გაწევრიანების ვადებს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა, კანდიდატი ქვეყნის მიერ, ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებაში მიღწეული პროგრესი მთავარი საზომი იქნება. წევრობის მინიჭებამდე, ევროკავშირი ზედმიწევნით აფასებს კანდიდატი ქვეყნის უნარს, შეძლებს თუ არა ის გაერთიანების პრინციპებისა და ღირებულებების დაცვას.

გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზეა დამოკიდებული.