თბილისის 51-ე საჯარო სკოლა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

51-ე სკოლა

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისი №51 საჯარო სკოლა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმიანებით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს, ქალბატონი მანანა ღვინჯილია, სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისი №51 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებულ იქნა პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება სკოლის დისკრედიტაციას.

მოგახსენებთ, რომ მანანა ღვინჯილია სკოლაში განსაზღვრული იყო დასუფთავება-ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პირად და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად. მისი გათავისუფლება მოხდა არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ არაერთი დისციპლინური გადაცდომის გამო. არსებული ფოტო და ვიდეო მასალებით დგინდება მისი გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული მოვალეობისადმი.

აქვე გაცნობებთ, რომ გათავისუფლებამდე მას მიეცა შენიშვნა და შემდეგ უკვე საყვედური. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, მან ჯეროვნად არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც 2024 წლის 18 ივლისს მასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სპეკულაცია სკოლის მიმართ და მოვუწოდებთ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან და ცილისწამებისაგან!“ - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.