„ეს იყო ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, რაც გავიარეთ“ - გაიცანით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოჯახი ქართულ სოცქსელში

ნანუკა დუნდუა

მაშინ, როცა პანდემიის დროს ცხოვრებამ თითქოს ძველებური ელფერი დაკარგა, საზოგადოებამ ტიკტოკს მიაშურა და ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრება ამ პლატფორმის მეშვეობით გაიხალისა. დღეს უკვე ბევრი ფავორიტი ბლოგერი გვყავს და შეიძლება ითქვას, მათი ვიდეოების ნახვის გარეშე ჩვენი დღე არ სრულდება. 

21 წლის ნანუკა დუნდუამ ტიკტოკ საქმიანობა ჯერ საკუთარი ვიდეოების გადაღებით დაიწყო, შემდეგ კი ამ პროცესში მთელი ოჯახი ჩართო. 

საზოგადოების ერთ-ერთ საყვარელ ოჯახს „პრაიმტაიმი“ უფრო ახლოს გაგაცნობთ. 

ნანუკა დუნდუა: - როგორც ყველამ, ტიკტოკი მეც პანდემიის პერიოდში აღმოვაჩინე და გართობის მიზნით დავიწყე გადაღებები. რეალურად, არც ვიცოდი, რა, როგორ და რანაირად უნდა გამეკეთებინა. ხალხს ალბათ ახსოვს, ერთი ვიდეო, რომელიც ბიძაჩემთან ერთად გადავიღე ↓

ეს ასე რომ ვთქვათ, „გავარდა“ და ამის შემდეგ გამომწერები მაქსიმალურად მომემატა. მივხვდი, რომ ხალხს მსგავსი სახალისო კონტენტი ძალიან მოსწონდა. მამა მეზღვაური მყავს და როცა ჩამოდის, ვიდეოებს  ყველა ერთად ვიღებთ ხოლმე. წერენ, რომ დადგმულია. ერთადერთი, რაც მართლა დავდგით, ჩემს დახასიათებაზე იყო.

მე და დედა ქალაქში ერთად რომ გავდივართ, გვცნობენ. დედაც ბევრჯერ მოსულა გახარებული... იყო შემთხვევები, როცა რაღაცის ყიდვისას ფასი გვიკითხავს და შემდეგ დაუკლიათ, გიყურებთ და გვიყვარხართო.

- ნეგატიურ კომენტარებზე რა რეაქცია გაქვთ? 

- კონკრეტულად არ მახსოვს, მაგრამ ყოფილა მძიმე კომენტარებიც. ცხვირის ოპერაციას სანამ გავიკეთებდი, მე და დედამ ვიდეო გადავიღეთ, რომელიც დავდე და ამას იმდენად ცუდი კომენტარები მოჰყვა, წავშალე. ვიდეო ტიკტოკიდან ფეისბუკზე წაიღეს და იქაც ცუდი კომენტარები დაწერეს. გული დამწყდა, არ ველოდი ასეთ ნეგატივს. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. ვიდეოების გადაღება აღარ მინდოდა, ეს იყო ბულინგი. ბოლო დროს, ნეგატიური კომენტარები კიდევ ერთ ვიდეოზე დამიწერეს, თუმცა, არც წამიშლია. ახლა უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ. 

მამამ მითხრა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და ვიდეოები აუცილებლად უნდა დამედო. 

- გარდა ტიკტოკერობისა, რას საქმიანობთ?

- 21 წლის ვარ, ერთ-ერთ მაღაზიაში ადმინისტრატორის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემს უფროსს ხალხთან კომუნიკაციაში ვეხმარები და ა.შ. გარდა ამისა, პატარ-პატარა რაღაცებიც მაქვს, რაზედაც წინასწარ არ ვსაუბრობ.

მარკეტინგისა და პიარის ფაკულტეტზე ვსწავლობ, ახლა აკადემიური მაქვს აღებული, მინდა ჩემი გეგმები წლის განმავლობაში განვახორციელო. 

- გარკვეული პერიოდი ტიკტოკზე აღარ აქტიურობდით, შემდეგ გამომწერებს გაუმხილეთ, რომ ოჯახი დაგენგრათ...

- ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მიყვარს... იყო მომენტი, როცა აქტიური მართლაც არ ვიყავი და უამრავი შეტყობინება მომდიოდა. დედასაც ურეკავდნენ, რა მოხდაო.  ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ ყველაფერი მომეყოლა, 3 ათასი ადამიანი მიყურებდა, ემოციებს ვერ ვიკავებდი, ყველა დადებით კომენტარს წერდა. ლაივის შემდეგ Instagram-ზე 50-ზე მეტი შეტყობინება მივიღე. ყველა წავიკითხე, მეტირებოდა.

ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას, მეც არ ვყოფილვარ გამონაკლისი. ბევრი მესიჯი მივიღე გოგონებისგან, რომ ისინიც ძალადობის მსხვერპლნი არიან და სწორედ იმას გადიან, რაც მე გავიარე, მეუბნებოდნენ, რომ მათთვის მოტივაცია ვიყავი... ასევე, მთხოვდნენ დახმარებას, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთოო. 

ვინაობას ვერ გავამხელ - არის გოგო, რომლის მეუღლეც მასზე და შვილზე ძალადობდა. ქვეყნიდან გაქცევა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, სად წასულიყო. ვუთხარი დედაჩემს და გადავწყვიტეთ, ეს გოგო სახლში მოგვეყვანა. დავურეკე ამ გოგოს, ისე გააკეთე, რომ არ გაიგოს მოდიხარ და სანამ რამეს იპოვი, ბავშვთან ერთად ჩემთან იცხოვრე-თქო. იმ მომენტში ძალიან გაუხარდა, წამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე... შეეშინდა და იმ შიშში ყოფნა ამჯობინა. დღესდღეობით, როგორც ვიცი, ეს გოგო შვილთან ერთად საზღვარგარეთაა. მიხარია, თუმცა, იმ წამსვე რომ მიეღო ეს გადაწყვეტილება, თავისი ცხოვრებისთვის უკეთესი იქნებოდა, პირველი რიგში, ბავშვისთვის. 

- თქვენ რატომ ითმენდით?

- ვითმენდი რა... არ მჯეროდა, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. ვფიქრობდი, რომ გამოსავალი ყოველთვის იქნებოდა. ასეთ სიტუაციაში გამოსავალი არასდროს არის, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ადგე და წახვიდე. ზოგს აქვს ის პრობლემა, რომ ხალხი, ოჯახი რას იტყვისო... ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო, სანამ მე რამეს ვიტყოდი, ჩემი მშობლები მეხვეწებოდნენ, რომ ოღონდ შენ წამოდი, რაც და როგორც გინდა ისე იქნება ყველაფერიო. 

- თქვენი აზრით, რა არის ოჯახში, ქალზე ძალადობის ძირითადი მიზეზი?

- ზოგადად გეტყვით, ეს პრობლემა უფრო კომპლექსიან კაცებს აწუხებთ, ისეთებს, რომლებიც ქალებს ვერ უთანასწორდებიან. ქალები კი მათზე მყარად დგანან, როგორც მენტალურად, ასევე მორალურად... ყველანაირად. ეს ფაქტი კაცებს აკომპლექსებთ, ხდებიან ბოროტები და თავიანთ თავებში იკეტებიან. ცდილობენ, ბოღმა გვერდით მყოფი ადამიანისკენ გადაანთხიონ. 

- რთულია მეზღვაურის შვილობა? 

ძალიან რთულია, ამავდროულად, ძალიან საამაყო. ხალხი რომ აქებს, ძალიან მსიამოვნებს. ბიძაჩემიც და ბაბუებიც მეზღვაურები იყვნენ, მოკლედ, მეზღვაურების ოჯახი ვარ დაბადებული და გაზრდილი. 

თავიდან რომ წავიდა მამა, ძალიან რთული იყო, ვერ ვეგუებოდით. 7,8, 9 და შეიძლება, 1 წელიც ვერ გვენახა. იმ დროს, ინტერნეტი არ იყო და ჩვენც არ გვქონდა ისეთი ტელეფონი, რომ დავკავშირებოდით, არც კომპიუტერი გვქონდა. ხან მეზობელთან ჩავდიოდით ხოლმე, მამა რომ გამოჩნდებოდა, ერთი 10 წუთი მაინც დავლაპარაკებოდით. მერე შეიძლება, 2-3 თვე აღარ გამოჩენილიყო, ეს თავიდან ძალიან გვიჭირდა. შემდეგ ყველაფერი განვითარდა და კომუნიკაცია გაგვიმარტივდა. 

ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ძალიან გვიჭირს გაშვება, თუმცა, მისი ჩამოსვლა კიდევ ერთი დიდი სიხარულია და მაგის ლოდინში, გადაგვაქვს ყველაფერი. 

- როგორც ვიცით, მეკობრეებმა დაატყვევეს წლების წინ...

- მამა მეკობრეებმა დაატყვევეს ალჟირში და ძალიან დიდხანს იქ იყო. ჩვენთან ტელევიზიებიც იყვნენ მოსულები. ბათუმში ბიძაჩემთანაც მივიდნენ. რა თქმა უნდა, მთავრობამ თავისი საქმე გააკეთა და ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით, კონტაქტზე გავსულიყავით. ეს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ნერვიულობა იყო, ერთ-ერთი რთული პერიოდი, რაც კი გავიარეთ.

- რა ხდება ახლა პირადში, მზად ხართ ახალი ურთიერთობისთვის?

სხვათა შორის, ამაზე ბევრი მეკითხება, ახლა არავინ არის ჩემს ცხოვრებაში. ასეთი კითხვა დამისვეს, სიყვარულის მიმართ შეგეცვალა თუ არა დამოკიდებულებაო. კი, რა თქმა უნდა, შემეცვალა რაღაც მხრივ, თუმცა, მჯერა და არ ვარ გაბოროტებული ადამიანი, რომელსაც ყველა კაცი სძულს. პირველ რიგში, სახლში ორი მამაკაცი მყავს, ჩემი ძმა და მამა,  არ მაქვს უფლება, რომ ყველა კაცი მეზიზღებოდეს. თუმცა. ამ მომენტში, ურთიერთობის სურვილი არ მაქვს, მირჩევნია, ჩემი მიზნებისა და გეგმებისთვის გავაკეთო მაქსიმუმი.

რა თქმა უნდა, გამოჩნდება ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ადამიანი იქნება.