Exclusive: "გოგის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ასეთი საოცარი რამ მოხდა..." - ცნობილი სიმღერების ტექსტის ავტორი უცნობი ისტორიებით

dolidze

ჰიტებს, რომლებმაც 90-იანი წლები ამაყად "გადაგვატანინა", შემსრულებლით და კომპოზიტორით ვიცნობთ. სიმღერებზე - "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!" და "მუმლი მუხასაო, დავით!" განუმეორებელი გოგი დოლიძე გვახსენდება, "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონოზე" დაუვიწყარი "ქართული ხმები" და მაცაცო სებისკვერაძე. მაგრამ ნაკლებად თუ ვინმემ იცის, ამ სიმღერების ტექსტის ავტორის ვინაობა. ეს პოეტის ბიოგრაფიის "ბრალია". თინათინ მღვდლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულებისთვის შერისხეს.

როგორც თინათინი "პრაიმტაიმთან" ჰყვება, მისი შემოქმედება თავისით მიიკვლევს გზას წარმატებისკენ. არასდროს უღალატია პრინციპებისთვის, არც სამსახური ჰქონია, მაგრამ დღემდე ხალხის სიყვარულით სააზრდოობს. 

ამ ინტერვიუდან საყვარელი სიმღერების სარჩულად ამოკერებულ ისტორიებს გაეცნობით, უცნობსა და გასაოცარს. 

თინათინ მღვდლიაშვილი: - 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მე რეპრესირებული ვარ. თუმცა საბედნიეროდ, სამშობლოს სიყვარულისა და ბატონი ზვიად გამსახურდიას ერთგულების  გამო, ქართველ ხალხს ვუყვარვარ. ჩემი პოლიტიკური პოზიციის გამო დაპატიმრებულიც გახლდით.  

პირველად, 1989 წლის 25 თებერვალს, საქართველოს ანექსიის დღეს, უნივერსიტეტის ბაღში გამოვჩნდი და ჩემი ლექსი "დავით მეფეს" წავიკითხე. მე უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. მეორე დღეს ეს ლექსი მთელმა საქართველომ იცოდა. საოცარია, რომ შუამავალი ჩემსა და ქართულ საზოგადოებას შორის დავით აღმაშენებელი აღმოჩნდა. 9 აპრილის შემდეგ ჩემს პატრიოტულ ლექსებს ხეებზე აკრავდნენ. მირეკავდნენ კომპოზიტორები, თითქმის ყოველ მათგანს ჩემს ლექსზე სიმღერის დაწერის სურვილი ჰქონდა. 

ჩემს ბიოგრაფიაში მიწერია კიდეც - სამჯერ დავიბადე-მეთქი: პირველად ფიზიკურად, მეორედ ნათლობისას, მესამედ კი 1989 წლის 25 თებერვალს, ეს დღე იყო ჩემი სამოქალაქო დაბადების დღე. 

"ხმალი ავლესოთ, ქართველებო!" 1991 წელს დავწერე. იმავე დღეებში დამირეკა ჟურნალისტმა, ილო კევლიშვილმა, რომელმაც თურმე ჩემი ლექსი სიმღერის შესაქმნელად შეურჩია თავის მეგობარს, კომპოზიტორ ზურა მჟავიას. ზურა ლექსმა აღაფრთოვანა და შექმნა სიმღერა, რომელიც ხალხმა გოგი დოლიძის შესრულებით შეიყვარა...

გოგიმ ჩემი ხუთი სიმღერა იმღერა. იცოდა, რომ მე რეპრესირებული გახლდით და თუ სხვა კომპოზიტორები ჩემს სახელს და გვარს არ აცხადებდნენ, გოგი ყველგან, ხაზგასმით აცხადებდა ჩემს სახელს. ერთხელ, ვიღაც თავხედს სუფრასთან უთქვამს გოგისთვის, რა არის, ბიჭო, სულ იმ "ზვიადისტის" ლექსებზე დაწერილ სიმღერებს რომ მღერიო. გოგის უპასუხია, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სიმღერის ტექსტს. კი ბატონო, მაჩვენეთ უკეთესი პოეტი და მის ლექსზე დაწერილ სიმღერას ვიმღერებო. და საერთოდ, ვიდრე თინათინ მღვდლიაშვილის ლექსს წავიკითხავ, უკვე სიმღერის გუნებაზე ვდგებიო. 

ზურა მჟავიამ დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი სიმღერის შემდეგ, ჩემს ლექსებზე კიდევ რამდენიმე სიმღერა შექმნა, მათ შორის - "სამართლის მოლოდინში", მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი სიმღერა "ქართველები შეარიგე, მერაბ".

კომპოზიტორ მჟავიას სხვა კომპოზიტორებიც მოჰყვნენ: მაცაცო სებისკვერაძე, მარიკო კვალიაშვილი, ნუნუ გაბუნია, ჯუბა ჯანდიერი, ნუგზარ თუშიშვილი და სხვები... საბედნიეროდ, კომპოზიტორები მიტოვებდნენ უფლებას მომღერალი თავად ამერჩია. ტექსტის წერის დროს ყოველთვის კონკრეტული მომღერლის ხმა მესმოდა. გოგისთვის თუ ვწერდი, გოგის ხმა მესმოდა, ან ზაურ ბოლქვაძის ხმა, ან გურამ თამაზაშვილის ხმა, ან "თავგასას" ხმა...

გოგის მოულოდნელ გარდაცვალებამდე ჩემს სამყაროში საოცარი რამ მოხდა: შუაღამისას, სიბნელეში საიდანღაც ჩამესმა გოგის მიერ შესრულებული სიმღერის - "ქართველები შეარიგე, მერაბ" რეფრენი, რომელიც რამდენიმე საათის მანძილზე ჟღერდა ჩემს სახლში. მე სანთლით დავდიოდი და ვაყურადებდი, თუ საიდან მოდიოდა გოგის ხმა, რომელიც არადა და არ ჩერდებოდა. გათენებისას ჩამეძინა... გაღვიძებულმა რამდენიმე ახლობელს მოვუყევი ღამის უჩვეულო მოვლენის შესახებ. ორიოდე დღეში კი გოგი დოლიძე გარდაიცვალა!.. პანაშვიდზე რომ მივედი,  კუბოზე დამხობილი ქალი დავინახე. გოგის დედა მეგონა. თუმცა, მგლოვიარე ქალბატონი გოგის ერთადერთი და, ლალი აღმოჩნდა. მე ჩემი პატარა კრებული - "და შინდისფერი ვწერე ლექსები" გოგის სასახლესთან, კუთხეში დავდე. ქალბატონმა ლალიმ წიგნი აიღო, ჩაიჩურჩულა, მე ვიცი, ჩემს ძმას რაც გაუხარდებოდაო... და ჩემი წიგნი გოგის კუბოში თავთან დაუდო. ეს კადრი დღემდე თვალწინ მიდგას. 

 რაც შეეხება ჩემი და ქალბატონი მაცაცო სებისკვერაძის ურთიერთობას. ერთხელ, სახლში მიმიწვია, ბევრი ვისაუბრეთ და მომავალი შემოქმედებითი თანამშრომლობის სურვილიც გამოვთქვით. სახლში დაბრუნებულმა ელვის სისწრაფით დავწერე ლექსი "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო" და ტექსტი ტელეფონით ვუკარნახე ქალბატონ მაცაცოს. აღსანიშნავია, რომ ლექსი საგანგებოდ "ქართული ხმებისთვის" შევქმენი.

თუ გნებავთ, საიდუმლოს გაგიმხელთ. ის მარტოხელა ქალბატონი მე გახლავართ. იმ პერიოდში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან, რომელიც მღალატობდა, როგორც ქალს და აგრეთვე ღალატობდა ჩემს პოლიტიკურ პრინციპებს. იმ პერიოდში, პოლიტიკური მოტივით ბევრი ოჯახი დაინგრა. ერთ-ერთი ჩვენი "ბუდეც"  იყო. მიუხედავად იმისა, რომ "იტალიური წყვილი" გახლდით, ჩვენს დაშორებას ვერავინ წარმოიდგენდა. მოკლედ, ეს მარტოხელა, მარტოსული ქალი, რომელიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, მე გახლავართ... 

სხვათა შორის, ქალბატონი მაცაცო ზურა მჟავიასავით აღაფრთოვანა ლექსმა და ისეთივე სისწრაფით შექმნა სიმღერა, როგორც მე - ლექსი.

2000 წელს ფილარმონიაში დიდი კონცერტი გაიმართა. გამოიცა ოქროს დისკი, რომელშიც მეოცე საუკუნის საუკეთესო საესტრადო სიმღერები შევიდა. ამ დისკზე გოგი დოლიძე შევიდა, როგორც "ხმალი ავლესოთ ქართველებოს" შემსრულებელი, ხოლო "ქართული ხმები" როგორც "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონოს" შემსრულებლები. მოკლედ, ექვსი სიმღერიდან ორი ჩემს ლექსზე გახლდათ შექმნილი. მიუხედავად ამისა, მე ამ კონცერტზე მიწვეული არ გახლდით. 

ალბათ, გახსოვთ, უშუქობის პერიოდი. სიბნელეში სიცივისგან მიყუჟული ვიყავი ტახტზე მიწოლილი. უცებ შუქი მოვიდა და ტელევიზორი აღრიალდა - "ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებენ, ჭრიჭინებიიი"! გული გამისკდა! ნეტავ, რა ხდება-მეთქი. დარბაზში ბრჭყვიალა კაბებით იპრანჭებოდა საზოგადოება, მოკლედ, დიდი დაჯილდოება და ერთი ამბავი იყო, მე კი, იმ ორი ცნობილი სიმღერის ლექსის ავტორი, ტახტზე სიცივისგან ვკანკალებდი (იცინის)...

რა მეამაყება? მე გახლავართ ერთადერთი პოეტი, რომელიც ყველა დროის მთავრობამ ერთად ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიით დააჯილდოვა. ჯილდო ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამოზე რუსთაველის თეატრში გადმომცეს.  

სიმართლე გითხრათ, არასდროს მქონია სამსახური, ბუნებრივია, არც ხელფასი. კი მანიჭებდნენ და დღესაც მანიჭებენ სხვადასხვა ჯილდოებს, ოქროსფერი ჩარჩოებით სახლი სავსე მაქვს. მაგრამ ჩემი პრინციპებისთვის და ღირსებისთვის არასდროს მიღალატია. ჩემი  გულშემატკივარი  ქართველი ერია და განსაკუთრებით, ქართველი ერის უბწყინვალესი წარმომადგენლები - ქართველი ქალბატონები! 

თუ გნებავთ, იმასაც გეტყვით, რა მასულდგმულებს და რა მახარებს. უკიდურესად მახარებს, როდესაც ჩემს ლექსებზე დაწერილ სიმღერებს პატარა ქართველები მღერიან. მახარებს, როდესაც მეუბნებიან, რომ ბავშვობაში მათი მშობლები ჩემს ლექსებს ასწავლიდნენ. სიმართლე გითხრათ, ეს სიცოცხლის ელექსირია. 

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ვარ მარტოხელა, მარტო ვცხოვრობ, ჩემს ყოფით პრობლემებში გახვეული, მაგრამ მძიმე დრო-ჟამს არ ვნებდები, კერკეტი კაკალი გახლავართ! კი, სოციალური პრობლემები მაქვს, ჩემი ოროთახიანი ბინა წიგნებით და ნახატებით სავსეა. მოლბერტის დასადგამი ადგილიც კი არ მაქვს. ჩემი გულშემატკივრები წუხან, სად არის მთავრობაო?!... არა უშავს, ავიტან! თუმცა ოდესღაც, ალბათ, ვიღაცას შერცხვება თუ რა პირობებში აცხოვრეს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. 

ბოლო დროს უცნაური აზრები მაწუხებს, ასაკთან ერთად საფიქრალი მემატება, ვის დავუტოვო ჩემი ნახატები, ჩემი შემოქმედება: ხელოვნების მუზეუმს, საჯარო ბიბლიოთეკას თუ ვის? ამ ფიქრებში ვარ. 

მოკლედ, ასეთი გახლავთ ჩემი ცხოვრება. ეპოქამ მოულოდნელად ზეცაში ამიტაცა და მოულოდნელად ხელი გამიშვა. თუმცა მე არ დავეცი, ავაზასავით თათებზე დავდექი. ასეთი გახლავართ მე, "ხმალი ავლესოთ, ქართველებოს" ავტორი, პოეტი თინათინ მღდვლიაშვილი. სხვაგვარად ცხოვრება არც მეკადრება...

ცოტა რამ ბიოგრაფიიდან

პოეტს, მხატვარს, პროზაიკოსსა და ხატთა შემამკობელს, თინათინ მღვდლიაშვილს დიდი წარმატება საქვეყნოდ ცნობილმა ლექსმა, "დავით მეფეს" მოუტანა. ლექსი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბაირახტრად აქცია. 

თინათინის ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!", ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ,,ქართველები შეარიგე, მერაბ!", ,,ბედის ვარსკვლავო", ,,სამშობლო ერთადერთია", ,,საგალობელი სამებას", "ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა" და სხვა.

მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, ჩეჩნურ, რუსულ, გერმანულ ენებზე. თინათინის მიერ შემკობილი ხატები დაბრძანებულია საქართველოს უბრწყინვალეს ეკლესია-მონასტრებში. ღმრთის სიტყვის ქადაგებისათვის, ეროვნული ცნობიერების განმტკიცებისათვის, პატრიოტიზმისათვის პოეტი წმინდა ნინოს ჯვრით დააჯილდოვეს.

2014 წლის 31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პრემია მიენიჭა. 2014 წლის 28 დეკემბერს წმინდა ილია მართლის სახელობის პრემია ,,ივერია" - მიაკუთვნეს ნომინაციაში ,,პოეზიის დედოფალი". 2015 წლის 7 აპრილს, ,,ხარებას", პოეტის დაბადების დღეს, ,,გალაკტიონის" პრემიით დააჯილდოვეს. პოეტს მიღებული აქვს სპეციალური პრემია სამცხე- ჯავახეთისადმი მიძღვნილი ლექსებისათვის ვარძიაში, ხოლო თბილისისადმი მიძღვნილი ლექსისათვის სპეციალური პრემია და ,,სვაროვსკის კალამი".

ქართულ პოეზიაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭეს პოეზიის სიმბოლო ,,მოოქროვილი ბატის ფრთა".

თინათინის პოეზია განსაკუთრებულად დააფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ. მან პოეტს საჩუქრად გადასცა მოოქროვილი წიგნი ,,ნათელი ქრისტესი - საქართველო" და პატრიარქის ავტოგრაფით დამშვენებული ოქროს სამაჯური. მისივე ლოცვა-კურთხევით, თინათინის ლექსზე, კომპოზიტორმა ნანა კალანდაძემ შექმნა წმინდა სამების ტაძრის საგალობელი.

თინათინ მღვდლიაშვილს გამოცემული აქვს ოცდახუთამდე პოეტური კრებული. მის მიერ შექმნილი ლექსების ციკლი "ლურჯი იების ვატერლოო", დაიბეჭდა პარიზში. ეს ლექსები მოითხოვა ნაპოლეონ ბონაპარტისა და ჟოზეფინა დე ბოარნეს მუზეუმმა, რომელიც მალმეზონში მდებარეობს.

თინათინმა შექმნა ჯორჯ გორდონ ბაირონზე შეყვარებული ქალბატონების პოეზია, რაც, აგრეთვე, უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიო პოეზიის ისტორი.  ამ ციკლს ჰქვია "მომიგონე მე". ამავე პერიოდში შეიქმნა იოჰან ვოლ- ფგანგ ფონ გოეთესადმი მიძღვნილი შარლოტა ფონ შტაინის თინათინისეული ლექსები.

მღვდლიაშვილის ლექსი "ვაინახები" ითარგმნა ლონდონის მთარგმნელობით ცენტრში და ამ ლექსით პოეტი შევიდა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის თანამედროვე პოეზიის ანთოლოგიაში. 

თინათინ მღვდლიაშვილი გახლავთ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მოწყობილი აქვს არა ერთი პერსონალური გამოფენა. მონაწილეობა აქვს მიღებული ოცამდე ჯგუფურ გამოფენაში. დაჯილდოებულია უამრავი სიგელითა და ჯილდოთი. 

2000 წელს, ისტორიის მუზეუმში, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა კოტე ჩოლოყაშვილმა და ქალბატონმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა, პოეტი დააჯილდოვეს უძველესი, მოვერცხლილი ხმლით ლექსისთვის "ხმალი ავლესოთ, ქართველებო!"

2015 წელს გამომცემლობა "ინტელექტმა" დაბეჭდა თინათინ მღვდლიაშვილის წიგნი "მთელი თბილისი ციხეშია, ანუ საკანი № 7", რომელშიც აღწერილია პოეტის მიერ განვლილი ნარეკლიანი გზა და საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულესი პერიპეტიები.

2020 წლის 26 ნოემბერს დააჯილდოვეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის საიუბილეო ოქროს მედლით და საპატიო სიგელით.

2022 წელს, დიდ ბრიტანეთში, კვლავ ითარგმნა თინათინის ლექსები და გამოქვეყნდა მზია ლოურენსის წიგნში "სულიერი ხიდი".