Exclusive: "იმ პერიოდში დაძაბული ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან, რომელიც მღალატობდა..." - სიმღერა "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონოს" შექმნის ისტორია

tina

ყველა ქალი თვლის, რომ მაცაცო სებისკვერაძის სიმღერა "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო" მასზეა, მას მიუძღვნეს. "ქართული ხმების" მიერ დაუვიწყრად შესრულებულ სიმღერას თავისი ისტორია აქვს. 

სიმღერის ტექსტი პოეტ თინათინ მღვდლიაშვილს ეკუთვნის.

ამ სიმღერასთან დაკავშირებული აი, რა საიდუმლო გაანდო პოეტმა "პრაიმტაიმს".

თინათინ მღვდლიაშვილი: - ერთხელ ქალბატონმა მაცაცო სებისკვერაძემ სახლში მიმიწვია, ბევრი ვისაუბრეთ და მომავალი შემოქმედებითი თანამშრომლობის სურვილიც გამოვთქვით. სახლში დაბრუნებულმა ელვის სისწრაფით დავწერე ლექსი "მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო" და შემდეგ ტექსტი ტელეფონით ვუკარნახე. ლექსი საგანგებოდ "ქართული ხმებისთვის" შევქმენი.

თუ გნებავთ, საიდუმლოს გაგიმხელთ. ის მარტოხელა ქალბატონი მე გახლავართ. იმ პერიოდში ძალიან დაძაბული ურთიერთობა მქონდა მეუღლესთან, რომელიც მღალატობდა, როგორც ქალს და აგრეთვე ღალატობდა ჩემს პოლიტიკურ პრინციპებს. იმ პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისში, პოლიტიკური მოტივით ბევრი ოჯახი დაინგრა. ერთ-ერთი ჩვენი "ბუდეც" იყო. მიუხედავად იმისა, რომ "იტალიური წყვილი" გახლდით, ჩვენს დაშორებას ვერავინ წარმოიდგენდა. მოკლედ, ეს მარტოხელა, მარტოსული ქალი, რომელიც მთელ საქართველოს შეუყვარდა, მე გახლავართ...