1728312638
თბილისის კლუბში ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულებით გადაახდევინეს - დაკავებულია კლუბის თანამშრომელი
პოლიციამ უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 14 იანვარს თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა გერმანელ ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, მან შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.
„საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“,- ნათქვამია განცხადებაში.