გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ახალი წლის პირველივე დღეს ათენის ცენტრში პირველი შეკვეთილი მკვლელობა მოხდა.
მოკლული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია.
ე.წ ქურდული შურისძიების ვერსია, ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდის მკვლელობის საქმეში, ყველაზე აქტუალურია, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ შოთა თევდორაძის ახლობლები კრიმინალურ სამყაროსთან მის კავშირს საჯაროდაც ადასტურებენ. სახლში, სადაც შოთა თევდორაძე საბერძნეთში წასვლამდე ცხოვრობდა, ახლა ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან.
შოთა თევდორაძეს 5 ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც ის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ოჯახის წევრების თვალწინ საკონტროლო გასროლა, სავარაუდოდ ქილერმა, თავის არეში განახორციელა, 41 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ბერძენი სამართალდამცველები მკვლელის ვინაობის დასადგენად და მის დასაკავებლად ამ დრომდე მუშაობენ, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია ქართული მხარეც.
მკვლელობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია გავრცელდა - მათ შორის, ერთ-ერთია დაპირისპირება ნარკოტიკების თემაზე, თუმცა ეს მოტივი გარდაცვლილის ნაცნობებმა კატეგორიულად გამორიცხეს.
ე.წ კანონიერი ქურდის მკვლელობის საქმეზე, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის, შურისძიებაზე. ამ მოტივს რამდენიმე მიზეზიც ამყარებს.
„კურიერის“ ინფორმაციით, თევდორაძემ ზაფხულში, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები შეკრიბა, სადაც კონკრეტული პირების სტატუსი უნდა განეხილათ. ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა შაქრო კალაშოვის გარემოცვის წევრებში. ვაჟა ბიგანიშვილმა, იგივე ვაჟა „თბილისკიმ“, ქურდულ სამყაროში კალაშოვის გვერდის ავლით კონკრეტული გადაწყვეტილებები გააპროტესტა და შეკრების ინიციატორებს ანგარიშსწორებით ღიად დაიმუქრა.
მეორე ვერსიით, გავლენიანი ავტორიტეტის მკვლელობის უკან, შესაძლოა, ჩეჩნური დაჯგუფება და ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ დომბაევი იდგეს. მას კრიმინალურ წრეებში „შალინსკის“ სახელით იცნობენ. „კურიერმა“ გაარკვია, რომ დომბაევს თევდორაძესთან უთანხმოება ჰქონდა, თევდორაძე შალინსკის „ქურდულ სტატუსს“ არ აღიარებდა, რასაც „კურიერის“ მიერ მოპოვებული წერილიც ადასტურებს.
მკვლელობის ოფიციალური ვერსიის გავრცელებამდე, ჯერ კიდევ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, დანაშაულის ჩამდენი პირის გარდა, სავარაუდოდ, სხვების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთება და გამოძიების კვალი, შესაძლოა, შეკვეთილ მკვლელობაზე გავიდეს.