შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1727982002
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „ომიკრონის“ ახალ ქვევარიანტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის დღემდე არსებულ „ომიკრონის“ მუტაციებს შორის ყველაზე სწრაფად გადამდებია.
რაც შეეხება სეზონურ რესპირატორულ ვირუსებს, ივანე ჩხაიძის თქმით, ქვეყანაში ძირითადად გავრცელებულია გრიპის ვირუსი და კორონავირუსი.
„ორივე ძალიან აქტიურია და ზამთრის პერიოდში მათი აქტიურობა მოსალოდნელი და პროგნოზირებადი იყო. საქართველოში ახლა რაც ხდება, არაფრით განსხვავდება პანდემიამდე პერიოდის მდგომარეობისგან. განსხვავება არის გარკვეულწილად კორონავირუსის სიჭარბე. რაც შეეხება ინფიცირების პიკს, ნოემბრის შუა რიცხვებში იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებებით ინფიცირების მხრივ. დეკემბერი-იანვრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი მცირდებოდა, თუმცა არ ვამბობთ, რომ ეს შემცირება სტაბილურად გაგრძელდება. არსებობს მოლოდინი, რომ იანვარ-თებერვალში ისევ იყოს მატება. ეს მაჩვენებელი არ სცილდება საშუალო მაჩვენებელს, რაც ფიქსირდებოდა კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდში. სიმძიმის თვალსაზრისით, ძირითადი საფრთხე სწორედ გრიპის ვირუსიდან მომდინარეობს. ახლა ძირითადად ცირკულირებს A ტიპის ვირუსი, ნაწილი H1N1 ტიპის ვირუსით არის გამოწვეული, ნაწილი – H3N2 ტიპის ვირუსით. გრიპის ვირუსით მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი სისუსტე, თავისა და კუნთების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების განვითარების მაღალი რისკი ახასიათებს გრიპს. ამიტომ ძირითადი აქცენტი და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი სწორედ გრიპზე მოდის“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ამავდროულად, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანაში დღეს არსებული ინფიცირების მონაცემები არ მიუთითებს, რომ დღის წესრიგში შეიძლება დადგება სკოლებში სწავლის დაწყების გადავადების ან ფორმატის შეცვლის საკითხი.
„სასწავლო პროცესის განახლება ყოველთვის დაკავშირებულია დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის თავშეყრასთან. შესაბამისად, ინფიცირების მატება მოსალოდნელია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველთვის ასე ხდებოდა წინა წლების განმავლობაში. მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა ეს მაჩვენებელი იმდენად დიდი, რომ ამას გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების რეკომენდაცია მოჰყვეს. დღევანდელი მონაცემებით, ასეთი აუცილებლობა არ არის. ინფიცირების ის ციფრი, რაც ქვეყანაშია, არ მიუთითებს, რომ ახლა დღის წესრიგში დგას სკოლებში სწავლის დაწყების გადავადების ან ფორმატის შეცვლის საკითხი. ეს არის სტანდარტული მდგომარეობა, ის, რაც ახასიათებს სეზონურ მატებას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.