„როცა მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალის საქმე არ არის, ორმაგი პასუხისმგებლობით მოვეკიდე...“ - გაიცანით პირველი დრამერი გოგო საქართველოში

ელისაბედ ავალიშვილი

საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპული დამოკიდებულებები, როდესაც ქალისა და კაცის საქმეს ყოფენ და ფიქრობენ, რომ რაც კაცს გამოსდის, შეუძლებელია ქალისთვის. მაგალითად, ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს და თქვას, რომ ქალს დრამთან არაფერი ესაქმება და ეს „ძლიერი სქესის“ წარმომადგენლის საქმეა.

ადამიანების შინაგანი ემოციების დანახვა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ, არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც დასარტყამ ინსტრუმენტებთან მდედრობითი სქესის წარმომადგენელს დაინახავთ. ქალები იბრძვიან და ყველას უმტკიცებენ, რომ მათთვის შეუძლებელი არაფერია.

„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ საქართველოში პირველ დრამერ გოგოს, რომელმაც სტერეოტიპები დაამსხვრია. 16 წლიდან დრამზე დაკვრა დაიწყო და დღეს უკვე საკუთარი ბენდი ჰყავს.

23 წლის ელისაბედ ავალიშვილი  დრამერია. მან სხვა გოგონებს სტიმული მისცა, რომ თავიანთი ოცნებები რეალობად ექციათ და ეკეთებინათ ის, რაც მათ სიამოვნებთ და ყველაზე მეტად უყვართ.

ელისაბედი სხვებს შთააგონებს, რომ ყოველთვის უნდა იბრძოლო და ბევრი უნდა იშრომო ოცნების და მიზნების ასრულებისთვის.

ელისაბედ ავალიშვილი: - 8 წლის ასაკიდან პერკუსიაზე დაკვრა დავიწყე. 16 წლის რომ გავხდი, ქავერ ბენდში ამიყვანეს, სადაც პერკუსიაზე ვუკრავდი და პარალელურად, დრამზე დაკვრას ვსწავლობდი. 18 წლის რომ გავხდი, ჩემი ბენდი, ELIS BAND შევქმენი და დღემდე აქ ვმოღვაწეობ. კლუბებში და კორპორატიულ წვეულებებზე ქავერებს ვუკრავთ, მაგრამ საავტორო სიმღერებზეც ვმუშაობთ.

- პირველი დრამერი გოგო ხარ, რატომ დაინტერესდი მაინცდამაინც ამ მიმართულებით?

- ბავშვობაში დასარტყამ ინსტრუმენტებს რომ ვხედავდი, სულ მქონდა განცდა, რომ ჩემი იყო. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მეუბნებოდნენ, რომ ეს ქალის საქმე არ არის და თავს ვერ გავართმევდი.

- ოჯახი იყო წინააღმდეგი?

- სტერეოტიპული წინააღმდეგობის მსხვერპლი გავხდი, ოჯახს, დედას არ სურდა ამ მიმართულებას გავყოლოდი. დიდ ძალას მოითხოვს დრამი და ქალს ამხელა ძალა არ აქვს, რომ ზუსტად ის ბგერა გამოსცეს, რაც დრამერს სჭირდებაო. თუმცა, არავის დავუჯერე. დღეს მთელი ოჯახი გვერდით მიდგას. უხარიათ, რომ არ დავუჯერე და ამ საქმეს ბოლომდე გავყევი. 

- ვისგან გამოგყვათ მუსიკალური ნიჭი და მუსიკისადმი ინტერესი?

- დედაჩემი წლების მანძილზე მღეროდა სხვადასხვა ანსამბლში, საკუთარი კვარტეტიც ჰქონდა, ახლა კი ივენთ-მენეჯერი და რესტორატორია,  გიტარაზე უკრავს, წერს სიმღერებსაც...  ბაბუაჩემი მურმან ივანაძე იყო უნიჭიერესი, თვითნასწავლი პიანისტი, ასევე აკორდეონზეც არაჩვეულებრივად უკრავდა და თავისი ბენდიც კი ჰყავდა ჩამოყალიბებული.  გარდა დრამისა, ბასზე და კლავიშზე ვაწყობ კომპოზიციებს, რომელიც მიყვარს. არ ვმღერი ხოლმე, მაგრამ ბენდში ზოგჯერ ვრეპავ.

- ოჯახს თუ სურდა, რომ ზოგადად მუსიკალურ კარიერას გაჰყოლოდი?

- ბავშვობიდან კარგად ვხატავდი და დედას სურდა, სამხატვროზე ჩამებარებინა, მაგრამ მუსიკაში რაც პროფესიულად შევედი, საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე.

- რა მიზანი გაქვს?

- ჩემი, როგორც ყველა მუსიკოსის მიზანია, რომ  საუკეთესო მუსიკოსებთან დაკვრა შევძლო და საზღვრებს გარეთ გავიდე, ბევრი გასტროლი მქონდეს, ყველა მიცნობდეს...

- ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი / მთავარი წარმატება რა იყო?

- საქართველოში ჩამოსული იყო ჯგუფი Ghost-Note, რომელიც უკრავს ჯაზს, ფანკს და „რესპუბლიკაში“ ჰქონდათ კონცერტი. კონცერტის შემდეგ დახურული ივენთზე დაუკრეს და მეც შემთხვევით მოვხვდი იქ. მათ შემდეგ მეგობრებთან ერთად დავუკარი, რა დროსაც შემოგვიერთდნენ, დაუკრეს ჩვენთან ერთად, სოლოც დამაკვრევინეს და შემდეგ გამომეხმაურნენ, Instagram-ზეც გამომიწერეს, მომწერეს... ჩემთვის ეს ძალიან გარდამტეხი მომენტი იყო, რამაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცა, რომ ჩემ თავზე ვიმუშაო და უფრო განვვითარდე.

- რა სირთულეებს აწყდები მუსიკალურ კარიერაში?

- სირთულეები ბევრია, განსაკუთრებით დრამერი გოგოსთვის. რთულია დრამის წაღება, საბედნიეროდ, მყავს ბენდის წევრები, რომლებიც მეხმარებიან და მძიმეებს არ მაწევინებენ (იცინის). მაგრამ აწყობა-დაშლაც ასე თუ ისე, რთული საქმეა.

უნდა იყო სულ ფორმაში, სულ მაკიაჟით. არ უნდა გემჩნეოდეს, თუ ცუდად იყავი. არ ვთვლი, რომ დრამი მხოლოდ კაცების საქმეა. ქალებსაც შეგვიძლია, რადგან ძლიერები ვართ.

პირველი დრამერი გოგო ვარ და ახლა ვხედავ, რომ ძალიან ბევრ გოგოს გაუჩნდა სურვილი დრამს მიჰყვნენ. ერთმა გოგომ მომწერა, სულ მინდოდა დრამზე დაკვრა მესწავლა და მოტივაცია შენ მომეცი, შენი წყალობით, დრამზე დაკვრა დავიწყეო. ძალიან მიხარია, მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო.

- რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოში სწავლა ამ მუსიკალური მიმიდნარეობის?

- მე ძირითადად, ჩემით ვისწავლე. ვფიქრობ, რახან პერკუსიაზე დავიწყე დაკვრა, ამან გამიადვილა. ახლა პედაგოგთან დავიწყე სიარული, რომ ტექნიკა უფრო მეტად დავხვეწო. ბევრი დრამის სკოლაა და ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვერც ერთი მასწავლებელი გასწავლის ისე, როგორც საკუთარ თავზე მუშაობა, ეს ყველაზე მთავარია.

- რა როლი აქვს დედას შენს ცხოვრებაში?

- ჩემს ბენდს სახელი დედამ დაარქვა. დედაჩემი რომ არა, ვერ ვიქნებოდი ის, ვინც ახლა ვარ. ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანია. ერთადერთი, რაშიც მას არ დავემორჩილე და არ დავუჯერე, იყო ის, რომ გავხდი დრამერი. რომ დაინახა, ასე ძალიან მინდოდა და მიყვარდა,  უფრო და უფრო მოსწონს და გვერდით მიდგას. არის როგორც ჩემი მეგობარი, ასევე მენეჯერი.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ დედა-შვილს?

- ჩვენს შორის სხვაობა 20 წელია და უფრო მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე დედაშვილური. როცა ვკამათობთ, საბოლოოდ, ერთ აზრამდე ვჯერდებით.

პირად საკითხებში არ ერევა, თუმცა, მუდმივად საქმის კურსშია, ყველაფერს ვუყვები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედა-შვილს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს.

- და ბოლოს, რას ეტყოდი იმ გოგონებს, რომლებიც სტერეოტიპული გავლენების ქვეშ არიან  და საყვარელი საქმის კეთებას ვერ ახერხებენ?

- როცა მეუბნებოდნენ, რომ დრამი ქალის საქმე არ არის, ამას ორმაგი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ საუკეთესო ვიყო.

21-ე საუკუნეში ქალის და კაცის საქმე აღარ უნდა არსებობდეს. არ მინდა ვიყო ქალი დრამერი, მინდა ჩვეულებრივი, პროფესიონალი დრამერი ვიყო და არ მინდა, სქესის მიხედვით მანსხვავებდნენ. ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, რასაც მოვინდომებთ.