"საზოგადოებამ ეს ორი ფოტოსესია ერთმანეთთან დააკავშირა..." - ექსკლუზიური ინტერვიუ Balenciaga-ს სკანდალური ფოტოსესიის ავტორთან

ბალენსიაგა

ბოლო პერიოდია, რაც Balenciaga კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გახვეული. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდს ბავშვთა ექსპლუატაციის წახალისებაში ადანაშაულებენ. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც Balenciaga-მ Balenciaga Gift Shop კამპანიის ფარგლებში ცნობილი ფოტოსერია გამოაქვეყნა, ფოტოებზე კი ბავშვები პოზირებენ. მათ ხელში ბრენდის, სათამაშო დათვის ფორმიანი, ხელჩანთები უკავიათ. დათვებს კი ბადიანი მაისურები და ტყავის ტანსაცმელი აცვიათ, რაც ზოგისთვის სექსუალური ხასიათის ფანტაზიებთან ასოცირდება. 

Balenciaga-მ ბოდიში რამდენჯერმე მოიხადა, ხოლო ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა თავად აიღო. ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა.  დაადანაშაულეს იტალიელი დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი გაბრიელ გალიმბერტი, რომელმაც გადაიღო ფოტოსესია.

იმის გასაგებად თუ რა მოხდა სინამდვილეში, „დილა მშვიდობისა საქართველო“ სკანდალური ფოტოსესიის ფოტოგრაფს დაუკავშირდა და გაბრიელ გალიმბერტისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

„Balenciaga-მ სექტემბრის ბოლოს დამირეკა - ეს ბრენდთან ჩემი პირველი შეხება იყო.  მათ მითხრეს, რომ მოეწონათ ჩემი წიგნი, რომელიც 2014 წელს გამოვეცი, სახელწოდებით, „სათამაშოების ისტორია“. ამ დოკუმენტური პროექტის მიზანი იყო, გადამეღო ბავშვები თავიანთ საყვარელ ნივთებთან, სათამაშოებთან ერთად.  ვიმოგზაურე 50-ზე მეტ ქვეყანაში და გადავიღე უამრავი პატარა, მათთვის საყვარელ ნივთებთან ერთად.

Balenciaga-მ მითხრა, რომ სურდა მსგავსი შინაარსის ფოტოსესია მათი სადღესასწაულო კამპანიისთვისაც გადამეღო. დაიწყო მოლაპარაკებები. მათ გამომიგზავნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფოტოსესიაში მონაწილეობას მიიღებდნენ Balenciaga-ში მომუშავე ადამიანების შვილები. მივიღე PDF ფაილი, სადაც ჩამოთვლილი იყო ის საგნები და ნივთები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ფოტოსესიაში - ფეხსაცმელები, სათვალე და ასევე სათამაშო დათვის ფორმის ჩანთები.  ასევე, მითხრეს რომ ფოტოსესიის მთავარი თემა „პანკი“ უნდა ყოფილიყო. მეც დავთანხმდი და რამდენიმე კვირაში, ოქტომბრის თვეში პარიზში ჩავედი.

ფოტოსესია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც გადასაღებ მოედანზე მივედი, იქ Balenciaga-ს 25-მდე თანამშრომელი დამხვდა. მათ უკვე შერჩეული ჰქონდათ გადაღებისთვის საჭირო ინვენტარი, რომელიც გადმომცეს და მე, განათების შესაბამისად, განვალაგე ისინი.  რაც შეეხება იმ  სათამაშო დათვის ჩანთებს, სადაც დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ - Balenciaga-ს გუნდმა მითხრა, რომ ეს „პანკის“ ნაწილი იყო. სიმართლე გითხრათ, როცა მათ შევხედე, არც კი მიფიქრია, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა, სექსუალურ ფანტაზიებთან და ე.წ.BDSM-სთან ყოფილიყო ასოცირებული.

თავდაპირველად სატესტო ფოტოები მანეკენებს გადავუღეთ. შემდეგ ეს სურათები Balenciaga-ს მთავარ ოფისში გადაგზავნეს. მათგან დასტურის მიღების შემდეგ კი მოიყვანეს ბავშვები. ფოტოსესიის შემდეგ დამუშავებული სურათები რომლებიც Balenciaga-ს გავუგზავნე - ასე დასრულდა ჩვენი თანამშრომლობა“,- ამბობს ფოტოგრაფი.

ამ ყველაფერს მალევე დაემატა ბრენდის მეორე კამპანიის სურათები, რომლებიც Balenciaga-მ Adidas-სთან კოლაბორაციის ფარგლებში გადაიღო და რომლებზეც ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების მასალები ჩანს.

„ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კი  ბრენდმა  მეორე კონტრავერსული კამპანიის სახელწოდებით  Garde-Robe-ის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვების ფოტოსესიამდე, 2 თვით ადრე, ნიუ-იორკში Adidas-თან კოლაბორაციის ფარგლებში გადაიღო და რომლის ფოტოგრაფიც მე არ ვყოფილვარ.  ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების ამობეჭდილი მასალები სოციალურ ქსელის მომხმარებლებმა  სწორედ ამ კამპანიის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოზე აღმოაჩინეს.

საზოგადოებამ ეს ორი ფოტოსესია ერთმანეთთან დააკავშირა - ეს უკვე სრული სკანდალი იყო.

Balenciaga-მ ფოტოები მალევე წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, გავრცელებულ განცხადებაში არ ჩანდა, რომ პასუხისმგებლობას ბრენდი საკუთარ თავზე იღებდა.

შესაბამისად, მომხდარში ყველამ მე დამადანაშაულა, თითქოს მე შევარჩიე ეს თემა და გადასაღები სივრცის ინვენტარი. მომაწერეს იმ ფოტოსესიის ავტორობაც, რომელიც საერთოდ არ გადამიღია, და რომელიც Balenciaga-მ  ადიდასთან ერთად ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, სანამ მე დამეკონტაქტებოდა რომელზეც ბავშვთა პორნოგრაფიაზე სასამართლო გადაწყვეტილებების ამობეჭდილი მასალები ჩანდა.

სანამ დემნა პერსონალურ განცხადებას გაავრცელებდა და პასუხისმგებლობას აიღებდა, ერთი კვირის განმავლობაში, უამრავ შეტყობინება მივიღე, სადაც მადანაშაულებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვმკვდარიყავი და პედოფილს მიწოდებდნენ“,- აღნიშნავს გაბრიელ გალიმბერტი.

მისივე თქმით, ამ ყველაფერმა სერიოზული ზიანი მიაყენა ფოტოგრაფის პროფესიულ კარიერას.

მან დაკარგა რამდენიმე სამსახური, გაუქმეს გამოფენა, რომელიც 7 დეკემებრს უნდა გამართულიყო. ასევე, National Geographic-მა პუბლიკაციის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა. მას უნდა გადაეღო ცნობილი იტალიელი მომღერლის, ახალი ალბომის გარეკანი, თუმცა, ამაზეც უარი მიიღო.