თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„ფეხსაცმელების დედოფალი”, – ასე მოიხსენიებდნენ დიზაინერ თათა ვარდანაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოში. თათამ მაშინ ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინის შექმნით გაითქვა სახელი… დიდი ხნის განმავლობაში იგი საზოგადოებიდან გამქრალი იყო. როგორც აღმოჩნდა, დიდი განსაცდელები გადაუტანია და ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა.
დიდი პაუზის შემდეგ თათა ვარდანაშვილი გეგმავს დაუბრუნდეს საქმიანობას და დაწყებული საქმე გააგრძელოს. სამომავლო გეგმების შესახებ დიზაინერი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
„სამწუხაროდ, ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანე. ფიზიკურად და მორალურად ცუდად ვიყავი. ხერხემალზე რაღაც პრობლემები მქონდა. რაღაც პერიოდი ბავშვებს ვასწავლიდი საქმიანობას. დანადგარებიც აღარ მქონდა სათანადოდ და ისე საქმიანობის გაგრძელება არ მინდოდა.
ტრაგიკულად გადავიტანე ისიც, რომ ჩემი სასწავლებელი შავნაბადას სასულიერო გიმნაზიას გადასცეს და ბოლოს მივხვდი, რომ ახლიდან როგორმე ფეხზე უნდა დავდმგარიყავი. ვფიქრობ, რომ მომავალი წლიდან ნელ-ნელა დავუბრუნდები. ამ წუთში პატარა პაუზა მაქვს, ვფიქრობ საიდან დავიწყო, რომ დავლაგდე. ძალიან მინდა,რომ თელავის რომელიმე სასწავლებელში გავხსნა კლასი, რადგან წარმომავლობა იქიდან მაქვს და მინდა იმ კუთხეში ადამიანებისთვის მოტივაცია ვიყო.
2015 წლიდან დღევანდელ დღემდე ხელფასი არ მიმიღია. იჯარით ვცხოვრობ. ეს არ იყო მარტივი.... ცოტა არ იყოს, საზოგადოებაში გამოჩენისაც მრცხვენოდა“, - ამბობს თათა ვარდანაშვილი.
თათა ვარდანაშვილისთვის ყველაზე რთული პერიოდი მაინც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
„ზოგადად, დეპრესიისკენ მიდრეკილი ადამიანი არ ვარ, თუმცა ყველაზე ტრაგიკულად გადავიტანე მამის გარდაცვალება. შარშან გარდაიცვალა. მამა იყო ჩემი ერთადერთი მეგობარი. ხელჩაკიდებული დავდიოდი მთელი ცხოვრება და საყრდენი რომ გამომეცალა, დავკარგე ყველაზე ძვირფასი და კეთილი მეგობარი. ამას დეპრესიას ვერ დავარქმევ. ეს იყო ტრაგედია ვერ გამოთქმული სიყვარულის გამო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა ისე, როგორც მამას გაუხარდებოდა.
ზუსტად მაშინ, როდესაც ჯერ მოძღვარი დავკარგე, შემდეგ მამა, მაშინ გავიგე მამაო ჩვენოს მთავარი შინაარსი და მივხვდი, რომ ზოგადად ის მშობლები არ კვდება, რომელსაც კარგი შვილი ჰყავს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი მომავალი მიმეძღვნა ჩემი მოძღვრის და მამაჩემის კეთილი ხსოვნისთვის. მამაც და მოძღვარიც უკურნებელი სენით დაიღუპნენ. მადლობა ღმერთს, რომ სულიერი შვილებიდან ბოლოს მე ვნახე და მოძღვართან ერთად ვიყავი ბოლო წუთებამდე, ისევე როგორც მამის გვერდით“, - ამბობს დიზაინერი.