„ნაცმოძრაობა“ თავმჯდომარის არჩევის პროცესს დღეიდან იწყებს

"ნაციონალური მოძრაობა"

"ნაცმოძრაობა" თავმჯდომარის არჩევის პროცესს დღეიდან იწყებს, შედეგებს საზოგადოება 30 იანვარს გაეცნობა, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება.  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნინო კვიტაიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს, დილის 10:00 სთ-დან დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება.

„დღეს დაიწყება თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი. ამ მიზნით „ფეისბუქის“ ჩვენ ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ბმული, რომელზეც ხელის დაჭერის შემთხვევაში ამომრჩეველი სარეგისტრაციო ფანჯარაში გადადის, სადაც მას შეჰყავს თავისი პირადი მონაცემები: გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც იგი მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და ვერიფიკაციის კოდის გააქტიურების შედეგად, ის ხდება ამომრჩეველთა ერთიან პროცესში. თავად რეგისტრაციის პროცესი დღეიდან წარიმართება 26 იანვრის დილის 10:00 სთ-მდე.

პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ პროცესი, როგორც ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებით, ისე ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს დაუჭირა მხარი, არ იქნა საზოგადოებისთვის ცნობილი. ანუ, პროცესი მთლიანად იქნება ფარული და შედეგებს საზოგადოება გაეცნობა 30 იანვრის დილით, როდესაც ხმის მიცემის პროცედურა დასრულდება. ხმის მიცემის პროცედურა იქნება 48 საათის განმავლობაში, 28 იანვრის დილის 10:00 სთ-დან 30 იანვრის დილის 10:00-საათამდე“, - განაცხადა კვიტაიშვილმა.