1728499899
„ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ფლანგს არ ადარდებს პატიმარი სააკაშვილი, მოასვენონ, რატომ აწვალებენ - ზარქუა
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ე.წ. მაგნიტსკის სიაზე საუბარი არასერიოზულია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დედამაც იცის, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ ფლანგს არ ადარდებს.
„მერამდენედ უნდა დამტკიცდეს, რომ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, სამარცხვინოა, არც პოლიტიკაში ჯდება და არც პერფორმანსში. მოასვენონ პატიმარი სააკაშვილი, რატომ აწვალებენ. პოლიტიკურად დაიწყეს მისი გამოყენება და სწორია გიული ალასანია, შეშფოთებული რომ არის, ნამდვილად პარაზიტობენ. „ნაცმოძრაობის“ არცერთ ფლანგს არ ადარდებს პატიმარი სააკაშვილი, რადგან კეთილის მსურველები ეტყოდნენ, მიატოვე შიმშილობა, ობსტრუქცია და ექიმებს დაემორჩილეო. ეს იცის პატიმარ სააკაშვილის დედამაც და ეს გამოხატა იმ ფარულ ჩანაწერში, რომელზეც, როგორც გავიგე, იყო შეთავაზება, რომ გადაემოწმებინა, იყო თუ არა სინამდვილე და უარი თქვა. მაშინ გასაგებია ყველაფერი. „მაგნიტსკის სიაში“ რუსეთისგან დევნილი ადამიანები არიან შეყვანილი და სააკაშვილის სიაში ვინ შეჰყავთ, ექიმები და ექთნები, ვინც დღე და ღამე მუშაობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი კარგად იყოს, თავს ევლებიან და უვლიან, ეს ადამიანები შეჰყავთ სიაში? თუ მოსამართლეებზე უნდათ, ზეწოლა განახორციელონ ამდაგვარი მიდგომით? ეს ყველაფერი სამარცხვინოა. გვესმის, რომ ეს მათი ხელწერაა, მაგრამ დრო და სივრცე აერიათ. ისინი ხელისუფლებაში აღარ არიან, როცა მანიპულაციას მიმართავდნენ და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას. 2012 წლიდან რამდენი სია აქვთ შედგენილი, მგონი, მე-7, მე-8 სია აქვთ. ვინც სიმართლეს ეუბნება და არ მოსწონთ, სიაში ისინი შეჰყავთ და შემდეგ ეს სიები სად მიაქვთ, ერთმანეთს უზიარებენ? ძველი სიები მაინც გამოაჩინონ, ვინმე დავიმატეთ, გამოაკლდა? გავაკეთოთ აუდიტი, რად უნდათ ეს ახალი სიები?“ – განაცხადა ზარქუამ.