პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. პუტინთან ერთად, საბრალდებო სკამზე ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მარია ლვოვა-ბელოვასაც დასვამენ.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინის ტერიტორიაზე ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება ერთი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გაჩაღებიდან მალევე, 2022 წლის მარტში დაიწყო.
ჰააგის გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელს უწოდებს პესკოვი. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მისი გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად მიაჩნია.
„საკითხის თავად ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია, რუსეთი, ისევე როგორც სახელმწიფოთა რიგი, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მხრივ ძალადაკარგულია”, - განაცხადა პესკოვმა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინის სიტუაციის კონტექსტში გამოსცა დაპატიმრების ორდერები ორ პირზე: ბატონ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინსა და ქალბატონ მარია ალექსეის ასულ ლვოვა-ბელოვაზე.
ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენის - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის გამო (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)). დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ბატონ პუტინს ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოთ დასახელებული დანაშაულებისთვის - რომ მან ეს ქმედებები ჩაიდინა თავად, სხვებთან ერთად და/ან სხვების მეშვეობით (მუხლი 25(3)) და რომ მან ვერ შეძლო სათანადოდ გაეკონტროლებინა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს, ან დაუშვეს მათი ჩადენა და რომლებიც მისი ეფექტური ხელმძღვანელობისა და კონტროლს ქვეშ იმყოფებოდნენ (მუხლი 28 (ბ))“.
რაც შეეხება მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვას:
"ქალბატონი მარია ალექსეის ასული ლვოვა-ბელოვა, დაბადებული 1984 წლის 25 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფისის ბავშვთა უფლებების კომისარი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე - მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანის (რომის სტატუტის მუხლები 8(2)(a)(vii) და 8(2)(b)(viii)) გამო. დანაშაულები სავარაუდოდ ჩადენილია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სულ მცირე 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ.
არსებობს დასაბუთებული საფუძველი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონ ლვოვა-ბელოვას ეკისრება ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დასახელებულ დანაშაულებში, მათი პირადად, სხვებთან ერთდ და/ან სხვების მეშვეობით ჩადენისთვის (რომის სტატუტის მუხლი 25 (3))“.
2022 წლის მარტში, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა.
კერძოდ, ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ: მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი); ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი); დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი). გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.
პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
2016 წლიდან საქართველოს მთავრობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით, გენერალური პროკურატურისა და ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისთან და აწვდიდა გამოძიების ჯეროვანი წარმართვისათვის საჭირო სრულყოფილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისს მიეწოდა, სხვებს შორის, სტრასბურგის სასამართლოში აგვისტოს ომის საქმის მოსაგებად შეგროვებული და წარდგენილი ასეულობით მტკიცებულება.
ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის ახლანდელი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარდგენის შედეგი და სტრასბურგის ისტორიული გამარჯვების ლოგიკური გაგრძელებაა.
რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე.
აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.
რა დანაშაულებს იძიებს ICC?
ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, გენოციდი და აგრესიის დანაშაული - ესაა ოთხი სამართალდარღვევა, რომლებსაც ICC განიხილავს.
ICC-ის მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ უკრაინაში ჩადენილი იყო ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
ომის დანაშაულები განსაზღვრულია გაეროს მიერ, შემუშავებულია ჟენევის კონვენციებზე, რომლებიც ადგენენ ომის დროს ჰუმანიტარული მოპყრობის საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
1949 წლის ჟენევის კონვენცია შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და განსაზღვრავს ომის პატიმართა ძირითად უფლებებს, იცავს დაჭრილებს და ომის ზონაში და მის გარშემო მშვიდობიანი მოსახლეობას.
ომის დანაშაულების გრძელი განმარტება, სხვათა შორის, მოიცავს აკრძალული იარაღის ტიპებს, საავადმყოფოების და რელიგიის, განათლების, ხელოვნების, მეცნიერების შენობების მიზანში ამოღებას.
ომის დანაშაულები მოიცავს განზრახ მკვლელობას, განზრახ ძლიერ ტანჯვას, ფართომასშტაბიან განადგურებას და ქონების მითვისებას, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის ან ობიექტების განზრახ მიზანში ამოღებას.
კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები მოიცავს განზრახ მკვლელობას, რომელიც „ჩადენილია როგორც ნაწილი ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმისა, რომელიც მიმართულია ნებისმიერი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
აგრესიის დანაშაული მოიცავს სხვა სახელმწიფოში შეჭრას, პორტების დაბომბვას და ბლოკადას.
ნანა ჩხაიძე