თურქეთში უამინდობის გამო 38 რეისი გაუქმდა - ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს
1732350445
პენტაგონში 25 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე რაიდერმა სიცრუე უწოდა რუსეთის მტკიცებას, რომ უკრაინა „ბინძურ ბომბს“ ამზადებს.
პრესმდივნის თქმით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს აქვს თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ნებისმიერი სახის ბირთვული ან რადიოლოგიური აფეთქების აღმოსაჩენად, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება და ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში აკვირდება.
ცოტა უკან რომ გადავახვიოთ მოვლენები, ასეთი სურათი გვქონდა: როცა თებერვალში პუტინის არმია უკრაინაში შეიჭრა, მისი გარემოცვის ყველაზე "ბასრნისკარტიანი ქორები" პრეზიდენტს ტოტალური ომის გამოცხადებისაკენ მოუწოდებდნენ, პარალელურად კი - მკაცრი სახელმწიფო კონტროლის შემოღებას ეკონომიკის დიდი ნაწილის მიმართ. ვლადიმერ პუტინი ყოყმანობდა - მთავრობაში მომუშავე ტექნოკრატებმა და ეკონომიკურმა ლიბერალებმა მისი შეჩერება მოახერხეს. იმ დროს ვლადიმერ პუტინის ვარაუდები სრულიად არარეალურ პროგნოზს ეფუძნებოდა, რომ ეს იქნება სწრაფი და ძლევამოსილი ომი და რომ დასავლური სანქციები შეზღუდული იქნება. ახლა, როცა მოსკოვი გამარჯვებაზე აღარ ფიქრობს და თავგანწირულად ომის ფრედ დამთავრებას ცდილობს, ხოლო დასავლეთთან რამე ახალი "გადატვირთვის" შესაძლებლობა უკიდურესად დაბალია, სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება სიტუაციის ისე წარმოჩენა, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის.
ამის მიუხედავად, ჯერჯერობით ვლადიმერ პუტინი მაინც ორჭოფულ მდგომარეობაშია - მისთვის ძნელია, სრულად გადავიდეს "ტექნოკრატების" ან "ქორების" პოზიციაზე, ან მთლიანად აიღოს საკუთარ თავზე იმის პასუხისმგებლობა, რასაც თვითონ დაგეგმავს და გააკეთებს.
ბრიტანული ჟურნალი The Spectator-ი პუტინის გადაწყვეტილებებში ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევს პუნქტს, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ობიექტის მუშაობის გაკონტროლებას და მათი თავდაცვის მიზნით გამოყენებას - იგულისხმება ტრანსპორტი, სტამბები, კომპიუტერული ცენტრები, აგრეთვე - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინც წესებს არ დაემორჩილება და უკმაყოფილებას გამოხატავს, ყველა შეიძლება დააპატიმრონ - გაფიცული მძღოლებიდან გაზეთების რედაქტორების ჩათვლით, მათი საწარმო-დაწესებულებები კი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცევა. აი, ასეთი "დრაკონული ზომების" განხორციელება შეიძლება ცენტრალური და სამხრეთ ფედერალური ოლქების ტერიტორიაზე, შეიძლება ითქვას - მოსკოვამდე...
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ, რომელიც თვეების განმავლობაში ტელეფონის ყურმილს უკიდებდა თავის დასავლელ კოლეგებს და პრინციპულად არ პასუხობდა მათ ოფიციალურ ზარებს, ერთმანეთის მიყოლებით თავად ჩამოურეკა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს და "დიდი საიდუმლო" გაუმხილა.
შოიგუ შეეცადა თავისი კოლეგების დარწმუნებას, რომ უკრაინის ხელისუფლება, სავარაუდოდ, "ამზადებს პროვოკაციას თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის" ან დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის აფეთქებასთან დაკავშირებით", რომლის მიზანი, რუსული სააგენტოს ცნობით, რუსეთის დადანაშაულებაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
შოიგუს ზღაპრები, რა თქმა უნდა, არც ვაშინგტონში დაიჯერეს, არც ლონდონსა და პარიზში და ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა საკადრისი ოფიციალური პასუხიც გასცეს კრემლის მორიგ ნაბოდვარს.
კრემლის მიერ წარმოდგენილ „საბუთებს“ აქარწყლებს ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ შექმნა რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც საოკუპაციო ძალა ევროპაში ყველაზე დიდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ომის პირველივე დღეებიდან აკონტროლებს.
ზოგიერთი რუსული პროპაგანდისტული რესურსის ცნობით, კიევმა „ბინძური ბომბის“ დამზადება დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს და კიევის ბირთვული კვლევების ინსტიტუტს დაავალა.
„ბინძური ბომბი“ ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი, რომელშიც რადიოაქტიური მასალა შერეულია ჩვეულებრივ ასაფეთქებელ ელემენტებში. ამ „ბინძური ბომბის“ აფეთქების ტალღა ნაკლებია, ვიდრე ბირთვული იარაღისა, და ის ასევე განეკუთვნება არა ჩვეულებრივ სამხედრო იარაღს, არამედ ტერორისტულს, რადგანაც რადიაცია მოქმედებს უფრო ნელა და შეუძლია უფრო მეტი ადამიანი სრულიად შეუმჩნევლად დახოცოს.
„რადიო თავისუფლება“ ავრცელებს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის კომენტარს, რა შეუძლია „ბინძურ ბომბს“
„რამდენადაც მესმის, „ბინძური ბომბის“ დამზადებისთვის არ არის საკმარისი ბირთვული ნარჩენების მარაგების ქონა. ამას სჭირდება უფრო რთული კომპლექსი და გარკვეული ძალისხმევაა გასაწევი, რისი დამალვაც უკრაინის შემთხვევაში სრულიად შეუძლებელია. პირიქით, უკრაინა მზადაა, რომ ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში ნებისმიერ ობიექტზე ჩატარდეს ინსპექცია. უკრაინაში მუდმივად ჩადის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. ასე რომ, განცხადება, რომ უკრაინას ორ ობიექტზე შეუძლია "ბინძური ბომბის" ფარულად დამზადება, ყოველგვარ აზრს მოკლებულად გამოიყურება, რადგან ამ განცხადებების გადამოწმება საერთაშორისო საზოგადოებას ლამის 24 საათის განმავლობაში შეუძლია", - ამბობს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.
უსაფრთხოების სპეციალისტების თანახმად, ბირთვული ტერორის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ელემენტები: ამერციუმი - 241, კალიფორნია - 252, ცეზიუმი - 137, კობალტი - 60, რადიუმი - 226 და სტრონციუმი - 90. როდესაც კიევს ბრალს უყენებს, მოსკოვი გათვლას იმაზე აკეთებს, რომ უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ბირთვული იარაღი იყო განთავსებული, ჯერ კიდევ უნდა ჰქონდეს შემონახული სახიფათო მემკვიდრეობა.
მაგრამ კრემლის ეს ლოგიკა წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შექმნილ რეალობასთან, - აცხადებს პროფესორი პრეობრაჟენსკი.
„რუსეთი უკვე იქცევა როგორც ბირთვული ტერორისტი. უკრაინასთან ომის დაწყებისთანავე რუსეთმა ხელთ იგდო ორი ატომური - ჩერნობილის და ზაპოროჟიეს - ელექტროსადგური. აქედან ერთი დაიტოვა თავისი კონტროლის ქვეშ და ღმერთმა იცის, თუ რას სჩადის იქ - ხან რთავს და ხან აერთებს მას ძირითად ელექტროქსელთან და, შესაბამისად, აეს-ს გამუდმებული საფრთხის ქვეშ ამყოფებს. როგორც ვარაუდობენ, იქ შეიძლება დატრიალდეს ეკოლოგიური კატასტროფა. ანუ მოხდეს იმავე „ბინძური ბომბის“ აფეთქება, მხოლოდ ამას უწოდებენ ავარიას ატომურ ელექტროსადგურზე. ანუ მთელი ამ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად სჩადის“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.
კვირის პალიტრის ბლოგში დეტალურად არის აღწერილი, როგორ მზადდება და რა შედეგით სრულდება მსგავსი სახლის ბომბის გამოყენება.
ჩვეულებრივი კონტეინერი, რომელშიც მოთავსებულია მაღალი რადიაოქტიური იზოტოპები და დამონტაჟებული აქვს მცირე სიმძლავრის ამფეთქი მოწყობილობა, მხოლოდ იმიტომ, რომ აფეთქების ძალამ კონტეინერის კონსტრუქცია დაშალოს და იზოტოპები რამდენიმე ათეულ ან ასეულ მეტრში მიმოფანტოს, დანარჩენ ტრაგედიას ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კი უხილავი რადიაცია გააგრძელებს...
გასაგებია, რომ ამ დროს არ იწყება ჯაჭვური რეაქცია და არ ხდება ბირთვული აფეთქება...
"ბინძური ბომბის" განმარტებაც პირობითია და ის მსოფლიოს საზოგადოებაში, ძირითადად, ჰოლივუდურმა მძაფრსიუჟეტიანმა მხატვრულმა ფილმებმა გაავრცელეს, როდესაც შვარცნეგერისა თუ სტალონეს კინოგმირები მორიგ საერთაშორისო ტერორისტს, რომელსაც "ბინძური" რადიოაქტიური ბომბის აფეთქება ნიუ-იორკის ცათამბჯენზე ან ვაშინგტონის მეტროში სურდა, წარმატებით ანადგურებს და ამერიკელ მოქალაქეებს დიდ განსაცდელს აშორებს...
სინამდვილეში, "ბინძური ბომბის" კუსტარულად დამზადება, სამწუხაროდ, არცთუ ისე ძნელია, მთავარია მაღალრადიოაქტიური იზოტოპების შოვნა...
იონიზირებადი გამოსხივების გამოყენებით შექმნილ ასაფეთქებელ მოწყობილობას რადიოლოგიურ იარაღსაც უწოდებენ და სანამ დღეს ათასი ჯურის პოტენციური თუ რეალური ტერორისტი მოიფიქრებდა მისი საშუალებით ქალაქების "გაბინძურებას", დიდი სახელმწიფოები მის შეიარაღებაში მიღებაზეც კი ფიქრობდნენ...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვსკის ჰესის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კაშხალი და კახოვსკის ჰესის აგრეგატები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. ამ ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაახლოებით 18 მილიონი კუბური მეტრი წყალია. თუ რუსი ტერორისტები ამ კაშხალს ააფეთქებენ, მაშინ 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი, სწრაფი წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდება", - განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროსაბჭოს სამიტზე გამოსვლისას.
გარდა ამისა, მისი თქმით, კაშხლის აფეთქების შემთხვევაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი სისტემა წყლის გარეშე დარჩება.
უკრაინის პრეზიდენტმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, იქ უკრაინელი პერსონალის დაბრუნება და აგრეგატებისა და კაშხლების დაუყოვნებელი განაღმვის უზრუნველყოფა მოითხოვა.
კახოვსკის ჰესის კაშხალი არის მდინარე დნეპრზე არსებული სამიდან ერთ-ერთი გადასასვლელი, რომელიც რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) ბოლოდროინდელ ანალიზში აღნიშნა, რომ რუსეთმა, ხერსონის რეგიონიდან უკან დახევისას, შეიძლება დააზიანოს კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინას. ეს, ანგარიშის ავტორების აზრით, რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი განცხადებებითაც დასტურდება.
რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, ასეთ საფრთხეს რეალურს უწოდებს პოლიტოლოგი ივან პრეობრაჟენსკი.
„საკმარისია დავაკვირდეთ კიევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმებს და საჯარო სივრცეში არსებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის რუკებს, რომ დავრწმუნდეთ, რომ კახოვკის ჰესის რაკეტებით აფეთქებას რამდენიმე თვე დასჭირდება. რუსეთს კი, რომელიც სამხედრო კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებს ჰესს და, როგორც უკრაინა ამტკიცებს, დიდი ხანია დანაღმული აქვს ეს ობიექტი, ნებისმიერ დროს შეუძლია ააფეთქოს კახოვკის ჰესი და გამოიწვიოს ეკოლოგიური კატასტროფა“, - ამბობს ივან პრეობრაჟენსკი.
ავტორი: ნანა ჩხაიძე