„ბრიგინ–ბრიგინით მოსული საბჭოთა ხელისუფლება“ და კომუნიზმს შეწირული ჯანდაცვის მდივანი - გურული გლეხის წერილი

გურული გლეხის წერილი

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში შემოიჭრა და პირველი რესპუბლიკის მთავრობა დაამხო. საბჭოთა ოკუპაციის შედეგად საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. დამოუკიდებლობის დაკარგვას სასტიკი რეპრესიები, ათასობით ადამიანის დახვრეტა, გადასახლება და პატიმრობა მოჰყვა. 25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს სუვერენიტეტი მარტივად არ დაუთმია - ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია და თავგანწირული ბრძოლა უძღოდა.

1921 წლის 25 თებერვლიდან 105 წელია გასული.

გთავაზობთ სტატიას პრაიმტაიმის არქივიდან - „კომუნისტური შიზოფრენია“


 საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება სასწრაფო წესით შეუდგა ქვეყნის მენშევიკებისგან გაწმენდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანების დასაპატიმრებლად განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდებოდათ.

საკმარისი იყო, რამე დაგეწერა, ან გეთქვა ისეთი, რაც ბოლშევიკებს არ მოეწონებოდათ, რომ ადამიანის ბედი ერთ წამში გადაწყვეტილიყო.

გურული გლეხის, პავლე კალანდაძის გადასახლების საბაბი ის თეთრი ლექსი გახდა, რომელიც მან საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შეთხზა.

თუმცა მიზეზი ის იყო, რომ პავლე კალანდაძე მენშევიკი გახლდათ და მენშევიკების მთავრობაში ჯანდაცვის განყოფილების მდივნის თანამდებობა ეკავა.

პავლე კალანდაძე ჩოხატაურის რაიონში, სოფელ ხიდისთავში ცხოვრობდა. ის საკმაოდ განათლებული იყო, ამიტომ კერძო მოწაფეებიც მრავლად ჰყავდა, მოგვიანებით კი ერთ-ერთი მოწაფე, თამარი, ცოლადაც შეირთო და სამი შვილი შეეძინათ.

პავლე კალანდაძე 1922 წლის თებერვალში ქ. ფოთში დააპატიმრეს.

(ასე მუშაობდა მაშინ „ ჩაშვების“ უნსტიტუტი!) ამას სასწრაფოდ მოჰყვა მისი ბინის ჩხრეკა, მიუსაჯეს იზოლაცია განუსაზღვრელი ვადით.

„ამხანაგო ბიძია“

იმ დასაქცევ 18 მარტს გევიხედე ბიძია და ნეტაი არ გამეხედა.

რაღაცა გააქვს ბრიგინ-ბრიგინი, დრიგინ-დრიგინი, ლიწინ – ლიწინი,

პრიწინ-პრიწინი და მოდის, მარა რა მოდის!

მოდის უშველებელი რევკომი, პროდკომი და პრედრევკომი,

მოდის და მოუძღვება, მოსდევს და რა მოსდევს!

მოდსდევს: პარდკომი, პროდკომი, პრუდკომი, პუსკომი, დოიკომი, უჩასტკომი, ფავრიკომი, ზავომი, გუბრატკომი, მესტკომი, სოვნარხოზი, სორნაოზი,ფარნაოზი, გრუკავროსტისი;

პრახვოსტი, კომხოზი, ფინონდული, ფარნოდელი, ზუბოდელი, ჟილოდელი ჟანდარმები წინანდელი, კომსოიზი პროფსაუზი, კომსომოლა, სოცაბეზა, ნარკომზდრავი,

ზრავოდელი აგენტ-პუქტი,იქით პუნქტი, ზიგიზმუნდი მიგიზმუნდი, ბიგიზმუნდი, ნაჩიბრიგი, ნაჩიდრიგი, ნაჩიდიკი,

ფარპოდი – ღეჩეპოდი სანიტარპოდი და უკან მოსდევს დეზ კარმერა და ჩეკა. მოაქვთ, მარა რა მოაქვთ!

ნეტავი არ მოჰქონდეს, მოაქვთ: შიმშილობა, წყურვილობა, უფულობა, უპურობა, უხორცობა, უღვინობა,

უწამლობა, უბინაობა, უცოლობა, უქმარობა, გაყრა-გამოყრა და გაშტრიგინებული საანკეტო ფურცლები! მოვიდნენ, მარა რა მოვიდნენ! ნეტავ არ მოსულიყვნენ!

დალაგდნენ ქალაქში, ვაგზალში, ქუჩაში, დუქანში, სოფელში, ბოსელშ, შენს ოთახშ, ჩემს ოთახშ, მის ოთახშ, შენს ლოგინში, ჩემს ლოგინში, სხვის ლოგინში.

დალაგდნენ თუ არა, ჩვენ გაგვათავისუფლეს. გაგვათავისუფლეს ჭამისაგან, სმისაგან , დახურვისაგან, ბინისაგან, წამლობისაგან, სიარულისაგან, მოსვენებისაგან, გავლისაგან, გამოვლისაგან და თავისუფლებისაგან.

გაგვათავისუფლეს თუ არა, მერე დააარსეს საქართველოში, მარა რა დააარსეს!  საბჭოთა მთავრობა, სრული უთავობა, შაბათ-კვირაობა, ქუჩის ხვეტა, ეზოს ხვეტა, ჩაის კრება და საანკეტო ფურცლების წერა! მოგვაყენეს გაშტრიგინებული ფურცლები და გვიბრძანეს:

-აჰა, ჩასწერეთ: რა იყავით, იყავით, რაზე იყავით, რა ჭამეთ, რისთვის ჭამეთ, ვინ გაჭამა, ვინ გაგაძღო, რაზე გაძეხი,

სად ცხოვრობდი, რაზედ ცხოვრობდი, რაზე მოდი ან რა გინდა და შემდეგ წააწერეს, მაგრამ რა წააწერეს:

გააძევეთ, ვიკინუტ, დაიჭირეთ, დახვრიტეთ, არესტავაი ვ ჩეკუსაგან! ერთ სიტყვით, ყოლისფერი ბევრი ჩამოიტანეს, მარა ყოველისფერს ჩეკა სჯობია იმით რომ ნიკოლოზის თავს გამოჩეკარეს! (სტილი დაცულია)

რა ბედი ეწია შემდგომში პავლე კალანდაძეს, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ სოფელ ხიდისთავში ჩავიდა, თუმცა იქ პავლე კალანდაძე აღარავის ახსოვდა.

მოგვიანებით თბილისში დავუკავშირდით პავლე კალანდაძის შვილიშვილს – გივი კალანდაძეს. ბატონმა გივიმ ბაბუის ფოტოები გადმოგვცა.

მისი თქმით, ბაბუა, სავარაუდოდ, უზბეკეთში გადაასახლეს, მოგვიანებით კი პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს.

პავლე კალანდაძე უზბეკ ქალზე დაქორწინდა და ორი ქალიშვილიც შეეძინა.სამშობლოში ის აღარ დაბრუნებულა.

 

(„პრაიმტაიმის“ 2012 წლის პროექტი „კომუნისტური შიზოფრენია“. ავტორები მარიტა დამენია, ლია კერესელიძე)