თებერვლის ომის წლისთავი - რუსეთის აგრესიის შედეგები და მარცხი უკრაინაში

1 წელი უკრაინის ომიდან

2022 წლის 24 თებერვალი. დილის 05:59 საათზე პუტინი უკრაინაში ომს იწყებს და მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ ასაღებს. ოკუპანტი ლიდერი მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების დახმარების თხოვნას ასახელებს.

პუტინი მოუწოდებს, უკრაინელ სამხედროებს, „დროულად დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ სახლებში“, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება.

რუსეთის არმიის ასამდე საბატალიონე-ტაქტიკური ჯგუფის შეტევა არანაკლებ ცხრა სხვადასხვა მიმართულებიდან განხორციელდა, თუმცა ამას დროში წინ უძღოდა რუსეთის სახმელეთო ჯარების, საჰაერო-კოსმოსური ძალებისა და შავი ზღვის ფლოტის მიერ უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასობრივი საჰაერო დარტყმები.

25 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი სამთავრობო გუნდთან ერთად კიევის ცენტრში დგას, მტკიცედ ამბობს, რომ "პრეზიდენტ ტუტ" და ასე პასუხობს კრემლის პროპაგანდას, რომელიც გაქცევას აბრალებს. 28 თებერვალს კი ის ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნას აწერს ხელს.

ომის ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა არანაკლებ ორი ათეული ასეთი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა კამიკაძე-დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით და ამჯერადაც მისი „ხელწერა“ არ შეიცვლება - უკრაინელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ადრეულად აღმოაჩინოს რუსული რაკეტების სტარტი და საჰაერო განგაშით დროულად გააფრთხილოს იმ ქალაქების მოსახლეობა, რომლებისკენაც, სავარაუდოდ, გაფრინდებიან ეს რუსული რაკეტები.

 

ქართველები უკრაინის ომში

უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. ბოლო, 28-ე ქართველი მებრძოლი, უკრაინაში პირველ დეკემბერს დაიღუპა.

 

რუსეთის საბრძოლო დანაკარგი

 

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, რომლებშიც შედის რუსეთის შეიარაღებული ძალები, როსგვარდია, დონბასელი სეპარატისტები, "ვაგნერელები", "კადიროველები", მოხალისეები, ერთწლიანი საბრძოლო მოქმედებების პერიოდში 200 ათასამდე კაცი დაკარგეს პირად შემადგენლობაში, საიდანაც დაუბრუნებელი დანაკარგი დაღუპულების სახით, სავარაუდოდ, 70 ათას უახლოვდება, დანარჩენი კი სანიტარიული დანაკარგია დაჭრილების, დაშავებულებისა და ავადმყოფების ჩათვლით.

რუსეთმა ერთწლიან საბრძოლო მოქმედებებში საერთო ჯამში დადასტურებულად დაკარგა (2023 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით) არანაკლებ 9 297 ერთეული საბრძოლო და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 1 748 ტანკი.

 

უკრაინელთა მარცხი და გამარჯვებები ერთწლიან ომში

 

ომის დაწყების წინ უკრაინის ხელისუფლება ურთულესი არჩევანის წინაშე იდგა, რადგან არ ჰყოფნიდა ძალები საიმედოდ გადაეკეტა ყველა ის მიმართულება, საიდანაც მოსალოდნელი იყო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.

რუსეთ-უკრაინის სახელმწი­ფო საზღვრის ასეულობით კილომეტრი უბრალო მავთულხლართით შემოფარგლულიც კი არ ყოფილა. ასე რომ, რუსული ჯავშანსატანკო კოლონების სრული შეჩერება შეუძლებელი იყო.

თუმცა სამხრეთის მიმართულებაზე ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, რადგან მანამდე ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან მატერიკულ უკრაინაზე შესაჭრელად რუსეთის არმიას მხოლოდ ორად ორი გადასასვლელი ჰქონდა არმიანსკისა და ჩონგარის სახით, რომელთა საიმედოდ ჩაკეტვით დღეს ბევრი რამ სულ სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო - მოწინააღმდეგე სწრაფი მარშით ვერ გაიჭრებოდა ხერსონისკენ, მელიტოპოლისკენ, ბერდიანსკისკენ და ვერც ზურგიდან მიადგებოდა მარიუპოლს.

უკრაინის სპეცსამსახურების გასარკვევია, თუ რატომ არ ააფეთქეს ჩონგარის წინასწარ დანაღმული ხიდი და ხელი არ შეუშალეს რუსი ოკუპანტების ყირიმიდან შეჭრას.

გასული წლის გაზაფხულ-ზაფხულში უკრაინელმა სამხედროებმა და ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეებმა კარგად გამოიყენეს ტყეების შეფოთვლა (განსაკუთრებით კი საავტომობილო გზების გაყოლებაზე ქარსაცავ ზოლებში) და სისტემატური ჩასაფრებები მოუწყვეს რუსული არმიის ჯავშან და ავტოკოლონებს, სადაც მაღალი საბრძოლო ეფექტიანობით გამოიყენეს დასავლეთის მიერ უკრაინის არმიისთვის გადაცემული ახლო მანძილზე მოქმედი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები - „"ჯაველინები", „"მატადორები", "ენლავები"“ და სხვ.

გასული წლის სექტემბერში ხარკოვიდან ლუგანსკის ოლქის მიმართულებით დაწყებული კონტრიერიში, ისევე როგორც ხერსონის გათავისუფლება და რუსი ოკუპანტების გადარეკვა მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენაზე, უდავოდ უკრაინის გენშტაბისა და არმიის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

თუმცა ამ წარმატებას გაგრძელება არ მოჰყოლია, თუნდაც კონტრიერიშებით ყირიმის გადასასვლელებზე, ასევე მელიტოპოლსა და ბერდიანსკზე, რაც უკრაინას დაუბრუნებდა გასასვლელს აზოვის ზღვის სანაპიროზე და ამასთან, რუს აგრესორებს გადაუკეტავდა სახმელეთო გზას როსტოვის ოლქიდან მელიტოპოლის გავლით ყირიმამდე.

უკრაინის არმიის საბრძოლო ინიციატივის ნელ-ნელა დაკარგვის სამი ძირითადი მიზეზი გამოიკვეთა - შემოდგომის წვიმის სეზონის დაწყება, რომელიც გამორიცხავდა მძიმე საბრძოლო ტექნიკით მინდვრების გავლით კონტრშეტევებს, დასავლეთის ბიუროკრატიის მიერ ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემის გაჭიანურება და რუსეთის გენერალიტეტის ზუსტი გათვლა, ბახმუტ-სოლედართან ბრძოლებში „მიეზიდათ“ უკრაინის არმიის რაც შეიძლება მეტი რეზერვი, რათა უკრაინელებს ამ ქალაქების დაცვაზე ეფიქრათ და არა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად კონტრიერიშების დაწყებაზე.

 

 საქართველოს დახმარება უკრაინას გასული ერთი წლის მანძილზე

 

რუსეთ უკრაინის ომმა, რადიკალურად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი. ცივილიზებული მსოფლიო უკრაინის მხარესაა – 2022 წლის 24 თებერვლიდან ყველა შეთანხმდა, რომ აგრესორის წინააღდეგ უნდა გაერთიანებულიყო და გვერდში დადგომოდა უკრაინას;

საქართველო უკრაინის გვერდითაა და ამას ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის მიერ მოძმე უკრაინელების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები, ომის 1 წლის თავზეც იდება პირობა, რომ უკრაინის და უკრაინელების დახმარება გაგრძელდება;

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2023 წლის 24 თებერვლის რეზოლუცია - ორგანიზაცია რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან, მხარდამჭერ ქვეყანას შორის საქართველოცაა. რეზოლუცია 141 მომხრე ხმით დამტკიცდა, წინააღმდეგი 7 სახელმწიფო იყო - რუსეთი, ბელარუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერიტრეა, ნიკარაგუა და მალი. 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა. გაეროს რეზოლუცია მხოლოდ ერთია, იმ მხარდამჭერ ნაბიჯებს შორის, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად გადადგა;

მხარდამჭერი ქმედებების სია ვრცელია. ჩვენი ქვეყანა მიერთებულია ევროკავშირის დეკლარაციასაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში შეჭრის თაობაზე. საქართველო ასევე თანასპონსორია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას გმობს;

საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებასაც - რუსეთისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლების შეჩერების შესახებ;

ჩვენი ქვეყანა მიუერთდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ერთობლივ განცხადებასაც და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ;

საქართველო ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ჰააგაში, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის დროსაც. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული იარაღის გამოყენების და დასახლებული ქალაქების დაბომბვის ფაქტებს;

ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, საქართველომ დაასპონსორა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ განცხადებასა თუ სხვა ინიციატივას უკრაინის შესახებ;

მხარდამჭერ დეკლარაციებს და განცხადებებს ემატება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში. 2022 წლის 16 აპრილს, ომის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ, დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ჩავიდა უკრაინაში და საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკის შედეგი. ქართველი დეპუტატები კიევში უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა მიიღო. საქართველოს დელეგაციის წევრები რადას თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ ბუჩასა და ირპენში.

უკრაინისადმი მხარდაჭერა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების პირველ თვეებში საქართველო, 191 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე იყო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. ჯამში საქართველოდან უკრაინაში 1000 ტონამდე ტვირთი გაიგზავნა.

ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი მოიცავდა მედიკამენტებს და სამედიცინო აღჭურვილობას, ბავშვთა საკვებს, არამალფუჭებად სურსათს, პირველადი მოხმარების ნივთებს, ტანსაცმელს, ჰიგიენის საშუალებებს და ელექტრო მოწყობილობებს. ამას დაემატა მაღალი სიმძლავრის გენერატორები, რომელიც საქართველოს მთვარობამ უკრაინას გადასცა. გენერატორები საჭიროების შესაბამისად გადანაწილდა ხარკოვში, ნიკოლაევში, ლვოვსა და კიევში.

გარდა ამისა საქართველო დაეხმარა ომს გამოქცეულ უკრაინელებსაც. შეიქმნა 24 საათიანი ცხელი ხაზი უკრაინელი ვიზიტორებისთვის, უფასო იყო საქართველოს ფოსტით ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათების უკრაინის მიმართულებით გაგზავნა. უკრაინიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის სამინისტრო, აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდებას უფასოდ უზრუნველყოფს. მოქმედებს სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამაც, რომელიც საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქეების ფულად დახმარებას გულისხმობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას, შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ საქართველოში. ისინი სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. გარდა ამისა, "მიხეილ გრუშევსკის" სახელობის თბილისის 41-ე, 220-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა, სადაც დასაქმებულები არიან უკრაინიდან ჩამოსული მასწავლებლები. ორივე ქალაქში უკრაინულ სექტორზე ამ ეტაპზე 1 500-მდე ბავშვი აგრძელებს ზოგადი განათლების მიღებას.

საქართველო უკრაინის გვერდითაა და ამას ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის მიერ მოძმე უკრაინელების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯები, ომის 1 წლის თავზეც იდება პირობა, რომ უკრაინის და უკრაინელების დახმარება გაგრძელდება.

 

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ფაქტები ძალიან მოკლედ

 

სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ ქცეულ მარიუპოლის მცველთა ტყვეობიდან გათავისუფლება

 

21 სექტემბერს სასოწარკვეთილი პუტინი "ნაწილობრივ მობილიზაციას" აცხადებს, კიდევ უფრო სასოწარკვეთილი რუსები თავის შველას სხვა ქვეყნებში გაქცევით ცდილობენ. რუსებს ერთ-ერთ "საიმედო თავშესაფრად" საქართველოს მიიჩნევენ, ამ დროს მმართველი ძალა კი ამტკიცებს, რომ "პანიკისა და შიშის საფუძველი არ არსებობს". საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინის ამ ნაბიჯს რუსეთის წარუმატებლობის ნიშნად და სისუსტედ აფასებს.

ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს რუსეთში კვლავ აკავებენ და ძალადობენ. კიდევ ერთი მასობრივი საფლავი, ამჯერად გათავისუფლებულ იზიუმში იპოვეს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის კონტრშეტევის მიერ რამდენჯერმე გადადებული და პუტინის მიერ დაანონსებული "რეფერენდუმი" ტარდება.

სექტემბერს უკავშირდება 12-თვიანი საომარი მოქმედებების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სასიხარულო ამბავი - სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ ქცეულ მარიუპოლის მცველთა ტყვეობიდან გათავისუფლება.

 

ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალები

 

 

 

ისტორიული ვიზიტის ისტორიული კადრები

 

მოულოდნელად, ისე, რომ ავტორიტეტულმა გამოცემებმაც კი მხოლოდ წინა საღამოს გაიგეს, უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი დაგეგმა. 10-თვიანი ომის პირობებში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა.

21 დეკემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს ხვდება და სიტყვით მიმართავს კონგრესს. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგი უკრაინისთვის პატრიოტების სისტემების გადაცემაა.

ზელენსკის სიტყვის დასასრულს კონგრესში ტაშის და ოვაციების ხმა ისმის, პრეზიდენტი კი ამატებს:

"ღმერთმა დაიფაროს ჩვენი გმირი ჯარი და მოქალაქეები. ღმერთმა სამუდამოდ დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. გილოცავთ შობას და ბედნიერ, გამარჯვებულ ახალ წელს გისურვებთ. დიდება უკრაინას".

 

 

ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ მეორედ ქვეყანას ტოვებს, ლონდონში ჩადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ, რიშ სუნაკთან და ოპოზიციის ლიდერ, კიმ სტრამერთან ერთად სიტყვით გამოდის. სამეფო ეტიკეტის სრული დარღვევით, თავისი ტრადიციული ხაკისფერი სამოსით ხვდება მეფე ჩარლზ მესამესაც.

რიგით მეორე საგარეო ვიზიტისასვე ეწვევა პარიზს, ბრიუსელს, ჟეზოვსა - სიტყვით მიმართავს ევროპარლამენტს და იქაც, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ოვაციებს იღებს. მედიასთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტს კითხვის დასმამდე BBC-ის უკრაინელმა ჟურნალისტმა მიმართა და უთხრა, რომ უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ იცოდა, რომ ეს არ შეიძლებოდა. ამ დროს ზელენსკი თავად მივიდა ჟურნალისტთან და ჩაეხუტა.

 

ჯო ბაიდენის გასაიდუმლოებული ვიზიტი ომის წლისთავზე

 

ბაიდენის პირველი კადრები კიევიდან, საჰაერო სირენების ფონზე, უკრაინის დამცველთა მემორიალიდან გავრცელდა. 

მრავალთვიანი იერიშებისა და დიდი დანაკარგების მიუხედავად ბახმუტი დგას და ამაში თავისი დამსახურება აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის სამხედრო-ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებასაც მიუძღვის.

კიევში ვიზიტისას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას და უკრაინელ ხალხს საჯაროდ დაჰპირდა 500 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის საშუალებები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საარტილერიო ჭურვები და სხვა შეიარაღება შევა.

ჯო ბაიდენის ვიზიტამდე, ბოლოს უკრაინაში 2008 წელს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი იმყოფებოდა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ყოფნის დროს, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენჯერმე იმყოფებოდა კიევში. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი მოხელე იყო სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ჩავიდა უკრაინაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევი კვლავ მატარებლით დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა.

საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში მისი მოულოდნელი სტუმრობისა და უკრაინის თავდაცვის საქმეში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად კიევის ცენტრში, ვერხოვნა რადის გვერდით მდებარე „სიმამაცის ხეივანში“ გაჩნდა ახალი აბრა წარწერით „ჯო ბაიდენი“.

 

რა განცხადებას ავრცელებს ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავზე

 

ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას და ამბობს, რომ პუტინის რუსეთმა სასტიკი და აგრესიული ომი წამოიწყო ქვეყნისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

"უკრაინელმა ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი ძალა საკუთარი სამშობლოსა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვაში რუსული აგრესიისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

"უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ საერთაშორისო სამართალი დაცული იქნება, რომ მშვიდობა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აღდგება, ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ეს დღე არ დადგება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინელმა ხალხმა აჩვენა მსოფლიოს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინელების გადასაწყვეტია. განმარტავენ, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში ან დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეს აგრესია არის დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ და არღვევს გაეროს წესდებას.

„რუსეთმა იარაღად გამოიყენა საკვები და ენერგია, შექმნა ღრმად უპასუხისმგებლო ბირთვული საფრთხეები და გაავრცელა ცრუ ნარატივები ომის შესახებ.რუსეთის აგრესიულმა ომმა და მისმა შედეგებმა მნიშვნელოვნად იმოქმედ„- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას ამ ეფექტების შესამცირებლად და დახმარების გაწევისთვის ყველაზე მეტად გაჭირვებულ ქვეყნებსა და ადამიანებს. აგრძელებს მტკიცედ დგომას და სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინისა და მისი ხალხს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, მათ შორის, ევროპული მრეწველობისგან სწრაფი კოორდინირებული შესყიდვების გზით“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირი გეგმავს, რომ გაზარდოს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა დაასრულოს მისი აგრესიული ომი.

 

 

დაბოლოს...

 

დღეს თებერვლის ომის წლისთავი, ომი გრძელდება, უკრაინა კი კვლავ იბრძვის. და ჩვენ გვჯერა, რომ წინ დიდი სანახაობა გველოდება - აუცილებლად ვიხილავთ პუტინს ჰააგას ტრიბუნალის წინაშე.