„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა განცხადება გააკეთა და ტქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება უკრაინის ტერიტორიებზე „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ, სასოწარკვეთილი ტაქტიკაა.
„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ რუსეთი სასოწარკვეთილ ტაქტიკას მიმართავს ამ ოლქებში კონტროლის მოპოვების მიზნით. სიმართლე ისაა, რომ რუსეთი ამ რეგიონებში არ სჭირდებათ და უკრაინაში ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრასა და უკრაინის ტერიტორიის ძალით დაპყრობას”, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო აქტუალურია კითხვა - გამოიყენებს თუ არა პუტინი ბირთვულ იარაღს?
რუსეთის მოქალაქეებისა და უკრაინის „გათავისუფლებული ტერიტორიების“ მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში, რომელიც 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, პუტინმა ილაპარაკა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის შეიარაღებაზე და განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ლონდონი და ბრიუსელი კიევს პირდაპირ უბიძგებენ რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გადატანისკენ და უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე ყველა საშუალებით უნდა განადგურდეს და ამას მოჰყვეს მისი სუვერენიტეტის დაკარგვა და სრულად გაძარცვა.
1-ელ ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის არაერთი სამხედრო მარცხი, ანექსირებულ დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანის დაკარგვით დაგვირგვინდა, ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ღიად მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიყენოს “ტაქტიკური ბირთვული იარაღი”. ანუ მთლად ისეთი არა, რომელსაც მეგაპოლისების განადგურება შეუძლია, თუმცა კი იმაზე ბევრად მძლავრი, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები.
18 ოქტომბერს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ანექსირებულ ტერიტორიებს რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს.
უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, ნიკოლაი მალომუჟი ამბობს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას გეგმავს და ამიტომაც, ემზადება სხვადასხვა ვარიანტისთვის. მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებისა და ნატოს საპასუხო თავდასხმისთვის.
17 ოქტომბერს, მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვლადიმირის მერიამ გამოაქვეყნა ბროშურა, რომელშიც მოსახლეობას შეახსენა, როგორ უნდა მოიქცეს საჰაერო განგაშის შემთხვევაში და მიწისქვეშა თავშესაფრებში ჩასვლის შემდეგ.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ბომბსაფრების შემოწმება დაიწყო უკრაინასთან მოსაზღვრე პოლონეთშიც. თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი.
გერმანიაში, მიწისქვეშა ავტოსადგომების მომზადებისა და საჰაერო განგაშის სისტემების დამონტაჟების ბრძანება ხელისუფლებამ აპრილში გასცა.
რუსეთმა თავისი ბირთვული დოქტრინა 2020 წლის ზაფხულში განაახლა. დოკუმენტის თანახმად, კრემლი იტოვებს უფლებას, პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი მას ბალისტიკურ რაკეტებს ესვრიან, ან შეუტევენ ჩვეულებრივი იარაღით, თუმცა ეს “საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოს არსებობას”.
დაარღვევს რუსეთი ტაბუს, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას 1945 წლის შემდეგ ადევს
ოქტომბრის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ საფრთხე რეალურია, რადგან პუტინის არმია “საგრძნობლად მარცხდება”. “არმაგედონის საფრთხის წინაშე აღარ ვმდგარვართ კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ”, - განაცხადა მან.
ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ დროისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„ბევრმა ადამიანმა ჩვენს მთავრობაში და საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის [თავდაცვის მდივანმა] ლოიდ ოსტინმა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბირთვული იარაღის ჟღარუნი უგუნური და უპასუხისმგებლო ქმედებაა“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნები განიხილავენ მოვლენათა განვითარების არაერთ სცენარს. მათ შორის იმასაც, თუ როგორ უნდა აიცილონ პანიკა, რომელიც პუტინის მიერ ბირთვული რაკეტების გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.
ამასობაში, 17 ოქტომბერს ნატომ დაიწყო ყოველწლიური წვრთნები და საკუთარი ბირთვული შეიარაღების მზაობას ამოწმებს.
ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის თანახმად, ნატოს ქვეყნებს 5493 რაკეტა აქვთ, რუსეთს კი 5977. ეს მიახლოებითი რიცხვებია, მაგრამ ორივეს ბირთვული არსენალი საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ დედამიწა არაერთხელ განადგურდეს.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი არის შედარებით მცირე ზომის ბირთვული ქობინი თავისი გადასატანი სისტემით, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე და შექმნილია კონკრეტულ ტერიტორიაზე მტრის სამიზნეების გასანადგურებლად. ოღონდ ფართო რადიოაქტიური აფეთქების და მასშტაბური რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე.
სტრატეგიულ ბირთვულ იარაღთან შედარებით, რომელიც, როგორც წესი, შექმნილია კონტინენტების გადაკვეთისთვის, ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემები გამოიყენება უფრო მოკლე მანძილზე - როგორც წესი, 500 კილომეტრს ქვემოთ.
თუმცა, როგორც NPR-ის მეცნიერებისა და უსაფრთხოების კორესპონდენტი ჯეფ ბრუმფილი შენიშნავს, „ეს არავითარ შემთხვევაში არ არის „მცირე იარაღი“.
„მაგალითად, ყველაზე დიდი, ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებს ოდესმე ჩამოუგდიათ, დაახლოებით 11 ტონა ტროტილის აფეთქების სიმძლავრისა იყო. მაგრამ ე.წ. მცირე ბირთვულ იარაღს შეუძლია მიაწოდოს ერთი კილოტონა ტროტილი და ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ყველაზე დიდი ბომბი“.
ტაქტიკური ბირთვული იარაღი უფრო დამანგრეველია, ვიდრე სხვა იარაღი იმავე ფეთქებადი ენერგიით. ბირთვული აფეთქებები უფრო ძლიერია, ვიდრე ქიმიური აფეთქებები. და ის ტოვებს მომაკვდინებელ რადიაციულ ნაკადს, რომელიც კონკრეტულ ტერიროიაზე დააბინძურებს ჰაერს, ნიადაგს, წყალს და საკვებს.
ალექს ველერშტეინის ინტერაქტიული სიმულაციური საიტი სახელად - NUKEMAP ასახავს ბირთვული აფეთქებების მრავალ ეფექტს.
„რადიო თავისუფლება“ გვთვაზობს სქემას, აშშ-ს დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს დაახლოებით 2000-მდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს. დაახლოებით 10-ჯერ მეტი რაოდენობა, ვიდრე შეერთებული შტატებს. აშშ-ს 200 ტაქტიკური ბირთვული იარაღიდან კი, დაახლოებით, ნახევარი განლაგებულია ევროპის ბაზებზე.
სააგენტო "როიტერი" ასევე წერს, რომ რუსეთს დღეს აქვს 1458 სტრატეგიული ბირთვული ქობინი, რომელიც მზადაა გასასროლად, შეერთებულ შტატებს კი ასევე მზადყოფნაში აქვს 1389 ქობინი.
რაც შეეხება მთლიანად ბირთვული იარაღის ოდენობას, BBC-ს ცნობით, რომელიც ეყრდნობა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის მონაცემებს და მიანიშნებს, რომ ყველა ეს რიცხვი არის მიახლოებითი, სურათი ასეთია:
რუსეთს აქვს ბირთვული იარაღის 5977 ქობინი;ნატოს 5943 (აქედან 5428 აშშ–ს, 290 საფრანგეთს, 225 დიდ ბრიტანეთს);ჩინეთს - 350;პაკისტანს 165;ინდოეთს - 160;ისრაელს - 90;ჩრდილოეთ კორეას - 20.
ავტორი: ნანა ჩხაიძე