1753387731
„მკვლელი დედა-შვილის დაკრძალვაზეც იყო... “ - რას იხსენებს პროკურორი, 90-იანი წლების ამბავზე, რომელზედაც სოფელში ყველა დუმდა

გასული საუკუნის 90-იანი წლები ქაოსითა და განუკითხაობით შევიდა ქვეყნის ისტორიაში. კრიმინალი ფაქტობრივად დაუსჯელი რჩებოდა, ჩამოყალიბდა ბანდფორმირებები, რომლებიც ისე დათარეშობდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და აყაჩაღებდნენ ადამიანებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო.
სწორედ ამიტომ, იმ პერიოდში ძალზე ხშირი იყო ლინჩის წესით გასამართლების შემთხვევები. ამ შემზარავი ამბის დეტალებს ბევრი ახლა, წლების შემდეგ, პირველად სწორედ „პრაიმტაიმიდან“ შეიტყობს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მცხეთიჯვარში ძმები დევაძეები მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ.
უფროსი – გია დევაძე „ცალხელა გიას“ სახელით იყო ცნობილი, ვინაიდან მარჯვენა ხელის მტევანი ჰქონდა მოწყვეტილი. უმცროს ძმას ამირანი ერქვა.
მათ რამდენიმე ადამიანისგან შექმნეს ჯგუფი და თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ძარცვავდნენ, აყაჩაღებდნენ…
თუმცა, სოფელში ძმებს სრულიად სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. გიას არსენა მარაბდელს ადარებენ – მდიდარს ართმევდა და ღარიბს აძლევდაო. რომ დაიჭირეს, ხალხი ფულს და ხელმოწერებს აგროვებდა – იქნებ ციხიდან დაეხსნათ, ან დახვრეტის მუხლი მაინც არ მიეყენებინათ, რადგან ბევრი სიკეთე ახსოვდათ მისგან, თავისი ძმასავით გარეწარი არ იყო ეგ ბიჭიო. გია ციმბირში გადაუსახლებიათ და დღემდე არავინ იცის, რა ბედი ეწია.
„პრაიმტაიმი“ ჩავიდა იმ სოფელში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ და ასევე სოფელ ქინძათში, სადაც უმცორსმა ძმამ საშინელი მკვლელობა ჩაიდინა. ადგილობრივებს არ სურთ ამ ამბის გახსენება, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობიდან 30 წელია გასული.
დედა-შვილის მკვლელების ლინჩის წესით გასამართლების მონაწილენი დღესაც ცოცხლები არიან და ამ სოფელში ცხოვრობენ. მიზეზიც ეს გახლავთ, რის გამოც ყველა დუმს.
ახლა თავად ამბავი, რომელსაც სოფლის გამგებელი, იაგო ქიტიაშვილი გვიყვება:
„1992 წლის თებერვალში, სოფელ ქინძათში მეზობელმა 28 წლის გულო თედიაშვილისა და მისი 14 წლის ვაჟის დანით დაჩეხილი გვამები აღმოაჩინა.
ქალი ქვრივი იყო, სოფელ მცხეთიჯვარში, ავეჯის მაღაზიაში მუშაობდა, 14 წლის ბიჭი ჰყავდა. ძალიან კარგი ბიჭი იყო, რუსეთში ჰყავდა ნახევარძმა და დამოუკიდებლად დადიოდა მასთან. ბიჭი იმ საღამოს მდგარა ბირჟაზე და საკმაოდ გვიან დაბრუნებულა შინ. როგორც ჩანს, იქ დახვდნენ მკვლელები და ორივე მოკლეს, რადგან მოწმე არ დატოვეს ცოცხალი.
სოფელში თუ ვინმე ციხეში იყო ნაჯდომი, ყველას ჰბრალდებოდა ეს მკვლელობა. იმ ოჯახის ბიძაშვილი იყო ერთ-ერთი, ვისაც ხელს ადებდნენ. მილიციამ წაიყვანა კიდეც და მაგარი ნაცემი მოვიდა უკან.
საქმეზე ძიება დაიწყო და დაახლოებით თვე-ნახევარში გახსნეს. იყო ხაშურში ასეთი პროკურორი, ლენა კაპანაძე, რომელსაც ლომის წვლილი მიუძღვის მაგ საქმის გახსნაში. მკვლელები აღმოჩნდნენ მცხეთიჯვრელი ამირან დევაძე (ცალხელა გიას ძმა) და წაღვლელი გოჩა ლომიძე.
მკვლელები ხაშურის მილიციაში გადაიყვანეს და როგორც ვიცი, დაკითხეს კიდეც. დანაშაული ორივემ აღიარა.
გამთენიისას ქინძათელები მიადგნენ მილიციას ე.წ „ლაფეტით“. არ ვიცი, მილიციელები დაიმალნენ, ამათმა გაკოჭეს თუ ძალოვნებმა თვალები დახუჭეს და არ გაუწიეს წინააღმდეგობა, მაგრამ ფაქტია, რომ მიაღწიეს მკვლელების საკნამდე, გამოათრიეს, „ლაფეტზე“ დააბეს და ისე ჩამოიყვანეს ქინძათამდე.
მერე სოფლის ცენტრში ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ცოცხალ-მკვდრები ტრაქტორზე გამოაბეს, სოფლის შემოსასვლელთან ჩაათრიეს, ტრაფარეტზე ჩამოკიდეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცეცხლწაკიდებულ ლომიძეს უთქვამს, დევაძესთვის – რა გინდოდა, რა შარში გამხვიეო.
მაშინ ბენზინი ძალიან ჭირდა, გახსოვთ ალბათ. გზა, რომელიც ჩვენს სოფელში შემოდის, საჩხერისკენ მიდის. გაუჩერებიათ ამ გზაზე მიმავალი სატვირთო მანქანა და მძღოლისთვის უთხოვიათ, 1-2 ლიტრი ბენზინი მოგვეციო. რად გინდათო? აუხსნეს – დედა-შვილი რომ მოკლეს, ის მკვლელები გვყავს დაჭერილი და ცეცხლი უნდა წავუკიდოთო. მძღოლს უთქვამს, მაგ საქმისთვის თუ გინდათ, 2-ს კი არა, 10 ლიტრ ბენზინს მოგცემთო და ჩამოუსხა.
მკვლელი მსხვერპლების დაკრძალვაზეც იყო, დაკავებამდე სოფელში ამოდიოდა ხოლმე, ბირჟაზე იდგა და მკვლელებს აგინებდა. ისიც კი თქვა, – ამ საქმის გამკეთებელი უნდა დაიჭირო და დაწვაო. ჰოდა, ამ სიტყვებით თავად გამოუტანა განაჩენი თავს.
მეორე მკვლელი სოფელ წაღვლიდან იყო. დედა ამირან დევაძეს მოუკლავს და შვილის მოკვლა დაუვალებია თავისი მეგობრისთვის, რომ თანაბრად ყოფილიყვნენ გარეულები საქმეში. ყველა ამბობდა, რომ ის მეორე ბიჭი არ იქნებოდა მაგის გამკეთებელი, ამან ჩაითრია საზარელ საქმეშიო. ფაქტი კი ისაა, რომ დამნაშავე იყო და შეეწირა კიდეც მაგ საქმეს.
იაგო ქიტიაშვილი, თემის რწმუნებული: სოფელში ყველამ იცის, რომ მკვლელობის მოტივი რაღაც პირადული იყო და არა – ძარცვა. როგორც ითქვა, ბავშვი იღებდა მამის პენსიას და აგროვებდა თურმე. ისიც კი გამოუტანია მკვლელებისთვის, არ დაგვხოცოთ და ეს ფული წაიღეთო. ფულისთვის ხელი არ უხლიათო, თქვეს. სოფელში ასეთი ვერსიაა, გამოძიების ვერსია არ ვიცი“... სრულად