ვინ იყვნენ „ცისფერი მთების“ რეალური პროტოტიპები - იმედა კახიანი საინტერესო ისტორიით

cisferi mtebi

იმედა კახიანი ელდარ შენგელაიასთან ერთად ქუთაისში, ელდარის საიუბილეო საღამოს სტუმარი გახლდათ. მათი მეგობრობა 60-იანი წლებიდან (ფილმი "თეთრი ქარავანიდან") იღებს სათავეს. და დღემდე გრძელდება, ერთგულებით, ნარდის თამაშით, ხუმრობით, შემოქმედებითად...

"ქუთაისში რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ და ისე მომეწონა, ისე გალამაზებულია..." - "პრაიმტაიმთან" ამბობს მსახიობი და გვიყვება, როგორ მიიღეს ქუთათურებმა. იმედამ ჩვენი მკითხველისთვის გაიხსენა საინტერესო ფაქტი, როგორ გააცნო ახლად დაწერილი, სულ ცხელ-ცხელი "ცისფერი მთები" რეზო ჭეიშვილმა "სამანიშვილის დედინაცვლის" გადამღებ ჯგუფს. მაშინ, ჭიათურის სასტუმროს იმ ერთ პატარა ნომერში, ვერავინ იფიქრებდა, რომ საბჭოთა სისტემის მორყეულ, დაობებულ მოდელზე გადაღებული ფილმი, დაჭრას გადაურჩებოდა და ისტორიას შედევრად დარჩებოდა. 

იმედა კახიანი: ელდარს იმერელი არც დედა ჰყავდა არც მამა, მაგრამ იმერელი კაცის ხასიათი, ბუნება ახლოს აღმოჩნდა მასთან და ფილმები არაჩვეულებრივად გააკეთა იმერეთზე. ეს ქუთაისლებმაც დაუფასეს და საიუბილეო თარიღი გადაუხადეს. შესანიშნავი საღამო იყო. თბილად მიგვიღეს.

როდესაც მაყურებელს უყვარხარ, ამაზე დიდი შეფასება რეჟისორისთვის და მსახიობისთვის, არ არსებობს. ბუნებრივია, ეს იმერელი გენიოსების - რეზო ჭეიშვილის და რეზო გაბრიაძის დამსახურებაც არის, ვისთანაც ელდარი თანამშრომლობდა.

რეზო ჭეიშვილის საფლავზე ვიყავით... 

რეზოს მოთხრობაა "ჭა", რომელიც თავის ბოლო სამ ნოველაში შეიტანა ელდარმა. რეზო უკვე აღარც იყო ჩვენს შორის. ეს გამოდგა მათი ბოლო ტანდემი. 

რეზო ჭეიშვილი იყო ფილმის "სამანიშვილის დედინაცვლის" რედაქტორი. თბილი მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანი იყო. გადაღების დროს ჭიათურაში, სასტუმროში ვცხოვრობდით. გადაღებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემს ნომერში ვიკრიბებოდით მე, რეზო, ელდარი, ლომერ ახვლედიანი, ფილმის მხატვარი და შემდეგი დღის გადაღება იგეგმებოდა.

ერთ საღამოსაც რეზო ამბობს, ერთი პატარა მოთხრობა მაქვს, მაინც არაფერს ვაკეთებთ და წაგიკითხავთო. გავიდა, ფურცლები შემოიტანა და... "ცისფერი მთების" კითხვა დაიწყო.

რეზო ხითხითა კაცი იყო და სადაც იუმორი ჰქონდა, იმ ადგილებში თავად ხითხითებდა კითხვის დროს. ჩვენც სიამოვნებით ვუსმენდით. მე ვუთხარი ეს საბჭოთა სინამდვილეა და თუ შენ ფილმის გადაღებას ფიქრობ, ამას არავინ გადაგაღებინებს-მეთქი. მე მოთხრობა დავწერე და თუ ვინმეს გადაღება მოუნდება, მერე შეიძლება შევასწოროთ-შემოვასწოროთო, თქვა. თუმცა ყველამ იცის, რა შესანიშნავად იმუშავეს ელდარმა და რეზომ და რა კინოშედევრი აქვს ქართულ კინოს "ცისფერი მთების" სახით. 

ამ ფილმის პროტიპები კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების რეალური თანამშრომლები არიან. ვინც მათ იცნობდა, "ცისფერი მთების" პერსონაჟებში ყველა კონკრეტულ პროტოტიპს ვხედავდით. თავადაც ამოიცნეს საკუთარი თავი. 

საბოლოოდ გაძვრა ფილმი, იუმორში გატარდა და მთავარი არ ამოჭრილა ფილმიდან. 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 "ამ ადგილებში ცხოვრება არ შეიძლება..." - რა ადგილებს გულისხმობს ერეკლე შონია

"აიტეხა, პიკასოს ბიჭი უნდა ვნახოო, ვინ ეტყოდა უარს?!" - რატომ სტუმრობდა ლეგენდარული ელდარ შენგელაია ქუთაისს

"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე

რეზო გაბრიაძე ამ სცენარისთვის კინაღამ დაიჭირეს - ნახეთ, რომელ კინო შედევრზეა საუბარი

"ბედნიერი ვარ, რომ ელდარ შენგელაია მამაჩემია. გული ახლაც მწყდება, რომ დედა და მამა ერთად არ არიან" - ნატაშა შენგელაია იუბილარ ლეგენდა მამაზე გვიყვება