1728156496
"ღმერთმა რეზოს სახით ისე დამასაჩუქრა, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა, როგორ მამშვიდებდა... რა გენიოსი იყო..." - ერთი ლეგენდა მეორეზე
ნანი ბრეგვაძემ "პრაიმტაიმთან" თავის ამჟამინდელ განწყობაზე ისაუბრა. თქვა, რომ უყვარს სიცოცხლე, წყენას მალე ივიწყებს, ცდილობს კარგ განწყობაზე ყოფნას.
ქართული სცენის ლეგენდამ თავისი მეგობარი, მეორე ლეგენდა - რეზო გაბრიაძე გაიხსენა...
ნანი ბრეგვაძე: 87 წლის ვხდები და ამას რომ ვიაზრებ, ვგიჟდები, არ მჯერა. 90 წლამდე თუ მივაღწევ, იუბილეს გადავიხდი.
ძალიან, ძალიან შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე. ჩვენს ეზოში ყვავილებით ისეთი სილამაზეაა, ცქერით ვტკბები, ვწყნარდები. ეს ეკას დამსახურებაა. სამი აივანი მაქვს. გარშემო სულ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. უშველებელ ნაძვზე ციყვები დახტიან... ბუნება მამშვიდებს.
ვკითხულობ წიგნებს. მიყვარს ავტობიოგრაფიების კითხვა.
ახლა რეზო გაბრიაძის წიგნს ვკითხულობ... ღმერთმა ისეთი საჩუქარი გამიკეთა რეზოს სახით; ბოლო რამდენიმე თვე, დღეში რამდენჯერმე მირეკავდა და ვსაუბრობდით. თუ არ გამოჩნდებოდა, ან მე არ დავურეკავდი, მერე ერთმანეთზე ვკითხულობდით, რამე ხომ არ ეწყინა, ნეტავ, რატომ არ რეკავსო?!
როგორ მამშვიდებდა, რაებს ლაპარაკობდა... დიდი სიმპათიებით ვიყავით განწყობილნი ერთმანეთის მიმართ. ერთმანეთს საუბარში ვეფერებოდით. დედა, რა გენიოსი იყო... არ მეგონა, ასე ადრიანად თუ წავიდოდა...
ძალას მმატებენ შვილთაშვილები, მაგიჟებენ. განსაკუთრებით - პატარა. ჩემთან რომ მოდის, პირდაპირ ჩემს ოთახში შემორბის. მეც გიჟივით უცებ ვდგები. ვუკრავ, ვამღერებ, მეც ვმღერი. დიდ სიცოცხლეს და ენერგიას მმატებს.
აუცილებლად უნდა თქვათ ეს პატარა იესოს ლოცვა - უფალო იესო, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ხშირად ვამბობ.
არავინ არასდროს არ გამიწირავს. შენი მტერიც თუ შენზე კარგია, უნდა აღნიშნო. აუცილებლად. არაფერი დაგაკლდება, თუ არ მოგემატება.
თავის შეკავებაა კიდევ ის აუცილებელი, რასაც გირჩევდით. თუ გაბრაზდებით, ცხელ გულზე პასუხისგან თავი შეიკავეთ. რამდენიმე დღეში გადაგდის ბრაზი და მერე გიხარია, რა ბედნიერებაა, რომ არაფერი ვუპასუხეო. შენს სასარგებლოდ მოდის ყველაფერი, მით უფრო, თუ მართალი ხარ.
მალე ვივიწყებ წყენას. არც მახსოვს, რაზე ვიყავი ნაწყენი.
ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო... არ ვარ მტირალა.
შინაგანად ვერ ვგრძნობ ასაკს. სულ მეგონა, რომ ახალგაზრდა ვარ იმათ შორის, ვის კამპანიაშიც ვიყავი, ან ვარ. შინაგანად ბებია კი არ ვარ, მაინც ახალგაზრდული განწყობები მაქვს. ასე რომ, წყნარად ვუყურებ ასაკს, ძალიან წყნარად.
ასევე დაგაინტერესებთ: "აიტეხა, პიკასოს ბიჭი უნდა ვნახოო, ვინ ეტყოდა უარს?!" - რატომ სტუმრობდა ლეგენდარული ელდარ შენგელაია ქუთაისს