პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა ღამე

საქართველოს პროკურატურამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 თანხმლებ პირთან ერთად ფიზიკური ძალადობა განახორციელა თანასოფლელზე. აღნიშნული ფაქტის შემდგომ დაშავებული პირის დასახმარებლად მისულმა ნათესავებმა ფიზიკური შეურაცხყოფს მიაყენეს ადგილზე მყოფ არასრულწლოვნებს, რა დროსაც, ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთ პირს.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ,) 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია), წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.