კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1732280077
ელდარ შენგელაია იუბილარია, მაესტრო 90 წლისაა!
წარმოუდგენელია ქართული კინემატოგრაფია მისი ფილმების გარეშე, რომლებმაც უკეთესები გაგვხადა.
"ცისფერი მთები", "შერეკილები" და "არაჩვეულებრივი გამოფენა" რამდენჯერაც არ უნდა ნახოთ, იმდენჯერ ახალი თვალით და აღმოჩენით გაოცდებით. ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოაჩენთ მათში. მათი გენიალურობა სწორედ ელდარისთვის დამახასიათებელ ესთეტიკაში, იუმორში, მუდმივად აქტუალურობაშია.
რეჟისორის უფროსი ქალიშვილი, ნატაშა შენგელაია იუბილარი მამის ასაკით ბედნიერია. არიადნას და ელდარის შვილმა რომ მსახიობის პროფესია აირჩია, ეს თითქოს მისგან, ერთგვარად, "დამოუკიდებლადაც" მოხდა. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობს, არა ერთ ფილმში უთამაშია, თუმცა რატომ არ მოხვდა პროფესიით მსახიობი ნატაშა ლეგენდარული რეჟისორი მამის ფილმებში, ამაზე პასუხი არც თავად ნატაშას აქვს.
ის "პრაიმტაიმთან" მამაზე საუბრობს და ელდარს მამის ჭრილიდან გვაჩვენებს.
ნატაშა შენგელაია: მე 65 წლის ვარ, მამა 90 წლის გახდა. მიხარია, რომ ცოცხალია და ისევ იღებს ფილმებს. მიხარია, რომ ამ ასაკამდე ასე მოვიდა. ვარდისფერი კანი აქვს და ბავშვივით გამოიყურება. ვერ გეტყვით, ამის საიდუმლო რა არის. ჯიშია-მეთქი რომ ვთქვა, ვერ ვიტყვი, რადგან ადრე გარდაიცვალნენ მისი მშობლები.
ცოტა ხნის წინ მისი ახალი ტრილოგია ვნახე და ძალიან მომეწონა. როცა ტელევიზიით ელდარის ფილმებს გადავაწყდები, აუცილებლად თავიდან ბოლომდე უნდა ვუყურო. არასდროს მბეზრდება, რადგან სულ ახალ-ახალ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე. მისი ფილმები არასდროს მოკვდება, ფერს ვერ დაკარგავს. მუდმივად აქტუალური იქნება.
განსაკუთრებულად გამოვარჩევ "არაჩვეულებრივ გამოფენას". პირველ ადგილას დგას ჩემთვის. მეორე ადგილას არის "შერეკილები". ვაფრენ ამ ფილმზეც. ხშირად გადის მამას ფილმები. მე ეს მაბედნიერებს.
ვერ გეტყვით, ფანტასტიკური მამა იყო-მეთქი, რადგან დროის უდიდეს ნაწილს გადასაღებ მოედანზე ატარებდა. სადაც იღებდა, ჩვენც იქ მივყავდით. გადასაღებ მოედანზე მასთან ერთად ვიყავით მე და ჩემი და, კატია. მახსოვს, როგორ იღებდა ამა თუ იმ ფილმს. თუმცა, ხშირად სწავლის და თეატრის გამო, მე არ მეცალა, კატია უფრო მეტად იყო გადასაღებ მოედანზე. როცა მეცალა, მამას გვერდით ვიყავი და ვუყურებდი როგორ იღებდა.
არ ვიცი, რატომ არ გადამიღო თავის ფილმებში. ვერ გეტყვით... ახლა მეუბნება, ახალ ფილმში შენ გადაგიღებო. მაგრამ არ მჯერა (იცინის).
მიხარია, რომ ამ ასაკამდე, კითხულობს, იღებს, მუშაობს. ფორმაშია. იქნებ მართლა გადაიღოს კიდევ ფილმი.
გამოვტყდები, მე ახლაც მწყდება გული, რომ არიადნა და ელდარი ერთად არ არიან. ცუდი გაგებით არ ვამბობ. მეც დამენგრა ოჯახი. ვიცი, ეს რაც არის. დედა და მამა დღემდე მეგობრობენ, სატელეფონოდ საუბრობენ. უყვართ ერთმანეთი. და მე ეს მახარებს.
მე ძალიან ბედნიერი ვარ ვამაყობ, რომ ელდარ შენგელაია მამაჩემია!