თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
უფოლოგმა, ერეკლე შონიამ ვიდეო ლექცისას, სადაც მან ისაუბრა წმინდა ადგილებზე, სადაც ძველი ეკლესია-მონასტრებია აშენებული. როგორც უფოლოგი ამბობს, ამგვარ ადგილებში დაუშვებელია კაზინოებისა და სასტუმროების აშენება. მას მაგალითად მოჰყავს ანჩისხატის გვერდით მდებარე ცოტა ხნის წინ დამწვარი "ამბასადორი" და თუ როგორ ხსნის ამ ფაქტს, ქვემოთ წაიკითხავთ.
ერეკლე შონია: განათლებით ისტორიის და რელიგიის სპეციალისტი ვარ. ოჯახური სპეციალობით - ანომალიური მოვლენების, ადამიანის და სამყაროს ურთიერთობის შემსწავლელი.
ჩვენი ოჯახის მესამე თაობას მაქვს რწმენების და მეცნიერების გაერთიანების მცდელობა.
ცოტა ხნის წინ, ანჩისხატის ტაძრის გვერდით დაიწვა სასტუმრო "ამბასადორის" ერთი სართული.
ჩვენი წინაპრები ცოდნებით ჩვენზე გაცილებით წინ იყვნენ. წინ იყვნენ სიწმინდეების ცნობით თუ მშენებლობის ცოდნით. ჩვენ დღეს გონება გახლეჩილი გვაქვს მატერიალიზმად და იდეალიზმად.
ადრე კი ადამიანი იყო ჰარმონიაში სამყაროსთან. ახლა მოდური გახდა, რომ მეცნიერებაში სულიერებას არ უშვებენ, დასცინიან რელიგიას. ღმერთსა და რწმენაზე საუბარი ერთგვარად სირცხვილია.
მამაჩემი - ფიზიკოსი, უფოლოგი თალეს შონია, მუშაობდა მეცნიერებისა და სარწმუნოების თანხვედრაზე. ის იყენებდა კაცობრიობაში დაგროვილ ცოდნას და ახალს, ფიზიკას. სწავლობდა გარემოს, სად არის გეოფიზიკურად დადებითი და უარყოფითი ზონები, სად არის საცხოვრებლად კარგი ზონები, ან ზონები, სადაც ეკლესიებია აშენებული. სწავლობდა, რა ცოდნით იყო აშენებული ქართული ეკლესია-მონასტრები. ეს ცოდნა 1990 წლისთვის დაგროვდა. მამა იყენებდა ადგილების შემოწმების მეთოდს.
შექმნა ალბომი სახელწოდებით - საქართველოს ეკლესია-მონასტრების განლაგება კოსმიური და გეოფიზიკური ველების გათვალისწინებით. ალბომი უწმინდესს გადაეცა.
მამა ამ ალბომის წინასიტყვაობაში წერს, რომ არც ერთი ეკლესია შემთხვევით ადგილას არ აგებულა. განსაკუთრებული ველების წმინდა ადგილს ეძებდნენ და იქ აშენებდნენ ტაძრებს.
ჩვენი წინაპარი 10 სანტიმეტრსაც არ გადააჭარბებდა, ზუსტად იცოდა, სად უნდა აეშენებინა ტაძარი.
საქართველო ძლიერი გამოსხივების, ძლიერი სულიერების ადგილია. ასეთი ძლიერი კონცენტრაციის ადგილებს ჩვენი წინაპრები იყენებდნენ სალოცავების ასაშენებლად. ამ ადგილებში ადამიანი უფალს უახლოვდება, მისი აზრი შეეწევა. ხდება განწმენდა, გაჯანსაღება, სასწაულები ხდება. ამიტომ ძველად ტაძრები ამ ცოდნით იგებოდა.
ეს განსაკუთრებული ძალისა და მადლის მქონე ადგილები განსაკუთრებულ პატივისცემას ითხოვენ, სიმშვიდეს ითხოვენ. აქ ადამიანის აზრი ადრესატამდე აღწევს. მსგავს ადგილებს მოკრძალება, საკრალური მიდგომა უნდა. უნდა იყოს სისუფთავის ადგილები, სიტყვისა და ქმედების სისუფთავის ადგილები.
ამ ადგილებში ცხოვრება არ შეიძლება, შესახლება, სამეურნეობა საქმიანობა არ შეიძლება. ეს ადგილები სულიერი აქტის - ლიტურგიის შესასრულებლადაა გამიზნული. ეს ადგილები ლოცვის აღსავლენადაა. განსაკუთრებულ პატივისცემას ითხოვს, ადამიანი ხარისხობრივად შეცვლილი უნდა შედიოდეს იქ, აკონტროლებდეს აზრს, სამყაროსთვის, ახლობლებისთვის დადებითს გენერირებდეს. ამ ადგილებში არ შეიძლება ქიშპობა, დაძაბულობა, ჩხუბი, წყევლა-კრულვა და ასე შემდეგ. თუ ასეთ ადგილებში ვკინკალაობთ, ვუსმენთ თოქშოუს და დაძაბულობა გადმოდის ჩვენზე, ვართ უსამართლონი, ეს ყველაფერი დუღდება, ათასმაგდება და მერე ჩვენ გვიბრუნდება და გვანგრევს.
არც ასეთი ადგილების სიახლოვეში შეიძლება მსგავსი ქმედებები, არ შეიძლება ცხოვრება, გასართობი ღონისძიების მოწყობა, არ შეიძლება დაძაბულობის ადგილის მოწყობა.
ღვთაებრივი ენერგია შემოდის ადამიანში. ადამიანი დედამიწაზე ენერგიის მთავარი გენერატორია, მას შემოაქვს შემოქმედებითობა, ეს ენერგია ღვთიურია, მთლიანია, როდესაც გაივლის ადამიანს, იღებს ან პლუსს, ან მინუსს. ადამიანის განწყობიდან გამომდინარე. სივრცე, რომელიც თამაშს, დაძაბულობას ეხება, ეს ადგილი აასმაგებს ამგვარ განწყობებს და მერე ის გადაეცემა მთელს ქვეყანას, საზოგადოებას.
ამგვარად წმინდა ადგილებში არ შეიძლება ისეთი რამის აშენება, სადაც, ხალხი ერთმანეთთან სექსუალური აქტითაა დაკავებული, ღრიანცელია, გართობაა... მოკლედ, ადამიანი მოქმედებს გარემოზე და პირიქით, გარემო ადამიანზე. ეს სიწმინდის ადგილები აძლიერებს ამ ზემოქმედებას.
ანჩისხატის ადგილას - ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ძლიერი ძალოვანი ველი გადის და მის გადამკვეთად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ შედარებით წვრილი. ზუსტად ჯვრულ გადაკვეთაზე აშენდა ანჩისხატის ტაძარი. სიონიც იქვეა, სამას-ოთხას მეტრში.
ის სულიერების ცენტრები - მეტეხი, სიონი, ანჩისხატი, ადგილები, სადაც ასევე არის მუსულმანური, ზოროასტრისტული, კათოლიკური, გრეგორიანული უნდა იყოს სუფთად, რაღაცის აშენება არ შეიძლება.
ჩვენი ერი ბოლო 30 წლის მანძილზე აირია. არ გაითვალისწინეს ეს ცოდნა და მოხდა სასულიეროში საეროს აღრევა. თუ ამ აღრევას ასე იტანდა ეს სულიერება, ახლა უკვე, როცა ახალი პერიოდი მოვიდა, ახალი ჯანჯღარის, აპოკალიფსური, მეორედ მოსვლის პერიოდი, ზუსტად ახლაა დალაგების, გაძლიერების დრო.
ქართველებო, ეს სულიერი ცენტრები, ადგილები სწორ მიდგომას ითხოვს. კაცობრიობა დიდ ჯანჯღარშია, განსაკუთრებით ქართველები. ქართველები, როგორც წინასწარმეტყველი ერი, წინასწარ იღებს სირთულეებს თავის თავზე.
მატერიალისტი ადამიანები დღეს ყველგან აშენებენ ტაძრებს. როცა ახალი უბანი შენდება, იქ პირველ რიგში აშენებენ ეკლესიას.
2019 წელს ხანძარი გაუჩნდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს. მე მაშინ სტატია დავწერე, ეს ხანძარი მოასწავებდა ცვლილებებს და მოჰყვა კიდეც კოვიდი, მსოფლიო ომის დასაწყისი...
ჩვენთან, ქვეყანაში, მასიური ფსიქოზია. დაძაბულობა, გადაბრალება, გაწევაა და ამას ბოლო არ უჩანს. ამიტომაც სამყარო გვაჯანჯღარებს, როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური კატაკლიზმებით.
არ აქვს მნიშვნელობა, რა საშუალებით მოეკიდა ცეცხლი "ამბასადორს", ეს არის ადამიანის ფაქტორი, დენის პრობლემა თუ სხვა. ფაქტია, რომ ღმერთმა დაუშვა ეს ხანძარი. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი არის ის, რომ ეს სასტუმრო აშენებულია ანჩისხატის გვერდში, ხუთ-ექვს მეტრში ამ წმინდა ტაძრისგან.
მთელს საქართველოში მიმობნეულია სალოცავები, წმინდა კერები, სიწმინდის ადგილები. ზოგ ადგილას წირვა-ლოცვა არ ტარდება. ამ ადგილებს პატივისცემა სჭირდება, გაღვივება, ლიტურგიის ჩატარება, ლოცვა, რომ ის ძველი ეკლესიები ქართული ღვთაებრივი სულიერების სამსახურში ჩადგეს.
განსაკუთრებით მთის სალოცავებში არ შეიძლება ტურისტები დადიოდნენ, საჭიროა მასპინძელი, მათი მიშვება დაუშვებელია.
მთებიდან წასულო ხევსურებო, თუშებო, ფშავლებო, მოხევეებო: მოგიწევთ უკან დაბრუნება და ასი ათასობით პილიგრიმის, მლოცველის მასპინძლობა. თქვენ, რომლებიც იხარჯებით არა თქვენი სულიერებისთვის დამახასიათებელ, არა პროფილურ საქმეში, მოგიწევთ ჩამოსვლა, როგორც ამ ადგილების სულიერ მსახურებს, მოგიწევთ ამ ადგილების მოვლა-პატრონობა. ბევრი თქვენგანი, ამგვარი ადგილების კაი ყმები და პატრონები ხართ. ამ ადგილებს სულიერი გაძლიერების გარდა ფინანსური, სამხედრო გაძლიერება სჭირდება.
მოკლედ, ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. წინ ბევრია საშრომი. მოვიდა სულიერების დრო, უნდა დავლაგდეთ. ზეცა გვახსენებს ამას გამოვლინებებით, თუნდაც ცეცხლით...