ვინ არის ბიზნესმენ ბექა ხოფერიას მეუღლე და რა კადრებს აქვეყნებს ის
1732209164
მალე 87 წლის გახდება და არაჩვეულებრივ ფორმაშია. ნამდვილად ლეგენდაა, ნამდვილად პრიმა... და ამ სიტყვებში გადაჭარბებული არაფერია.
ყოველ ჯერზე, მაშინაც კი, როცა თავს შეუძლოდ გრძნობს, სატელეფონო ინტერვიუზე უარს არ ამბობს. გულისხმიერად პასუხობს კითხვებს და გულწრფელია. უსმენთ და მისი სიბრძნე ისე გადმოგედებათ, ყურმილის დაკიდების შემდეგ, სახეზე ღიმილი რომ დაგთამაშებთ, ხვდებით, რაშიც არის ამ ლეგენდარული არტისტის უბერებლობის საიდუმლოება...
"პრაიმტაიმის" მკითხველს აქვს ბედნიერება, ეს პატარა და სრულიად საინტერესო ინტერვიუ წაიკითხოს და გახდეს უკეთესი.
ძალიან გაუხარდა, როდესაც ვუთხარი, თუ რამხელა გამოხმაურება მოჰყვა მის ახალ ფოტოსესიას ზურა შევარდნაძესთან სტუმრობისას...
ნანი ბრეგვაძე: ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის ყველას. მე არ ვიყურები ფეისბუქზე...
დადებითი ფლუიდები მოდის ხალხისგან, ვხედავ და ვგრძნობ, როგორ პატივს მცემენ. სიყვარულს, იცით, რამხელა ძალა აქვს?!
რომ მეტყვიან, როგორ ხარო და კარგად ვარ-მეთქი კი ვპასუხობ, მაგრამ ამ დროს, რომ ჩამოვთვალო, რამდენი რამ მაწუხებს... ზოგჯერ მაღალი წნევა, იქ ხერხემალზე პრობლემა... სანამ მალების პრობლემა შემექმნებოდა, მანამ ადგომამდე, საწოლში ვვარჯიშობდი აუცილებლად, ველოსიპედს რომ ატარებთ, იმგვარი მოძრაობებით. ახლა ვერ ვვარჯიშობ. ისე კი გენეტიკის დამსახურებაა, თორემ დარბაზებში ვარჯიშის დრო მე არ მქონია...
ვცდილობ არ ვუყურო საინფორმაციო საშუალებებს, რომ არ ვინერვიულო, მაგრამ მიყვარს სამშობლო, აქ ვცხოვრობ და როგორ გინდა არ მიიტანო გულთან. ვცდილობ, რომ ვიყო კარგ განწყობაზე; სიმშვიდე გინდა, არ გინდა ამდენი ნერვიულობა. დღეს მთელი მსოფლიო არეულია. რომ ამბობენ, ერთი დღით უნდა იცხოვროო, ანუ დღევანდელი დღითო, აქამდე მიკვირდა ამ თეორიის. ახლა აღარ მიკვირს. მივხვდი, რომ ყოველი დღე საჩუქარია და ისე უნდა იცხოვრო, რომ სანანებელი არ გქონდეს. მადლობა უნდა შევწიროთ უფალს ყოველი გათენებული დღისთვის.
აუცილებელია გქონდეს შენი საქმე. მე უკვე არ მინდა დავიტვირთო, მაგრამ საჭიროა. მხრები რომ არ გქონდეს ჩამოყრილი. მშვიდ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ახლობელი დავკარგე, დეიდაშვილები, იგივე ოჯახის წევრები. მამიდაშვილები, ბიძაშვილები - ერთად რომ იზრდებით, იგივე შენი და-ძმაა, ხომ ასეა? მოქმედებს ეს ყველაფერი.
საქმეს რომ ხელს ჰკიდებ, ძალა და იმედი გეძლევა. მახარებს და მაბედნიერებს ახალი ნიჭიერი თაობა. მუსიკალურ გადაცემა "რანინას" რომ ვუყურებ, სიხარულისგან და სიამაყისგან ვტირი. ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში რა უნიჭიერესი ახალგაზრდები მოდიან. ისინი ნამდვილად გადაგვარჩენენ.
იმედი სულ უნდა გქონდეს. უიმედოდ ცხოვრება არაფრით არ შეიძლება, ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. თუ არაფერი გინდა, სასოწარკვეთა გაქვს, შენ უკვე ავად ხარ, დეპრესიაში. ეს კარგს არაფერს მოგიტანს. სულ იმედით უნდა იყოთ.
87 წლის ვხდები და ამას რომ ვიაზრებ, ვგიჟდები, არ მჯერა. 90 წლამდე თუ მივაღწევ, იუბილეს გადავიხდი.
რომ ვწევარ ვფიქრობ, ოდესმე ხომ დადგება წასვლის დრო, მაგრამ არ მჯერა, რომ უნდა წავიდე. მსოფლიოში ერთადერთი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ სულ უნდა ვიყო, სულ ვიცხოვრო. ვერ წარმომიდგენია არ არსებობა. ღმერთს ვთხოვ, როცა ჩემი წასვლის დრო მოვა, ისე წამიყვანოს, რომ ლოგინად არ ჩავვარდე, მოსავლელი არ ვიყო. ძილში წავიდე, რომ ვერ მივხვდე. ცხოვრება არ მომბეზრებია. სიცოცხლე ძალიან მინდა. ძალიან, ძალიან შეყვარებული ვარ სიცოცხლეზე. ჩვენს ეზოში ყვავილებით ისეთი სილამაზეაა, ცქერით ვტკბები, ვწყნარდები. ეს ეკას დამსახურებაა. სამი აივანი მაქვს. გარშემო სულ ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. უშველებელ ნაძვზე ციყვები დახტიან... ბუნება მამშვიდებს.
ვკითხულობ წიგნებს. მიყვარს ავტობიოგრაფიების კითხვა. ახლა რეზო გაბრიაძის წიგნს ვკითხულობ...
ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო... არ ვარ მტირალა.
ძალას მმატებენ შვილთაშვილები, მაგიჟებენ. განსაკუთრებით - პატარა. ჩემთან რომ მოდის, პირდაპირ ჩემს ოთახში შემორბის. მეც გიჟივით უცებ ვდგები. ვუკრავ, ვამღერებ, მეც ვმღერი. დიდ სიცოცხლეს და ენერგიას მმატებს.
ეკლესიური არ ვარ, მაგრამ ბევრი რამის მჯერა. რაღაც მნიშვნელოვანი რომ მაქვს გადასაწყვეტი და არ ვიცი, როგორ მოვიქცე, უფალს შევთხოვ დამეხმაროს. მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. იმის მისახვედრად, რა არის კარგი და რა ცუდი, უნდა იცხოვრო. ცხოვრება უშეცდომოდ არ არის. მაგრამ დაშვებული შეცდომა უნდა გააანალიზო. უმთავრესი არის სინდისი! უსინდისო ადამიანი ამ ქვეყნად დაკარგულია. ოთარ ჭილაძის ათი მცნება, რა საოცარიაა... ჯერ სინდისია და მერე სხვა დანარჩენი.
აუცილებლად უნდა თქვათ ეს პატარა იესოს ლოცვა - უფალო იესო, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ხშირად ვამბობ.
არავინ არასდროს არ გამიწირავს. შენი მტერიც თუ შენზე კარგია, უნდა აღნიშნო. აუცილებლად. არაფერი დაგაკლდება, თუ არ მოგემატება.
თავის შეკავებაა კიდევ ის აუცილებელი, რასაც გირჩევდით. თუ გაბრაზდებით, ცხელ გულზე პასუხისგან თავი შეიკავეთ. რამდენიმე დღეში გადაგდის ბრაზი და მერე გიხარია, რა ბედნიერებაა, რომ არაფერი ვუპასუხეო. შენს სასარგებლოდ მოდის ყველაფერი, მით უფრო, თუ მართალი ხარ.
მალე ვივიწყებ წყენას. არც მახსოვს, რაზე ვიყავი ნაწყენი.
შინაგანად ვერ ვგრძნობ ასაკს. სულ მეგონა, რომ ახალგაზრდა ვარ იმათ შორის, ვის კამპანიაშიც ვიყავი, ან ვარ. შინაგანად ბებია კი არ ვარ, მაინც ახალგაზრდული განწყობები მაქვს. ასე რომ, წყნარად ვუყურებ ასაკს, ძალიან წყნარად.
ასევე დაგაინტერესებთ: „პირადი პრობლემების მოგვარებაში დამეხმარა. როგორც არ უნდა ვიმატრაკვეცო და დავმალო, ეს ფაქტებია...“ - რას გვიმხელს პაატა გულიაშვილი რობერტ სტურუაზე
"საყვარლის საფლავს ვეძებდი..." – "სულიკოს" მიღმა, რეალური, ტრაგიკული ისტორიაა - ვინ იყო სულიკო?