სასაზღვრო პოლიციამ სარფში, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავა, მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი

სასაზღვრო პოლიცია

სარფში, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ლ.შ. და 1993 წელს დაბადებული თ.ჟ., ასევე, მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის - განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, 1982 წელს დაბადებული მ.შ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.