misha

1679675152

"არავისტი არ ვყოფილვარ... ყოველთვის ძმაკაცისტი და თბილისისტი ვიყავი" - მიშა გომიაშვილი 62 წლის გახდებოდა

მიშა გომიაშვილი 62 წლის გახდებოდა... მსახიობი გასული წლის სექტემბერში გარდაიცვალა. "პრაიმტაიმს" პანდემიის დროს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ მის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუს პრესასთან. მიშა გომიაშვილი:  - ასაკი მხოლოდ ანკეტების შევსების დროს მახსენდება. მარტო რომ ვარ ოთახში, უცებ რაღაც ისეთ სიშტერეს ვიზამ, მერე გამახსენდება ასაკი, სირცხვილია-მეთქი და ვამუხრუჭებ. ეტყობა, გული არ ბერდება.პატარა ბიჭი აღარ ვარ, მოწევას თავისი მიაქვს. ბევრს ვეწევი. ფიზიკურად მალე ვიღლები. სამაგიეროდ, დავდინჯდი, გამოცდილება მომემატა. ვიცვლები. არ ვარ ჯიუტი კაცი, რაკი ერთხელ ვთქვი, სულ იმ აზრზე დავრჩე. როცა ვხვდები, აღარ ვარ მართალი, ვიცვლი პოზიციას.– და სიყვარულშიც დიდი გამოცდილება გაქვთ…– როგორც ყველა მამაკაცს, არაფერი განსაკუთრებული. ვისთანაც მიცხოვრია და პატარა პერიოდი გამიტარებია, ყველას ცოლი დაარქვეს. ჭორაობის დონეა. მე კიდე მეზარება დავჯდე და ავხსნა.ამდენი ხანი, რაც მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, არავისთან არ მიცხოვრია. 11 წელია ერთად ვართ, ჯვარიც დავიწერეთ. ტფუ, ტფუ (ხეზე დააკაკუნა)…მართლა გეუბნებით, ჩემი გაძლება იოლი არ არის. მძიმე ხასიათი მაქვს. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს შევეწყეთ და ეს ქეთის დამსახურებაა. ისეთი კომფორტი შემიქმნა, რომ მეტი არ შეიძლება. ეს მომწონს ამ ქალში…- პანდემიამ რაზე დაგაფიქრათ?– დიდი ფილოსოფოსი არ ვარ, თუმცა ღრმად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ უფალმა ბოლო გაფრთხილება მოგვცა. ტვინი გავანძრიოთ და ბოლოს და ბოლოს მივხვდეთ, რა არის ამ ცხოვრებაში მთავარი და რა – მეორე ხარისხოვანი.მებაღე რომ “სეკატორით” კრეჭს ბუჩქებს, აიღო და ისე გადაგვფცქვნა. ყველა, მილიარდერი თუ ჩვეულებრივი მოკვდავი, ერთსა და იმავე მდგომარეობაში ჩააგდო. მიგვახვედრა, რომ სიმდიდრე და ქონება, არაფერიც არ არის. მაიბახით ივლი, თუ ველოსიპედით, მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრი ფული არავის აძლევს იმის უფლებას, რომ სხვას ზევიდან უყუროს.ძვირად ღირებული საათი, კარგი მანქანა თუ ვილა, ეს ყველაფერი ფურთხის ღირსი აღმოჩნდა…ჩემ გმირს შევადარებ, რომელიც რუსეთში ვითამაშე. ეს კაცი თავში მძიმე საგნის ჩარტყმით გათიშეს და ოკეანის პირას იღვიძებს. არ ახსოვს ვინ არის, სადაურია, საიდან მოვიდა. ასეთი ძირფესვიანი რესტარტი გაგვიკეთა ჩვენმა შემოქმედმა.უნდა ავწონ-დავწონოთ, მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ეს მთავარია ამქვეყნად. ამაზე სულ ვფიქრობდი, მაგრამ ახლა უფრო მეტად დაფიქრების საშუალება მოგვეცა.დააკვირდით, გამონაბოლქვისგან ქალაქში რა ნისლი იდგა?! ფუნიკულიორიდან თავისუფლების მოედანს ვერ ხედავდი. გაკრიალდა ჰაერია. მანქანებმა ორი დღეა დაიწყეს სიარული და უკვე გამონაბოლქვის სუნი მეცა.ყველა სიტუაციაში პლუსი უნდა მონახო. მხოლოდ ნეგატივს არ უნდა ხედავდე, ცხვირაწეული მხოლოდ კრიტიკით არ უნდა იყო დაკავებული.არასოდეს არავისტი არ ვყოფილვარ. პოლიტიკაში ცხვირი არ ჩამიყვია. ყოველთვის საქართველოისტი, ძმაკაცისტი და თბილისისტი ვიყავი.ახლა იმის მაგივრად, რომ ყოველგვარი პარტიული ნიშნის და პოლიტიკური ხედვის მიუხედავად, ერთად შევიკრათ, უფრო ჭამენ ერთმანეთს. რა უბედურებაა? ქულები რომ დაიწერონ წინასაარჩევნოდ. რა არჩევნები, რის არჩევნები? ეს უბედურები…მართლა ჰგონიათ, რომ ეს ვირუსი ვიღაცამ გამოიგონა. ეს ყველაფერი უფლისგან მოდის, რომელმაც ბოლო შანსი მოგვცა. ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის გვერდში დგომა. მერე ყველაფერი დალაგდება თავისით.დანარჩენი ზღაპრები და ჭორია, ბილ გეიტს და მის ქალიშვილს ვინ რას ჰკითხავს (იცინის)? მასონური მაიმუნობაა. ყველაფერი უფლის ნებაა, ოღონდ ხელი უნდა გავანძრიოთ.

gigashvili

1679655240

"ეს ჯადოქარი ბიჭი მაბედნიერებს!... ვერც კი აღვწერ, რა ბედნიერი ვარ!.." - ნახეთ, რა დაატრიალა გიორგი გიგაშვილმა

ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტი გიორგი გიგაშვილი არტურ რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტი გახდა! 33 კონკურსანტიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გიორგი ექვსეულშია. კონკურსი 1974 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ, თელ-ავივში იმართება. ფაქტით გაბედნიერებული ნიკოლოზ რაჭველი ფეისბუქზე ემოციებს გვიზიარებს.ნიკოლოზ რაჭველი: გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტიააააა!!!!!!!იცით, ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე უსაზღვროდ პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა, თან მას შემდეგ, რაც 7-8 მარტის აქციების დარბევაშიც მოყვა და გაზის კაფსულებს, თუ წყლის ჭავლს ვერც ერთ დღეს გადაურჩა… მერე გაფრინდა თელ-ავივში, პირველი და მეორე ტურის ურთულესი პროგრამები ბრწყინვალედ დაუკრა და მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა პიანისტთა შორის ღირსეული ადგილი მოიპოვა!!!ვერც კი აღვწერ, რა ბედნიერი ვარ!!!პატარა იყო გიორგი მუსიკალურ პროექტ "ანა ბანაში" რომ გამოჩნდა. იქ თან უკრავდა და თან მღეროდა. მარინა ბერიძე: თვალის დადგმა მეხერხება. პატარა იყო თვალი რომ დავადგი.ძალიან მიყვარს ეს უნიჭიერესი ბიჭი, ეს ჯადოქარი ბიჭი მაბედნიერებს! უკიდეგანო ნიჭის და უკიდეგანო შესაძლებლობების მუსიკოსია. თან თავისი ქვეყნის პატრიოტი. 

iveri

1679597010

"მითხრა, რომ ჩემი თაყვანისმცემელია და დამხატა" - ვინ დახატა თამარ ივერი

მხატვარმა მამუკა გიორგაძემ თამარ ივერის პორტრეტი დახატა. მამუკა უმეტესწილად პორტრეტებს ხატავს, მათ შორის, ცნობილი ქალბატონებისას. როგორც ივერი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ეს ორი წლის წინანდელი ნამუშევარია, უბრალოდ ფეისბუზე ახლა გააზიარა.თამარ ივერი: მამუკამ ჩვენი საერთო მეგობარი დახატა, რომელიც მომეწონა. შემდეგ მე დამიკავშირდა და მითხრა, რომ ჩემი, როგორც მომღერლის, თაყვანისმცემელია და სურდა დავეხატე. რამდენიმე ფოტო მივეცი და იქიდან დამხატა. სახე ერთი ფოტოდან აიღო, დანარჩენი მისი ფანტაზიის ნაყოფია. უზარმაზარი ნახატია, თუ არ ვცდები, მეტრონახევარი მეტრონახევარზე. სახლში მიკიდია.ნახატზე ბევრად გამხდარი ვარ, ლამაზად ვყავარ დახატული. მომწონს, კარგი ნამუშევარია. იერით მგავს. საერთოდ, ადამიანს თითქმის ყოველთვის აქვს ის მომენტი, რომ ნახატი ბოლომდე მას არ ჰგავს. მეუბნებიან, რომ მგავს. ხასიათი არის დაჭერილი. მან ასე დამინახა, მხატვრის ხედვაა. მამუკას ხელწერა მე მომწონს. თითქოს შავთეთრ სტილში ხატავს. ბევრი ცნობილი ქალბატონი ჰყავს დახატული.  არაორდინალური პიროვნებაა. ამერიკაში დიდხანს ცხოვრობდა. საინტერესო და კოლორიტული ადამიანია. 

mama gabrieli

1679595400

"ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა, შევედი და ვხედავ..." - რას გვიყვება მამა გაბრიელის დისშვილი

ვისაც მამა გაბრიელი გულში გყავთ, მის მიერ აშენებული პატარა ეკლესია და კელია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. კელია, სადაც უამრავი ძველისძველი ხატი და წმინდა ბერის ნივთები ხელუხლებლად დაგხვდებათ, ისნის რაიონშია, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ. სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით. რომ წარმოიდგენ, რომ ჩვენი მეოხი წმინდანის ნათითურებია ამ ხატებსა და ნივთებზე, მისტიკური განცდა გიპყრობს. მისი სამოსი, ჩექმა, ქუდი, ოლარიც აქვეა, შეგიძლია ემთხვიო, მიეახლო. ყველგან მამა გაბრიელია, კელია გაჟღენთილია წმინდა ბერის არსებით, უხილავითა და ხილულით. რწმენა ხომ "სხვა თვალს" გვიხელს და შეგვიძლია დავინახოთ ის, რასაც ურწმუნო ვერ ხედავს.იქვე ჭერში კიდია დიდი ჯამი, რომელშიც სუხარს აგროვებდა, ამოთხრილია საფლავის მსგავსი ორმო, სადაც დრო და დრო, თვითგვემით იყო დაკავებული.კელიას უვლიდა მამა გაბრიელის უფროსი და, ემა, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს საქმე მისმა ვაჟმა, ელდარ ურგებაძემ გააგრძელა.მამა გაბრიელის დისშვილი გვიყვება, რომ მასზე მისი ბიძა, მამა გაბრიელი 16 წლით უფროსი იყო. ელდარ ურგებაძე: მამა გაბრიელ ჰყავდა ორი და და ერთი ძმა. მიშიკო ორი წლით უფროსი იყო მამა გაბრიელზე. მან თავისი ცხოვრება ციხეში გაატარა. გადასახლებული იყო მაგადანზე. იქიდან დაბრუნებული, ფილტვების ანთებით, 37 წლის ასაკში დაიღუპა. მათი პაპა ბოლშევიკი იყო, ვასილი.ამ კელიას დედაჩემი უვლიდა. ახლა მე ვუვლი. თითქმის ხელუხლებელია ყველაფერი. ხატები ზოგი აჩუქეს, ბევრი სანაგვეზე გადაყრილი იპოვა და მოიტანა... ასე ნაპოვნითა და ნაჩუქარით ააგო ეს პატარა ტაძარი და კელია თავისთვის. როდესაც მცხეთიდან თბილისში ჩამოდიოდა, აქ ცხოვრობდა.ჰქონდა ქართული ხმა, ბოხი, არტისტული. ჰყვებოდა გრძნობით, ხატოვნად. როდესაც წმინდანებზე გვიყვებოდა, ხან ხმას მოუმატებდა, ხან დაუწევდა, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაში იყო ის კონკრეტული წმინდანი იმ ისტორიაში. წმინდანების ცხოვრება ეკლიანია უმეტეს წილად. თუ ყურადღებით უსმენდი, მამა გაბრიელის ემოციური მონათხრობი ეკლებს დაგაყრიდათ კანზე. მინდოდა მაგნიტოფონზე ჩამეწერა მისი საუბარი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. ვიდეოკამერა რუსეთიდან მქონდა ჩამოტანილი, მოდი, ვასიკო (მისი მამის სახელს ვეძახდით), გეხვეწები, გადაგიღებ-მეთქი, ვეტყოდი. ერთხელ დამთანხმდა, კარგიო. ჩაიცვა სუფთად, გამოვიდა და უცებ გადაიფიქრა, არ არის საჭიროო. ჩუმად ვერ გადავუღებდი.აქვე არის გაჭრილი ორმო, რომელშიც ცოდვების მოსანანიებლად ჩადიოდა. ხომ სალოსობდა და იქ ჩავიდოდა და ამბობდა, ყველაზე ცოდვილი და ცუდი მე ვარო, თვითგვემას მიეცემოდა. ამ დროს კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა. ერთხელ კელიის კარი ღია დარჩა და შევედი. ვნახე, ამ ორმოდან ამოდიოდა...საკვები... ლობიო უყვარდა. მოხარშავდა და ბლომად ჩაყრიდა ქინძს. გემრიელი გამოსდიოდა, მაგრამ იმდენ პურს ჩაყრიდა შიგნით, რომ დააშრობდა. მერე მეორე დღისთვის გადაინახავდა იმ თეფშს. ხშირად ჰქონდა მოხარშული სიმინდი, დამარცვლული.  ჰქონდა ბარდა. სუხრისთვის ჯამი ჩამოკიდა ჭერზე. ახლაც იქ კიდია. მახსოვს, ჩემი მშობლების სახლის საძირკველი, აი აქვე ეზოში, მამა გაბრიელმა ამოთხარა. კადრივით მაქვს ჩაბეჭდილი, შავი ანაფორა ეცვა, ხელში ბარი ეჭირა და თხრიდა. მთელი საძირკველი მან ამოთხარა.ეზოში, ქვები, კუნძი მისი მოტანილია. მის მიერ დაწერილ ფრაზებს გადააწყდებით... ყველაფერი ისე შევინახეთ, როგორც მან დატოვა. როდესაც თბილისშია, გული ამ ადგილისკენ მოუწევს დედა პარასკევას, რომელმაც მამა გაბრიელის გვერდით სამი წელი გაატარა. როგორც ის "პრაიმტაიმთან" ჰყვება, ყველაზე მეტად მამა გაბრიელის სიახლოვეს აქ გრძნობს.დედა პარასკევა: როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა.ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა. 

nazgaidze

1679590645

"მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, გიორგი ნაზღაიძესთან ვითანამშრომლებდი" - რა შემოთავაზებები აქვს შოუმენს

გიორგი ნაზღაიძით პოლიტიკოსები დაინტერესებულან. ამის შესახებ ის თავად უამბობს „პრაიმტაიმს“. როგორც შოუმენი ამბობს, თვითონაც რომ პოლიტიკოსი ყოფილიყო, არჩევანს გიორგი ნაზღაიძეზე შეაჩერებდა და მასთან ითანამშრომლებდა.გიორგი ნაზღაიძე: მათ, ვინც ახლო ურთიერთობაშია პოლიტიკოსებთან და ასევე ჩემმა მეგობარმა, მედიის წარმომადგენლებმა მითხრეს, პარტიებს უნდათ შენთან თანამშრომლობაო. ერთმა კონკრეტულად მითხრა, დღეს შენზე ჰქონდათ ერთ პარტიაში საუბარიო.მე ადრე კი ვთქვი პრესაში, პოლიტიკაში მივდივარ-მეთქი, მაგრამ არა, იყოს, ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.- რატომ განიხილება შენთან თანამშრომლობა, როგორ გგონია?- ალბათ, სამი მილიონ ორასი ათასი ხმა რომ აიღონ, ამისთვის განიხილავენ ჩემს კანდიდატურას. არ ვიცი. შესაძლოა პიარისთვის. იციან, რომ კარგი ორატორი და მოსაუბრე ვარ. ხედავენ ხალხის სიყვარულს და მათ ჩემს გვერდში დგომას. ჩემი რომელიმე პარტიის გუნდში აყვანა, ცუდი გათვლა არ არის. მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, გიორგი ნაზღაიძესთან ვითანამშრომლებდი, რატომაც არა?! სიმპათიური, ნიჭიერი, უამრავ გულშემატკივრიანი პიროვნებაა.- დიმიტრი ხარ გელოვანი, რა. და მაინც შეთავაზება რომ მიიღო, დაფიქრდები?- ხვალ რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. სადაც ვარ, ძალიან კომფორტულად და კარგად ვარ. ეს ის ადგილია, სადაც მე მომწონს. პოლიტიკაც საბოლოო ჯამში - ტელევიზიაა. სულ ტელევიზორში არიან პოლიტიკოსები. სხვას არც არაფერს აკეთებენ. მე მინდა ვნახო ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც არა მხოლოდ ეთერში საუბრობენ, არამედ საქმეს აკეთებენ. ჩვენი სივრცე - ტელევიზია, ჩვენ დაგვიტოვონ, თვითონ საქმეს მიხედონ. 

დოჩანაშვილი

1679588187

“ირაკლი 22 წლის იყო, აივნიდან გადავარდა… შვილის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ აგრძელებდა წერას” – დიდი ქართველი მწერლის ტრაგედია

როგორ მოკრძალებულადაც იცხოვრა, ისევე მოკრძალებული სამუდამო განსასვენებელიც თავადვე აირჩია. პანთეონი არასდროს ჰყვარებია და თავისი საფლავი იქ ვერასდროს წარმოედგინა. ამის მყარი არგუმენტიც ჰქონდა. სურდა შვილის გვერდით დაკრძალულიყო და მორჩა!სიცოცხლის ბოლო თვეები თავის აგარაკზე, მუხაწყაროში გაატარა. თითქმის მთელი პანდემიის პერიოდი, მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრობდა. ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გვითხრა, ბოლოს რომ დავურეკე, მითხრა, არ იცი, აქ რა კარგია, შაშვები არიან მხოლოდ. ვირუსის მომტან-მიმტანი არავინაა და ამ შაშვების ყურებით ბედნიერი ვარო.ბოლო ერთი თვე საავადმყოფოში იწვა, გულის უკმარისობის დიაგნოზით. საკუთარი უკანასკნელი დაბადების დღეც იქ გაატარა. 26 მარტს 82 წელი “ნიუ ჰოსპიტალში” შეუსრულდა.ორ აპრილს მდგომარეობა დამძიმდა. საკუთარმა მოძღვარმა აზიარა და ჩვენი დროის ფასდაუდებელი კლასიკოსი, რამდენიმე საათში აღესრულა…ამბობენ, გურამი თავის 22 წლის ვაჟთან ერთად ჩაქრა და გარდაიცვალა, უბრალოდ, ფიზიკურ არსებობას განაგრძობდა ამ წუთისოფელში.“დიდი ხანია ნატრობდა ამ დღეს – იმ წუთიდან, შვილმკვდარი მამა რომ დაერქვა. მე და ირაკლი მისაღებ გამოცდებზე ერთად გავედით. თვალებით დამამახსოვრდა. მაშინ არ ვიცოდი, რომ გურამ დოჩანაშვილის შვილი იყო. მერე გავიგე უნივერსიტეტის ბაღში რომ შევხვდი… ჩაის სახლის და ლიზიკოს ხაჭაპურის დღეები მახსოვს…როგორ მშურდა მაშინ, გურამ დოჩანაშვილის შვილი რომ იყო და პირველად მას შეეძლო წაეკითხა, რასაც წერდა, მასთან ესაუბრა… რა გშურს, შენ რომ ცნობილი ჟურნალისტი გახდები, ისეთ ინტერვიუს ჩაგაწერინებ, არავის არ ექნებაო, ასე დამპირდა…1990 წელს გარდაიცვალა – ზეცა ჩამოიქცა ეს ამბავი რომ გავიგე. მახსოვს, მუხათწყაროში ვიყავი… ვიცი, ბატონი გურამიც მაშინ გარდაიცვალა ირაკლისთან ერთად, უბრალოდ მხოლოდ ახლა გადავიდა სააქაოდან ზეციურ საქართველოში…არასდროს არ ჩამიწერია მასთან ინტერვიუ, არც მითხოვია – ვერ შევძელი… სულ მეგონა, რომ ირაკლის გარეშე ვერასდროს დაველაპარაკებოდი!აცხონოს უფალმა – ირაკლი და გურამი!“- წერდა ჟურნალისტი მაკო ფურცელაძე. "ეს ამბავი 7 აგვისტოს მოხდა. მე ამ თარიღს მივიჩნევ ირაკლის გარდაცვალების დღედ. გურამი კი თვლის, რომ 18 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ის აპარატიდან გამორთეს. ეს იყო 1990 წელს. ირაკლი მაშინ 22 წლის იყო, 2 მეტრი სიმაღლის. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვიცოდი, რომ აღარ იცოცხლებდა.ირაკლის გარდაცვალებამდე მე გახლდით ცუდად. ფაქტობრივად, მკვდარი ვიყავი და ირაკლი დარბოდა წამლებზე, სისხლზე. სიმსივნური წარმონაქმნი ამომაჭრეს მუცლიდან. ვფიქრობდი, რომ მივდიოდი ამ ქვეყნიდან და კმაყოფილი ვიყავი, რადგან ჩემს ორივე შვილს უმაღლესი დავამთავრებინე, გურამი მწერალი გახდა." -ჰყვებოდა გურამ დოჩანაშვილის მეუღლე ნათელა სეფიაშვილი, ერთ-ერთ ინტერვიუში.   ედმონდ მინაშვილი: – ჩვენ ვუთხარით, მთელი ერი ითხოვს მის დაკრძალვას მთაწმინდაზე. ის მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით, მთელი საქართველოს კუთვნილებაა-მეთქი. მან გვიპასუხა, ბატონი გურამი თუ მთელ ქვეყანას ეკუთვნის, ამის სანაცვლოდ თავისი ქმნილებები დატოვა და წაიკითხონო. მისი საფლავი სად იქნება, ეს მისი ოჯახის გადასაწყვეტიაო.შვილის გარდაცვალების შემდეგ დიდი ხანი არ უწერია დიდ მწერალს. თავის საყვარელ საქმეზე ხელი ჰქონდა ჩაქნეული.ამ ტრაგედიის შემდეგ, უფალმა დიდი საჩუქარი გამოუგზავნა, ქალიშვილის, ქეთევანის შვილი, თინათინ ჭკუასელი, რომელმაც შეძლო, რომ ბაბუასთვის სიცოცხლის გაგრძელების სურვილი მიენიჭებინა.“უწ­მინ­დე­სი სულ მა­რი­გებ­და და მომ­ცა ძალა, რომ ჩემს ასაკ­ში და­მე­წე­რა”, – ამბობდა გურამ დოჩანაშვილი, რომელმაც სამების ეზოში მდებარე ლავრაში ორი წელი იცხოვრა და იქ მუშაობდა ამ სამტომეულზე.

oldman

1679586781

„...ფეხები ძირგამძვრალ კედში გაუყვია, ჩემი აქ ყოფნით ვინმე არ გავაღიზიანოო და..." - სევდიანი ამბავი ნეაპოლიდან

იტალიელი პოეტი, მწერალი და დრამატურგი - ტონინო გუერა 103 წლის გახდებოდა. ის ცნობილია თავისი გემრიელი, საინტერესო და ცხოვრებისეული გამონათქვამებით. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს."დგება დრო, როდესაც იწყებ პარტნიორის ძებნას, ვისთან ერთადაც მოუსმენ წვიმას. სინაზე - ეს მხარზე პეპლის ჩამოჯდომას ჰგავს.შენ ყოველთვის ფლობ მხოლოდ იმას, რაც ბავშვობაში გაგაჩნდა.მოხუცის გზა - ეს არის გზა არა სიკვდილისკენ, არამედ გზა ბავშვობისკენ.როდესაც გიყვარს, შენ უბრალოდ ადამიანად ყოფნას ეშვები და ხდები არომატი. მიწაზე კი არ დადიხარ, დანარნარებ მასზე. ეს არის შეყვარებულობის მდგომარეობა და ცხოვრებაში უმთავრესი. და მნიშვნელობა არ აქვს ვისზე ხარ შეყვარებული - ქალზე, სამუშაოზე, ცხოვრებაზე თუ სამყაროზე.თოვა ღვთიურ მოვლენად მიმაჩნია. და როდესაც წვიმს, ან ფოთლებისგან იძარცვებიან ხეები - ეს კაცის ცხოვრებაში ღვთიური მოვლენებია. და თუ გარდაცვალება სამწუხაროა, მხოლოდ ამგვარი მოვლენების გამო. ეს ცხოვრების სპექტაკლია, თვით ცხოვრებაა ღვთიური განგება."  "დამახსოვრებული" ყავა - ტონინო გუერას მონათხრობი"ნეაპოლი ჩემთვის ყოველთვის ძნელად ამოსახსნელი გამოცანების ქალაქი იყო. სამაგიეროდ, დე სიკა გრძნობდა მშობლიურ ქალაქში თავს ისე, როგორც თევზი წყალში. ერთხელ ფილმის (“ქორწინება იტალიურად”) ნატურის შესარჩევად ნეაპოლში ერთად მოგვიხდა ჩასვლა.დე სიკა მეუბნება: "მოდი, ცოტა ხანს ამ ბარში დავსხდეთ. აქ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ნეაპოლელებს უფრო მეტად შეგაყვარებს".ბარი მოედანზე, ვაგზლის პირდაპირ გაეხსნათ. მაგიდას მივუსხედით და გავაბოლეთ. ის-ის იყო შეკვეთის მიცემა დავაპირეთ, რომ ამ დროს ბარში შემოსულმა ორმა ახალგაზრდამ ბარმენს კარის ზღურბლიდანვე ოთხი ყავა შეუკვეთა, ოღონდ ეს ძალზე უცნაურად გაკეთდა: "ოთხი ყავა! ორს ვსვამთ, ორს ვიმახსოვრებთ!" ამასთან, "ორს ვიმახსოვრებთ" გარკვევით და ლამის დამარცვლით იქნა წარმოთქმული, რათა რაიმე გაუგებრობა არ გამოეწვია. ახალგაზრდები დახლთან მივიდნენ, თითო-თითო ფინჯანი ყავა შესვეს, ოთხისა გადაიხადეს და წავიდნენ.ცხადია, დე სიკას მაშინვე ვკითხე, რას ნიშნავდა გადახდილი, მაგრამ დაულეველი ორი ყავა."შენთვის იჯექი, ყველაფერს თვითონ მიხვდებიო", – უსიტყვოდ მანიშნა მან.ხალხი შემოდიოდა და გადიოდა. თანაც უმრავლესობა არაფრით არ გამოირჩეოდა: შეუკვეთავდა, დალევდა, წაიხემსებდა და მიდიოდა.მაგრამ აი, ბარში ძალზე უბრალოდ ჩაცმული სენიორა შემოდის და ბარმენს ეუბნება: "სამი ყავა! ერთი – მე, ორს კი ვიმახსოვრებთ!" ქალი ერთ ყავას სვამს, სამისას იხდის და თავისი გზით მიდის.ცნობისწადილი არ მასვენებს და კვლავ ვცდილობ, რაიმე გავიგო. მაგრამ დე სიკას ფიქრადაც არ მოსდის, "გამეხსნას". მეტიც, ახლა თვითონ დგება და ბარმენს მიმართავს: "ხუთი ყავა! ორს ვსვამთ, სამს ვიმახსოვრებთ!"ამასობაში შუადღემ მოატანა. ფართოდ გაღებულ კარებში მოჩანს ვაგზლისწინა მოედანი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინთქმება მზის ალმურში, სულ უფრო და უფრო ემსგავსება უკაცრიელ უდაბნოს. და უცებ, ამ თვალისმომჭრელ სინათლეში ჩნდება ჩრდილი. იგი ნელა მოძრაობს, თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება: კარის ღიობში დგას მათხოვარი. რაღაც გაჭუჭყიანებული წინსაფარი შემოუკრავს, ფეხები ძირგამძვრალ კედში გაუყვია. ჩემი აქ ყოფნით ვინმე არ გავაღიზიანოო, ცოტათი მარჯვნივ გადგება, მერე ნელი ამოოხვრით, ძლივს გასაგონად, მორიდებით იკითხავს:"რაიმე ხომ არ არის დამახსოვრებული?" "ხო, არის, არის"… – ცივად უპასუხებს ბარმენი. მათხოვარი დახლთან მიდის. უზომო ბედნიერებისგან არ იცის ხელებს რა მოუხერხოს, უცნაურად იქნევს აქეთ-იქით. დგას და მის კუთვნილ ყავას წრუპავს..."

dati

1679510640

Exclusive: "ვიგრძენი, იმ წუთს მამა გაბრიელს ჩემი თხოვნა ესმოდა... და დათის შეეწია" - დედა პარასკევა მამა გაბრიელის მოხდენილ სასწაულზე

 "სადაც დედა პარასკევაა, მამა გაბრიელიც იქ არისო, ამბობენ", - გვითხრა და გაიცინა მონაზონმა, რომელსაც თითქმის მთელი საქართველო იცნობს. ჩვენი დროის უდიდესი წმინდანის გვერდით სამი წელი გაატარა. უმზადებდა წვნიანს, უსიტყვოდ ესმოდა მისი. მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ კი, მისი უხრწნელი სისხლით ყველას ლოცავს და წმინდა მამასთან შუამდგომლობს.ძნელად თუ მოიპოვება ვინმე, ვინც მამა გაბრიელის საფლავზე, მის ამოყვანებამდე, ნამყოფი არ არის. მის საფლავზე მუდმივად მყოფი მომღიმარი დედა პარასკევა კი ყველას მეხსიერებაშია...უკვე ექვსი წელია ბორჯომში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. როდესაც თბილისში ჩამოდის, მამა გაბრიელის მიერ აგებულ ტაძარს და კელიას სტუმრობს, ადგილს, სადაც ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი თბილისში ყოფნისას ცხოვრობდა. ამ ძვირფასს ადგილს ბერის უფროსი და, ემა უვლიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შვილი, ანუ მამა გაბრიელის დისშვილი, ელდარ ურგებაძე უვლის და დაჰკანკალებს. აქ ყველაფერი ხელუხლებლად დაგხვდებათ...დედა პარასკევა გვიდასტურებს, რომ ის კავშირია ჩვენსა და მამა გაბრიელს შორის. "პრაიმტაიმთან" იხსენებს ძვირფას მოძღვარს და მის დანაბარებს გადმოგვცემს. დედა პარასკევა: როდესაც მამა გაბრიელის დახმარება მჭირდება, ის სულ ჩემთან არის. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, როდესაც მჭირდება და მოვუხმობ, შეგრძნების დონეზე, ყოველთვის ვგრძნობ მის ყოფნას.მის განსაკუთრებულ სიახლოვეს კი აქ, მის მიერ აგებულ ტაძარსა და კელიაში ვგრძნობ. ხილვები არა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ, რომ მამა გაბრიელი იქვე დგას და მეხმარება. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს შინაგანი შეგრძნებაა. როდესაც დახმარება სჭირდებათ და მამა გაბრიელთან ლოცვა სჭირდებათ, მე მომმართავენ და მამა გაბრიელი უცებ ისმენს ჩემს სიტყვას. ერთგვარი შუამავალი ვარ ადამიანებსა და მამა გაბრიელს შორის. მამა გაბრიელი ჩვენი მეოხია. რაღაცნაირად მე დედამიწაზე დამტოვა, რომ ადვილად გავაგებინო მას, რა გვჭირდება. ეს, მამა გაბრიელის მეოხებით, ღმერთის წყალობაა. ვისაც განკურნავს, ვის ლოცვასაც შეისმენს, როგორც ჩანს, მათთან ძალიან ახლოს არის მამა გაბრიელი და მათი გულის ტკივილი შეისმინა. როდესაც დათი ქოქრაშვილი განსაცდელში იყო და მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა, მანანა ხორბალაძემ (დათის ბებია მისი მეჯვარეა) დამირეკა, ითხოვა, რომ მამა გაბრიელისთვის შემწეობა მეთხოვა. მე შევთხოვე და იმ წუთს მამა გაბრიელს ჩემი თხოვნა ესმოდა. მე ვიგრძენი, რომ მან ჩემი ლოცვა გაიგონა და შეეწია დათის...მამა გაბრიელს ბუნებრივად იმპროვიზებული და არტისტული და ლამაზი ხმა ჰქონდა. ვუმზადებდი საჭმელს, რასაც მთხოვდა. ძირითადად, წვნიანების მომზადებას მთხოვდა, ბრინჯით მომზადებულს. უყვარდა ლობიო. მცირედით იკვებებოდა, ამბობდა: ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალოო.  აღდგომას ყოველთვის მონასტერში ვხვდები, მერე აქ მოვდივარ. მამა გაბრიელს ძალიან უყვარდა აღდგომა. აღდგომა ყველაფერია. მენატრება ის პერიოდი, როდესაც მამა გაბრიელთან ვიყავი მცხეთაში. მამა გაბრიელმა დაგვიბარა, საქართველოს სიყვარული გადაარჩენსო. გიყვარდეთ ერთმანეთიო. ქრისტეს მტრები როგორ უნდა შეიყვარო, მაგრამ არ უნდა გძულდეს და აქედან გამოდის სიყვარულიო...

gia

1679422733

„მეგობართან ერთად ვიდეო ჩაწერა და ხუმრობით მითხრა...“ - რას გვიყვება დათო ლიკლიკაძე გია სურამელაშვილზე

"შენ ხარ ბოზი, ნამდვილი ბოზი" - ასეთი შინაარსის ვიდეო მომიძღვნა გია სურამელაშვილმა და პირად შეტყობინებაში გამომიგზავნა" - წერს დათო ლიკლიკაძე ფეისბუქზე.პოსტს წინ უძღოდა "ნიუსი" იმის შესახებ, რომ გია საცხოვრებლად ქუთაისში გადადის. "ვანოს შოუში" კი დათომ იხუმრა - ჩემ ჯიბეში ხელი არავინ ჩაყოს, თორემ ხელს მივამტვრევო. ლიკლიკაძე "პრაიმტაიმთან" გიასთან "დისტანციურ დაპირისპირებას" უარყოფს. დათო ლიკლიკაძე: - გიას არ ვიცნობ, ნანახიც არ მყავს. მეგობართან ერთად ვიდეო ჩაწერა და ხუმრობით მითხრა და მეც ხუმრობით გავიგე. პოსტიც ვიშაყირე. არანაირი დაპირისპირება და აგრესია ჩვენს შორის არ ყოფილა. ძალიან ვხალისობ მის ვიდეოებზე. აშკარად კეთილი და პოზიტიური ადამიანია. კარგი ადამიანია ნამდვილად. "ვანოს შოუში" ვიხუმრე და მანაც ხუმრობით მიწოდა "ბოზი", მე არ მწყენია. მართლა რომ ვგონივარ ხალხს ბოზი და ზურგს უკან მიწოდებენ, ეგენი მკიდია და ხუმრობაზე რა გადამრევს. 

merabi

1679422131

"იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ უნდა..." - მერაბ კოკოჩაშვილი 88 წლის გახდა

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. კინორეჟისორი 88 წლის გახდა. ცოტა ვერ ვარ კარგად, გრიპი მაქვს და დღეს მეგობრები ვერ მივიღეო, თქვა "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში. აქტიურია, ასაკს არ უჩივის, არც - ჯანს; კვირაში ორჯერ საცურაოდ აუზზე დადის. გადაიღო მხატვრული ფილმი "ტერცო მონდო", სადაც მთავარ როლებს დუტა სხირტლაძე და ლევან წულაძე ასრულებენ. როგორც გვპირდება, ფილმის ჩვენებას შემოდგომაზე დაგეგმავს.სამი წლის წინ ვერაგ დაავადებას დროულად მიუსწრო და ექიმების წარმატებულმა ქირურგიულმა ჩარევამ, რეჟისორი გამოაჯანმრთელა.ამბობს, რომ საყვარელი საქმის კეთება ჩვენი შინაგანი მხნეობის საწინდარია. მერაბ კოკოჩაშვილი: დღეს ბევრმა მოლოცვამ გამახარა. აქედან, უცხოეთიდან, სტუდენტებისგან. ერთმა მოწაფემ ამერიკიდან დამირეკა, მეორემ - ბრიუსელიდან. იმდენი ზარი და მოლოცვა იყო, ვერ წარმოიდგენთ. მადლობა ყველას.სიმართლე გითხრათ, ასაკს ვერ ვგრძნობ. ვცდილობ, სპორტულად ვიცხოვრო.იმისთვის, რომ შინაგანი მხნეობა შეინარჩუნოთ, შრომაა საჭირო. ბუნებრივია, საყვარელი საქმის კეთებას ვგულისხმობ. თავიდანვე ვცდილობდი ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა. ამისთვის ბრძოლა და შრომაა საჭირო. და მოთმინება და მოთმინება, როგორც მასწავლიდნენ. ფასდება თუ არა ეს მოთმინება, ეს სხვა ამბავია, იმის მიხედვით, რა გამოგივა, ამას კი დრო დააფასებს. დრო არის საუკეთესო შემფასებელი. - და მაინც თქვენი სახელისა და გვარის, მერაბ კოკოჩაშვილის გასწვრივ, რომელი ნამუშევარი გეამაყებათ?- ეს თქვენი შესაფასებელია და არა - ჩემი. საზოგადოებამ უნდა შეაფასოთ. არ შეიძლება შენ აარჩიო რომელიმე ერთი ნამუშევარი. შენ შრომობ, ზოგჯერ ახერხებ ჩანაფიქრის განხორციელებას, ზოგჯერ, სხვადასხვა მიზეზით, ვერ ახერხებ...

giorgi

1679421255

"ასი ქალი მიჩვენოს, რომლებიც იტყვიან, ჩემთან ნამყოფიაო, მაშინ გავჩუმდები" - გიორგი ნაზღაიძე პაატა თედიაშვილზე

"500-600-მდე სექსუალური პარტნიორი მყოლია" - პაატა თედიაშვილის ამ ფრაზამ ძალიან ახალისა ერი. წამოვიდა ხუმრობები, რა გაქვს ასეთი, აუ, როგორი გადარჩენილი ვარ და ასე შემდეგ. "პრაიმ ჰაუსისა" და "ღამის პრაიმტაიმის" წამყვანს, გიორგი ნაზღაიძეს პაატას ნათქვამის არ სჯერა და როგორც ის "პრაიმტაიმთან" ამბობს, თედიაშვილმა ეს ყურადღების მისაქცევად იცრუა.გიორგი ნაზღაიძე: - სჯერა ვინმეს ხუთასი-ექვსასი პარტნიორი რომ ჰყავდა პაატას? არ ვიცი, ეს განაცხადი რას ემსახურებოდა. შეიძლება წამოსცდა და მერე უკვე უკან არ დაიხია. მოკლედ, ყურადღების მიქცევა უნდოდა. მე ძალიან საინტერესო და (იცინის) ხმაურიანი ცხოვრება მაქვს, მაგრამ ხუთასი პარტნიორი ძალიან ბევრია (იცინის). ძალიან არარეალური ციფრია. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს ფიზიკურ მონაცემებთან არ არის კავშირში, ყველა ქვაბს თავისი თავსახური აქვსო, ნათქვამია. მაგრამ 500 პარტნიორი... მაშინ სექსმონობაში უნდა იყო და შემოგიყვანონ პარტნიორები. აბა, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. პაატამ ასი ქალი მიჩვენოს, რომლებიც იტყვიან, ჩემთან ნამყოფიაო, მაშინ კიდე გავჩუმდები. ისე, ჩემს გარშემო არავის სჯერა. ჩემშიც მხოლოდ ღიმილს იწვევს.

keti

1679419447

ქეთი მელუა პატარა სანდროს ფოტოს აქვეყნებს - "პირველად როიალ ალბერტ ჰოლში"

"ძალიან საყვარელია ქეთი დედის ამპლუაში" - წერენ მუსიკოსის თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში. ქართველი-ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი დედა 10 დეკემბერს გახდა. მას ჯერჯერობით საზოგადოებისთვის შვილის მამა "არ წარუდგენია"."ჩვენ ახლა სანდროს მშობლები ვართ, ყველაფერი სიზმარს ჰგავს, არასდროს მიგრძვნია ასეთი ძლიერი სიყვარული. მე ძალიან მადლობელი ვარ ჩემი პარტნიორის“, - წერდა ქეთი სოციალურ ქსელში. ახლა კი ქეთი როიალ ალბერტ ჰოლიდან ფოტოს ტვირთავს, სადაც სანდოსთან ერთად ITV-ის ინტერვიუ მისცა."სანდრო პირველად როიალ ალბერტ ჰოლში. ბევრი ვისაუბრე ჩემს ჩანაწერზე (ალბომზე) "სიყვარული & ფული" და გზაზე, რომელიც დედის ამპლუაში გამოვიარე. განა მჯერა, რომ ორიოდ თვეში შოუს ჩასატარებლად აქ დავბრუნდები, არ მჯერა!