1728156496
"აიტეხა, პიკასოს ბიჭი უნდა ვნახოო, ვინ ეტყოდა უარს?!" - რატომ სტუმრობდა ლეგენდარული ელდარ შენგელაია ქუთაისს
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ელდარ შენგელაიას 90 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. შედგა რეჟისორის ფილმის - "ჩიტების" ჩვენება, რომელსაც ამ ფილმში მოთამაშე მსახიობებიც დაესწრნენ. ღონისძიება "სიმღერის აკადემიის" ორგანიზებით ჩატარდა. ქუთაისი ხომ იქაური ცხელი ქარით გაჟღენთილი ტკბილი ჰანგების გარეშე წარმოუდგენელია... როგორც ქალბატონმა ნელი შენგელაიამ "პრაიმტაიმს" უთხრა, ბატონ ელდარს არაჩვეულებრივი კონცერტით უმასპინძლეს.
ქუთაისთან ლეგენდარული რეჟისორის განსაკუთრებული დამოკიდებულების შედეგია ის უკვდავი პერსონაჟები, რომლებიც აქტუალობას არასდროს კარგავენ. რეზო გაბრიაძესთან და რეზო ჭეიშვილთან თანამშრომლობით მაესტრომ შედევრები შექმნა.
ეს არაჩვეულებრივი ფოტოც მის "არაჩვეულებრივ გამოფენას" აცოცხლებს; ნახეთ, რა თბილად ეხუტება პიკასოს ბიჭს, თეთრ ხიდზე რეჟისორი.
იმედო კახიანი: - აიტეხა, პიკასოს ბიჭი უნდა ვნახოო, ვინ ეტყოდა უარს? მივედით და გადაიღო ფოტო.
ნელი შენგელაია: - უყვარს პიკასოს ბიჭი, ხომ ხედავთ როგორ ეხუტება?! ძალიან კარგი საღამო იყო, არაჩვეულებრივი პატივი სცეს. ელდარის ბიოგრაფიული კოლაჟი აჩვენეს, მისი "ჩიტები" ნახა დამსწრე საზოგადოებამ, არაჩვეულებრივი კონცერტი ჩატარდა. კმაყოფილია ელდარი. მგზავრობით დაიღალა, თუმცა ქუთაისიდან დიდი სიყვარული გამოჰყვა.
- ახლა რამეზე ხომ არ მუშაობს? მოუსვენარი შემოქმედია.
- მოუსვენრად სულ იქნება. რა მოასვენებს? ვნახოთ, ჯერ ვერაფერს გეტყვით...
ასევე დაგაინტერესებთ: "საყვარლის საფლავს ვეძებდი..." – "სულიკოს" მიღმა, რეალური, ტრაგიკული ისტორიაა - ვინ იყო სულიკო?