,,მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. ვგავარ, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო... მამა, პირობა შევასრულე..." - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

bakuradzeebi

 "ქართული ხმების" სოლისტის, მეორე ხმის - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან 23 ივნისს ორი წელი გავიდა. რაჭის მშობლიურ სოფელში, 42 წლის მომღერალი უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ზურა ხევში გადაიჩეხა...

ტრაგედიამ საქართველო შეძრა...

"ორი წელი გავიდა უშენოდ, ჩემო ზურიკო. რაც დრო გადის, უფრო მატულობს ეს დიდი ტკივილი, რაც დაგვიტოვე....

ჩემს გულს აკლიხარ..." - წერს სოციალურ ქსელში ანსამბლის მენეჯერი და ზურას მეგობარი, გივი მახაშვილი. "პრაიმტაიმთან" კი ამბობს: 

"უფრო ძნელია ამ ტკივილის ტარება. უსაშველო მონატრებაა…

ჩემი შვილი რომ გაიზრდება, მას ნამდვილად ეცოდინება, ვინ იყო მისი ნათლია და შევეცდები, რომ ზურას სახელი სულ ღირსეულად ვატარებინო…" 

"ქართულ "ხმებს" დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ, ძალა მოეკრიბათ და ისევ ემღერათ. ანსამბლში ზურას უფროსი ძმა, გივი ბაკურაძეც მღერის. გივი პრესასთან არ ჩნდება. მას ძალიან უმძიმს ძმაზე საუბარი და ბუნებრივია, რომ ამ მიზეზით, ის ინტერვიუებს თავს არიდებს. 

კახა გრიგალაშვილი: - ზურას გარეშე მაგრად გვიჭირს, მაგრამ მაინც ვარსებობთ. სიმღერა სულის მკურნალია, კი, მაგრამ ზურას გარეშე მაგრად მიჭირს სიმღერა. მაგრამ ვფიქრობ, სანამ ცოცხალი ვარ უნდა ვიმღერო.

ვაღიარებ, მაგრად მიმძიმს. არც ძველებურად მიხარია ბევრი რამ...

ვერ ვწერთ ჯერ ზურასთვის მიძღვნილ სიმღერას. უცებ ადგე და ზურაზე იმღერო, მარტივი არ არის. დროც უნდა გავიდეს. ჩვენ ისედაც ზურასთვის და მისი სიყვარულისთვის, ჯიგრისთვის ვმღერით. თუ ვინმე კარგ სიმღერას დაწერს, ვიმღერებთ.

შარშან ონის მუნიციპალიტეტში, "ონელობა - 2022"-ის ფარგლებში, გალა კონცერტი  - "შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე" - ვარსკვლავის გახსნით დასრულდა; გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნა ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო.

 ანსამბლის წევრებს კიდევ სხვადასხვა გეგმა აქვთ ზურა ბაკურაძის სახელის უკვდავსაყოფად.

პრესასთან საყვარელ მეუღლეზე ვერც ნათია კობახიძე საუბრობს... ზურას გარდაცვალებიდან ერთ თვეში, მან ფეისბუქზე ძალიან ემოციური პოსტი დაწერა.

"ერთი თვე… ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.

ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…

ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი…"

ნათიამ მოგვიანებით გამოაქვეყნა ლექსი, რომელიც ზურამ მეუღლეს მიუძღვნა.

ნათია კობახიძე: ყველაფერმა სამუდამოდ დაკარგა ფასი...
ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიმიღია და მივიღებ, ეს მოლოცვა იყო, არის და იქნება მუდამ...

ამ ლექსზე დაწერილი სიმღერის ჩაწერას, ზურას ქალიშვილი, ანნა ბაკურაძე გეგმავს. მამაზე ანნამ პირველი ინტერვიუ "პრაიმტაიმს" მისცა.

ანნა ბაკურაძე: გარეგნობით ძალიან ვგავარ მამას. ვფიქრობ, ხასიათითაც, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო.

ძირითადად ზურაზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც ვსაუბრობ... მიყვარს მისი ნამღერი "ცისფერი კესანები". მოქმედებს ჩემზე, სულ ვუსმენ.

4 წლის ვიქნებოდი ნატო გელაშვილის "დეკემბერი" რომ მასთან ერთად ვიმღერე. მერე მთხოვდა, ვიმღეროთო... ხშირად ლაშა ღლონტის "იები ამოსულას" ვასრულებდით. ეს სიმღერა ზურას მაგონებს. 

როცა მამა გარდაიცვალა, მასთან დავდე პირობა, აუცილებლად ვიმღერებ-მეთქი და შევასრულე. ლუკა გახოკიძე მამაჩემის მოსწავლეც იყო და შვილივით ჰყავდა ზურას. ლუკა ჩემი ბავშვობის მეგობარია და მოხდა ისე, რომ რამდენჯერმე ერთად ვიმღერეთ. ჩვენმა დუეტმა მსმენელის მოწონებაც დაიმსახურა და ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთს უხდება. ამდენად, სპონტანურად შექმნილი დუეტია. ქებამაც გაგვათამამა და ასე გაჩნდა პუბლიკის წინაშე წარდგომის იდეაც. და ძველით ახალი წლის ღამეს, ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში, 12 ქალაქური სიმღერის პოპურით გამოვედით.

მე რომ სცენაზე ვენახე, ვიცი, მამას ძალიან გაუხარდებოდა. სულ უნდოდა, რომ მემღერა.

 მამას სიზმრად ძალიან ტკბილი ბავშვობიდან ვხედავ. როგორიც მაშინ იყო, ისეთივეა. ბევრს არ მელაპარაკება. თითქოს რაღაცებს მანიშნებს. როდესაც ემოციურად გადავიღლები და გადავიტვირთები, მაშინ მესიზმრება... მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. მის სიახლოვეს სიზმრებით ვგრძნობ. იმედია, ეს კონტაქტი არასდროს გაწყდება. 

P. S. ზურასნაირი ადამიანების ასე უდროოდ წასვლით, მგონია, რომ ღმერთი გვაფხიზლებს, რომ მხოლოდ სულია მთავარი, სიყვარულია მამოძრავებელი და იმ ქვეყნად ვერაფერი მიგვაქვს საკუთარი ნამოქმედარით დამსახურებულის გარდა... ამიტომ მხოლოდ სიყვარულსა და სიკეთეს უნდა ვჩქარობდეთ, მეგობრებო...

 

ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: „ვერ ვიჯერებდი, რომ მამას გარდაცვალების შემდეგ, მის ენერგიას ვიგრძნობდი, მაგრამ როცა ცუდად ვარ და ვუხმობ, მესიზმრება...“ - ზურა ბაკურაძის შვილი მამაზე მიძღვნილი სიმღერით წარდგება

"ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

"განსაკუთრებულად მიხარია და გულის ფანცქალით ვემზადები..." - ნიკა წულუკიძე

Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში