Exclusive: „ვერ ვიჯერებდი, რომ მამას გარდაცვალების შემდეგ, მის ენერგიას ვიგრძნობდი, მაგრამ როცა ცუდად ვარ და ვუხმობ, მესიზმრება...“ - ზურა ბაკურაძის შვილი მამაზე მიძღვნილი სიმღერით წარდგება

bakuradze

"ქართული ხმების" სოლისტის, ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. გამოთქმა, მეხის გავარდნას ჰგავდა, ზუსტად ესადაგება ზურას წასვლას...

მახსოვს, 43 წლის მომღერლის მოულოდნელმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ, ყველა დაგვამუნჯა. იმ დღეებში ყველგან ზურას სიმღერა ისმოდა, ყველა ამ მიუღებელ ამბავზე ჰყვებოდა, დუმდა სამება, ზურა კი, ფოტოებიდან, მისთვის ჩვეულად იღიმოდა... 

ზურასნაირი ადამიანების ასე უდროოდ წასვლით, მგონია, რომ ღმერთი გვაფხიზლებს, რომ მხოლოდ სულია მთავარი, სიყვარულია მამოძრავებელი და იმ ქვეყნად ვერაფერი მიგვაქვს საკუთარი ნამოქმედარით დამსახურებულის გარდა... ამიტომ მხოლოდ სიყვარულს უნდა ვჩქარობდეთ...

17 წლის ანნა ბაკურაძე ამ თავის პირველ ინტერვიუში მამას იხსენებს. ამბობს, რომ ზურაზე საუბარი არ უყვარს, უმძიმს და ამიტომ, როცა ფიქრში მამა მასთანაა, მხოლოდ თავის თავს ესაუბრება. ხოლო, როცა მონატრებას ვერ უმკლავდება, მამას სიზმრად გამოცხადებას სთხოვს. 

ანნა ბაკურაძე: მამა რომ გარდაიცვალა, დედამ ზურას ფეისბუქზე იპოვა ეს პატარა ლექსი, რომელიც დედას მიუძღვნა...  

მასზე დათო არჩვაძემ მელოდია დაწერა. ნათიამ  რომ მითხრა, შენ შეასრულე ეს სიმღერაო, თავიდან ძალიან ვინერვიულე. სიმღერასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან ზურა ბაკურაძის შვილი ვარ.

მერე დავფიქრდი, რომ ამ სიმღერის შესრულებით დედასაც ვასიამოვნებდი და ჩემთვისაც კარგი იქნებოდა, ნელ-ნელა გამიხარდა და მოტივაცია მომეცა.

სიმღერის პრემიერა სად შედგება, ჯერ არ ვიცით...

ამ ასაკში არ მიმღერია, მით უფრო, მამის წასვლის შემდეგ. ისე კი სიმღერა ჩემთვის უცხო არ არის. ბავშვობაში გუნდებში ვმღეროდი, კონცერტებზე გამოვსულვარ. სახლში, რა თქმა უნდა, მამასთან ერთად ვასრულებდი სხვადასხვა სიმღერებს.

ცდილობდა სიმღერაში ავეყოლიებიე, უხაროდა, რომ ვმღეროდი. მე კიდევ ვნერვიულობდი. სახლში სიმღერის დროს თუ მოეწონებოდა ჩემი შესრულება, მაქებდა. ნიჭიერი ხარ და გააგრძელეო. გული წყდებოდა, რომ სიმღერას პროფესიულად არ მივყვებოდი, თუმცა ჩემი ნამღერი და ხმა მოსწონდა.

4 წლის ვიქნებოდი ნატო გელაშვილის "დეკემბერი" რომ მასთან ერთად ვიმღერე. მერე მთხოვდა, ვიმღეროთო... ხშირად ლაშა ღლონტის "იები ამოსულას" ვასრულებდით. ეს სიმღერა ზურას მაგონებს. ხშირად ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ვმღეროდით.

მიყვარს მისი ნამღერი "ცისფერი კესანები". მოქმედებს ჩემზე, სულ ვუსმენ.

გარეგნობით ძალიან ვგავარ მამას. ვფიქრობ, ხასიათითაც, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო. 

ძირითადად ზურაზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც ვსაუბრობ... ვეცადე, რომ ამ ერთი წლის მანძილზე გონება სწავლაზე გადამერთო. ზურაზე ფიქრს ბუნებრივია ვერ გავექცეოდი და როცა ჩემთან არის ფიქრში, საკუთარ თავს ვესაუბრები და არა სხვას. 

სიზმრად არაერთხელ ვნახე და ეს უაზრო სიზმარი არ ყოფილა. რამდენჯერაც ცუდად მიგრძნია თავი და მინატრია, თუ მომიხმია, მამა, დამესიზმრე-მეთქი, დამსიზმრებია. არც ერთხელ არ ყოფილა, რომ ასეთი ნატვრის დროს არ მოსულიყო...

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამ სიზმრებში მე, თითქმის ყოველთვის, პატარა ვარ. ამას ასე ვხსნი, რომ ჩემს მშობლებთან ერთად გატარებული ჩემი ბავშვობა იმდენად ტკბილი იყო, რომ სიზმრებიც იმ დროსთან ასოცირდება. ჩემი თავი ზურასთან ერთად სულ პატარა მესიზმრება. 

ერთხელ დამესიზმრა, ჩვენს ძველ სახლთან იდგა ზურა, მივირბინე და ხელში რომ ამიყვანა და ჩემს თავს დავხედე, ძალიან პატარა ფეხები მქონდა.

სიზმარში ძალიან ცოტას მელაპარაკება, მაგრამ სულ მიმეორებს, ძალიან კარგი გოგო ხარ, ყველაფერი გამოგივაო. მამას ამ ენერგიას და გამხნევებას, რაღაცნაირად ყოველთვის ვგრძნობ. 

თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ გარდაცვალების შემდეგ, შეიძლებოდა მამას ენერგია მეგრძნო. მაგრამ ძალიან რომ მიჭირდა უმისობა და ზუსტად იმ დროს მესიზმრებოდა, უკვე დავიჯერე, რომ სადღაც არის და ჩემს გვერდითაა. შეუძლებელია სულის უკვდავება არ დაიჯერო.

ჩემი ძმა დათა რომ გაჩნდა, მე 11 წლის ვიყავი და ძალიან მიხაროდა. მის გაზრდაში მე და მამა ვეხმარებოდით დედას. ახლა 6 წლის არის. მე 18 წლის ვხდები. საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდა ჩაბარება. მოტივაცია მეტად მომეცა და პასუხისმგებლობა ავიღე. ვცდილობ, დედას იმედები გავამართლო. ვიცი, მამას როგორ უნდოდა ყველაფერი კარგად ყოფილიყო. თითქოს მაქსიმუმს ვაკეთებ. ვნახოთ...