„ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულისა და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა“ - ზურა ბაკურაძე 44 წლის გახდებოდა

zuraa

დღეს ზურა ბაკურაძე 44 წლის გახდებოდა. "მადლობა, რომ ჩემთვის დაიბადე" - წერს მომღერლის მეუღლე, ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში.

შარშან 23 დეკემბერს, "ქართულმა ხმებმა" სცენაზე დადგომის ძალა პირველად მოიკრიბა და მეგობრის ხსოვნას კონცერტი მიუძღვნა. სულ მალე კი ანსამბლი ახალ ალბომს წარუდგენს მსმენელს, რომელშიც ბევრი ახალი სიმღერა შევა. განხლებული პროგრამით "ქართული ხმები" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურნესაც გეგმავს. 

"ძალიან გვაკლია. გვიჭირს… რაც დრო გადის, მით უფრო. ეს საშინელებაა.

მე პირადად ბევრ რამეში გვერდში მედგა და ბევრი რამ გამიკეთა. უსაზღვროდ მაკლია ზურა. მისი გვერდზე დგომა და სიყვარული მაკლია.

სულ მგონია, რომ სადღაც წასულია, ახლა მოვა, ახლა შემოვა, ამას გვეტყვის, ასე გაგვამხნევებს-მეთქი… არ ნელდება ეს ტკივილი. ეიფორიის და შოკის გასვლის შემდეგ, რაც დრო გადის, მით უარეს დღეში ვარდები.

უფრო ძნელია ამ ტკივილის ტარება. უსაშველო მონატრებაა…

ჩემი შვილი რომ გაიზრდება, მას ნამდვილად ეცოდინება, ვინ იყო მისი ნათლია და შევეცდები, რომ ზურას სახელი სულ ღირსეულად ვატარებინო…" - ამბობს "პრაიმტაიმთან" "ქართული ხმების" პროდიუსერი, გივი მახაშვილი.

ზურა ბაკურაძე შარშან ივნისში, მშობლიურ რაჭაში, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერლის ცოლმა, მეუღლის გარდაცვალებიდან ერთ თვეში, ძალიან ემოციური პოსტი დაწერა.

"ერთი თვე… ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.

ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…

ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი…" – ნათია კობახიძე.

სხვა სიახლეები