Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში

maxara

ორ თვიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, დათო ევგენიძე, ერთ კვირაში თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ყოველგვარი გართულების გარეშე დასრულდა. მუსიკოსის დონორი, თავისი სურვილით, გიორგი მახარაშვილი გახდა. დათოს მახარას შვილი ჰყავს მონათლული, ახლა კი, მუსიკოსი გიორგის - თავის ანგელოზს უწოდებს. 

"პრაიმტაიმი" დათოს სტამბულში დაუკავშირდა. მუსიკოსი გახარებულია, რომ ერთ კვირაში თბილისში ჩამოვა.

დათო ევგენიძე: მე ისევ სტამბულში ვარ. იმდენად რთული ოპერაცია ჩამიტარდა, ექიმებმა მითხრეს, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ არანაირი გართულება არ გექნება, საქართველოში შენს წასვლას ხელს ვერ მოვაწერთო. მინიმუმ ორი თვე სჭირდება ამ ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას. სრული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყო. თბილისში ამ ხანგრძლივობის რეაბილიტაცია არ არის.

რახან აქ მითხრეს, ყველაფერი კარგად არისო, მალე წამოვალ. სამუშაო დღეები კლინიკაში ვიყავი, დანარჩენი - სასტუმროში. ახლა შედარებით კარგად ვარ და სულ სასტუმროში გამომიშვეს. იმედია მაქვს, იმ კვირაში თბილისში ვიქნები.

მენატრება არ ჰქვია, უკვე გიჟს ვგავარ, ისე მენატრება ყველაფერი. მე ხომ თბილისის გარეშე არ შემიძლია, სადაც არ უნდა ვიყო, სტამბულში, პარიზში, ნიუ-იორკში თუ კანარის კუნძულებზე. 

ლექსებს ვწერ. მუსიკას, სამწუხაროდ, მხოლოდ გონებაში ვწერ. პიანო, პარტიტურა, სამწუხაროდ, არ მაქვს და რომ ჩამოვალ, ბევრ ახალ მუსიკას დავწერ. 

ბევრი კონცერტის შემოთავაზება დაგროვდა. თითქმის ოქტომბრამდე გაწერილი მაქვს გრაფიკი. მეც იმიტომ გადავრჩი, რომ შემოქმედება ვაკეთო. თავისთავად, ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპია.

- და მახარაზეც, გიორგი მახარაშვილზეც გვითხარით, რა, ორი სიტყვა. მისმა ადამიანობამ ყველაში აღფრთოვანება გამოიწვია...

- მახარაზე რა გითხრათ, ნახევარი მახარა ვარ. (იცინის) და მე მგონი, ფეხიც მეზრდება, 50 აქვს ფეხის ზომა. გიორგი ჩემი ღვიძლი და ჩემი ანგელოზია.

მართლა ისე მოხდა, ვერც აგიხსნით, თვეებია ემზადებიან ღვიძლის გადანერგვისთვის და ჩვენს შემთხვევაში ასე უცებ, ერთ კვირაში მოხდა ყველაფერი. დონორი რომ გამხდარიყო, მახარას ინიციატივა იყო. სისხლის ჯგუფი რომ დაემთხვა, ისე გაუხარდა... მერე ბილეთებზე იაქტიურა. რომ არა მახარა, მე კიდევ თბილისში ვიქნებოდი, ღვიძლი ისეთ დღეში მქონდა, შეიძლება საერთოდ აღარ ვყოფილიყავი.

ყველა კონცერტი მახარასთან ერთად მექნება. ახალ სიმღერებს დავუწერ. თავში მაქვს მისი სიმღერები, ახალი რეპერტუარი გვექნება.

იქამდეც განუყრელები ვიყავით, მე მისი შვილის ნათლია ვარ და ამიერიდან, მით უმეტეს. ევგენა და მახარა, თუ მახარა და მახარა, აღარ ვიცი...

 

ასევე დაგაინტერესებთ:  "სასაფლაოზე დამხვდა გოგონა და მითხრა, ცუდ ხასიათზე რომ ვარ, ლევანის საფლავზე მოვდივარო..." - ლევან კბილაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

"ხორთუმს კალთაში ურტყამდა - ხაჭაპური კიდევ მომეციო. მამას შოუ ცოლმა მოუწყო..." - 55 წლის წინანდელი სახალისო ისტორია

Exclusive: "ასე არაფერზე მინერვიულია. ჩავჯექი მანქანაში და მთელი გზა ხმით ვტიროდი..." - გია ჯაჯანიძის ცრემლიანი ინტერვიუ

"ნიკას მსგავსი პატიოსანი და ღირსეული ბიჭები დღესდღეობით აღარ მხვდებიანო" - გია სურამელაშვილი ნიკა გოგვაძეზე