1728112394
„ლუკა მამაჩემს შვილივით ჰყავდა. სიმბოლურია, რომ პირობას, რომელიც ზურას გარდაცვალების შემდეგ დავდე, მასთან ერთად ვასრულებ“ - რას გეგმავს ზურა ბაკურაძის ქალიშვილი
"მამიკოსთვის მიცემული პირობა შესრულებულია", - წერს სოციალურ ქსელში ნათია კობახიძე, ზურა ბაკურაძის მეუღლე. "ქართული ხმების" სოლისტის ქალიშვილი, ანა ბაკურაძე მალე პუბლიკის წინაშე ამღერებული წარდგება.
ანა ბავშვობის მეგობართან ერთად ამღერდა.
"როცა მამა გარდაიცვალა, მასთან დავდე პირობა, აუცილებლად ვიმღერებ-მეთქი და ახლა მომეცა ამის ძალა და შესაძლებლობა" - ამბობს "პრაიმტაიმთან" ანა ბაკურაძე.
ბაკურიანში სასტუმრო "დიალოგ კოხტაში" ძველით ახალ წელს ახალი დუეტი დაიბადება. დეტალებზე ანა გვიყვება.
ანა ბაკურაძე: ძალიან საინტერესო გამოწვევაა. ლუკა გახოკიძე მამაჩემის მოსწავლეც იყო და შვილივით ჰყავდა ზურას. ლუკა ჩემი ბავშვობის მეგობარია და მოხდა ისე, რომ რამდენჯერმე ერთად ვიმღერეთ. ჩვენმა დუეტმა მსმენელის მოწონებაც დაიმსახურა და ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ხმები ერთმანეთს უხდება. ამდენად, სპონტანურად შექმნილი დუეტია. ქებამაც გაგვათამამა და ასე გაჩნდა პუბლიკის წინაშე წარდგომის იდეაც.
გამოვტყდები, მარტო არ მინდოდა მემღერა. თან სიმბოლურია ის, რომ მამას მოსწავლესთან ერთად შევასრულებ ჩემს პირობას, რომელიც ზურას გარდაცვალების დროს, მის წინაშე დავდე - მამა, მე აუცილებლად ვიმღერებ-მეთქი. დედამ მოისმინა ჩემი დადებული პირობა და მე ის აუცილებლად უნდა შევასრულო. ლუკა კი საუკეთესო კანდიდატი აღმოჩნდა, ვისთან ერთადაც სცენაზე ვიმღერებდი.
სიმღერების დამუშავებაში ჩემი ბიძები - ზურას ძმა, გივი ბაკურაძე და დედას ძმა, თორნიკე კობახიძე გვეხმარებიან. მათი შეფასება ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე კონსულტაციას გვიწევენ ზურას მეგობრები. აზრს ყველა კომპეტენტურ ადამიანს ვეკითხებით.
ძველით ახალი წლის ღამეს 12 ქალაქური სიმღერის პოპურით წარვდგებით მსმენელის წინაშე. ჩვენი პირველი მსმენელები მათთვის საყვარელ ჰიტებს მოისმენენ.
ძალიან ვნერვიულობთ. ეს ჩემთვის პირველი საჯარო გამოსვლა იქნება. მაგრამ მიხარია და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გავაგრძელებ ამ საინტერესო გამოწვევას. ხალხი როგორ მიგვიღებს, იმის მიხედვით დავგეგმავ...
მე რომ სცენაზე ვენახე, ვიცი, მამას ძალიან გაუხარდებოდა. სულ უნდოდა, რომ მემღერა.
როცა მამა სიზმრად მოდის, ძალიან ტკბილი ბავშვობიდან ვხედავ. როგორიც მაშინ იყო, ისეთივეა. ბევრს არ მელაპარაკება. თითქოს რაღაცებს მანიშნებს. როდესაც ემოციურად გადავიღლები და გადავიტვირთები, მაშინ მეჩვენება... მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. მის სიახლოვეს სიზმრებით ვგრძნობ. იმედია, ეს კონტაქტს არასდროს გაწყდება.