დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„პრაიმ ჰაუსის“ თითოეული მონაწილე ერთმანეთისგან გამორჩეული და განსხვავებულია. ზოგიერთი მათგანი მაყურებელს თავს საკუთარი სიმშვიდით და გაწონასწორებულობით ამახსოვრებს, ერთ-ერთია გურამ შეროზია. მაყურებელმა ნახა, რომ მიუხედავად მისთვის ნასროლი ბევრი პროვოკაციული რეპლიკისა, სიმშვიდე შეინარჩუნა და კონფლიქტი დიპლომატიურად მოაგვარა.
„პრაიმტაიმი“ მას „პრაიმ ჰაუსში“ ესტუმრა. გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს.
- გურამ, საზოგადოების დიდი ნაწილი ვირტუალური სივრციდან გიცნობს და მას შემდეგ, რაც „პრაიმ ჰაუსში“ შეხვედი, აღნიშნავენ, რომ წარმოდგენა შეეცვალათ. თუ გეუბნებიან ამას და როგორი რეაქცია გაქვს?
- ხალხი, რომელსაც ნალანძღი, დაწყევლილი და ამოწყვეტილი ვყავდი, მწერს, ვნანობთ ჩვენს საქციელს, სულ სხვა წარმოდგენა გვქონდაო. მე ვღადაობ რაღაცებზე ლაივში, როცა ამას ღიმილით ვაკეთებ, შესაბამისი ინტონაცია აქვს და მიხვდები, რომ ამას წმინდა წყლის უწყინარი იუმორით ვაკეთებ. ჩემ თავზე მაქვს აღებული, რომ ცუდი სტერეოტიპები ჩავკლა, საზოგადოებას აზრი შევუცვალო და თუ ვინმე ადამიანი, რომელიც საჯარო პერსონაა და აკეთებს ისეთ განცხადებაც, რომელიც მავნებლურია, მაგალითად, ხელს უწყობს სტერეოტიპების გატარებას, ქალების მიმართ ძველმოდური დამოკიდებულებების გამყარებას, ამ ადამიანებს ასეთი ირონიულ-სარკასტული მიმართულებით, სააშკარაოზე გამომყავს და ვამბობ, რომ ასე არ უნდა და ა.შ. შემდეგ კომენტარებში მიდის ლანძღვა, მე ხომ ვერაფერს ვუზამ. ათასობით კომენტარს ვერ წავშლი, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებით ვარ ცხოვრებაში დაკავებული, ალბათ, ეს იყო არასწორი შთაბეჭდილების წარმოდგენა.
ყველაზე პოპულარული კრიტიკული პოსტებია ხოლმე, იმის გარდა, საქველმოქმედოებიც მედო და სამოგზაუროც, მაგრამ პოპულარულია კრიტიკული. ხალხს ასე ვახსოვდი, მუდმივად კრიტიკაში. მიხარია, რომ ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, სტუდენტებს და ტურში მყოფებს ჩემი დაცვა არ უწევთ. ეს არის ჩემი ნამდვილი სახე, კამერასთან თამაში ფიზიკურად შეუძლებელია.
- ამბობენ, რომ ყველაფერი დადგმულია...
- ნებისმიერ პროექტში ლოგიკურია, რომ მაგალითად, ჩვენ თუ დავიძინებთ დღე და ღამე, ან დავსხდებით და იაპონურ კოჯერს ვითამაშებთ, ვიღაც შემოვა და გვეტყვის, აბა, ცოტა გააქტიურდით. ეს არ არის დადგმა, ესაა, შოუ ცოტა საინტერესო რომ გახდეს. ჩვენს შემთხვევაში, ესეც არ არის საჭირო. პირიქით, გვეხვეწებიან, არ იჩხუბოთ, არ გინდათო. ეს ყველაფერი იმდენად ცხელია, გეუბნებით, ლოგიკური იქნებოდა, რომ ჩავმკვდარიყავით და ვიღაცას ეთქვა გამოიღვიძეთ, ითამაშეთო, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება. პირიქით, გვაწყნარებენ და ვერ ვწყნარდებით, ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი (იცინის). ალბათ, წინა ცხოვრებაში რამე შევცოდე და ახლა ჩემი მოთმინებით უნდა ვაგო პასუხი, მაგრამ მზად ვარ.
- როგორია თქვენი სტუდენტების და ზოგადად, ხალხის დამოკიდებულება და რეაქციები როცა გხედავენ, ხომ არ ნანობთ შემოსვლის გადაწყვეტილებას?
- როგორც იცით, კვირაში 1 დღე გავდივართ და რომ მხედავენ: - ვაიმე, ხომ არ გამომაგდესო, მეკითხებიან, - არაა, ვერ ეღირსებით-თქო. ასე მალე არ მოხდება ეგ-თქო, ვპასუხობ (იცინის). ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, თითქმის გადაწყვეტილი მქონდა, რომ არ შემოვსულიყავი.
- რატომ?
- დიდი ნეგატივია ხოლმე პროექტის მიმართ. ვითომ არავინ უყურებს და საუბარი რომ ჩამოვარდება, თავს იმართლებენ, ფეისბუკზე ამომიგდოო. ამ სეზონის უპირატესობაა, ღიად აღიარებენ, რომ უყურებენ. ეს რამდენიმე მონაწილის დამსახურებაცაა, ვინც არ ვჩხუბობთ, არ ვკივით. მგონია, რომ ხალხს ყველაფრის ნახვის უფლება აქვს: ნათელის და არანათელის, ნახოს ვიღაცის კივილ-წივილი, ბოთლების ფშვნა და ვიღაცის სიმშვიდე. ნახოს, ვიღაცის ბინძური წესებით თამაში და ნახოს, როგორ შეიძლება არ აჰყვე და ბოლომდე ღირსეულად მიხვიდე.
ჩემ ვალდებულებად ჩავთვალე ის, რომ მაინც ყველა უყურებს, ბავშვებიც მათ შორის და მათ მივცემ მაგალითს, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგარი ბიჭი მაშინ კი არ ხარ, წიხლქვეშ რომ გაიგდებ და თავ-პირს დაალეწავ. მაგარი ბიჭი მაშინ ხარ, როცა არ აჰყვები და შენს მორალს შეინარჩუნებ. სწორედ ამის მაგალითს მივცემ.
შემოვედი ასევე იმისთვის, თავი უფრო კარგად წარმომეჩინა და ეს მცდარი წარმოდგენები გამებათილებინა. შემოვედი მარკეტინგული მიზნებისთვისაც, ვარ წიგნის ავტორი, ვწერ სიმღერებს, მაქვს ჩემი ტურისტული სააგენტო, ბევრს ვმოგზაურობ, მაქვს მარკეტინგული კომპანია, ლექციებს ვკითხულობ. ბევრს უსაქმური ვეგონე, ინფლუენსერი, ბლოგებს წერ და ჭერში აწყობო.
კიდევ ერთი მთავარი მიზეზი - ბავშვობიდან ვგიჟდებოდი რეალით შოუებზე. დიდი „მუღამი“ მქონდა, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი სურვილი ფერად და ლამაზ მოგონებად ჩაწერილიყო. ამიტომ, ვნანობ კი არა, ძალიან ბედნიერი ვარ აქ რომ ვარ, მილიონი სტრესის მიუხედავად. ბოლოს როდის ვიტირე არ მახსოვს, მაგრამ „პრაიმ ჰაუსში“ ვიტირე.
სტუდენტების გამოხმაურება გადასარევია. ძალიან მგულშემატკივრობენ არა მხოლოდ ჩემი სტუდენტები, არამედ აუდიტორიებში, დერეფნებშიც რომ მხვდებიან ისინიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მანამ, სანამ გონებამახვილი, ჭკვიანი და დადებითი ხალხი მიჭერს მხარს, ცოტაც რომ იყოს, ჩემთვის ეს იქნება გამარჯვება და არა ბინა, რომელსაც ისედაც მუშაობით ვიყიდი. მე ის არ ვარ, ვინც სახეს აიხევს და ვინმეს გადაუვლის.
- შვილზე გვიამბეთ, როგორ ეგუება ელენა მამის სიშორეს?
- ბავშვი ძალიან პატარაა, ფიზიკურად ვერაფერს აუხსნი და ვერც „პრაიმ ჰაუსს“ ვაყურებინებთ, გული გაუსკდება ბავშვს, ხოცვა-ჟლეტას როგორ უყურებს (იცინის). კვირაში 2 დღე მასთან ვარ, ერთად ვიძინებთ, მანამდე სულ მე დამყავდა ბაღში და ახლაც თუ ვასწრებთ, ძალიან კარგია. ბოლოს რომ ვნახე, შთაბეჭდილება დამრჩა, უნდა რამე ისეთი ქნას, რომ მამა არ წავიდეს. სახლში რომ მივდივარ, გამორბის, მაკიაჟს იკეთებს, მეფერება, მამა ჭამეო, საჭმელები მოაქვს, თავს მევლება, უნდა პატივი მცეს, რომ მამა სახლში დიდხანს იყოს. კაი მასპინძელივით თან გადამყვა. ბოლოს ისე დამწყდა გული, 1 საათში უკან წავედი. ყოველთვის ასე ვემშვიდობებოდი: - „მალე მოვა მამა“ და თავადაც ასე ამბობდა. ეს მალე 1 კვირა გრძელდება.
ამდენ ხანს ერთმანეთს არ დავშორებივართ. ბავშვი უმეტეს დროს ჩემთან არის. დედა დაკავებულია.. ძიძასთან ყოფნას კი ვარჩიეთ, დედაჩემთან ყოფილიყო მთელი დღე. ხატიაც ყოველ დღე მოდის, თუმცა, რადგან ჩემთან სძინავს, ითვლება, რომ ჩემთან იზრდება.
- ვის იქნება ფინალში?
- ყველაზე ძლიერი მონაწილეები არიან გოგა, ბაგირა და ან გიორგი მეტრეველი, ან ლენუკა. ჩემ თავს არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში. ბევრი მასახელებს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს. ბრეჩკიმ წამომაძახა, 200 000 გამომწერი გყავსო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თისაც არანაკლები ჰყავდა, მაგრამ დღეს ის აქ არ არის. შეიძლება შენზე გიჟდებოდეს ხალხი, შემოხვიდე აქ, შენი რეალური სახე დაინახოს და სრულიად ანტიკომუნიკაცია გამოიწვიო და ის შთაბეჭდილებები დააკარგინო. შეიძლება პირიქით მოხდეს, არ უყვარდე, არ გიცნობდნენ და აქ მოიპოვო ეს. ყველანი აბსოლუტურად თანაბარ პირობებში ვართ.
დღეის მონაცემებით, კარგად მივდივარ, მაგრამ ემოციურად ძალიან დამაგდეს. თუ არ გამოვხატავ და არ ვყვირი... არის ხოლმე, რომ მშვიდ ადამიანებს უფრო მეტად სტკივათ და ყველაზე მეტი ემოცია აქვთ...
არ ვიცი, ჩემ თავს ვხედავ თუ არა ფინალში, მაგრამ ეს ადამიანები ჩემი აზრით, ძლიერებიც არიან, ღირსეულებიც და თუ მოიგებენ ისინი და არა მე, არც ერთი წამით ნეგატივი და გაბრაზება არ მექნება.
- რა ხდება ბაგირასთან, აქტიურად განიხილავენ თქვენს წყვილს
- ჩვენ წყვილი არ ვართ. შეუძლებელია, 4 კვირაში ყურებამდე შეგიყვარდეს და ვინმეზე გადაირიო, გვაქვს ძალიან კარგი, თბილი, მეგობრული ურთიერთობა. მეგობრობის გარდა სულიერი კავშირი გვაქვს. რა თქმა უნდა, ერთმანეთი მოგვწონს კიდეც, ყველა მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ბაგირა მომწონდეს. ეს მოწონება და სიმპატიაა და არა სიყვარული. ხალხი ფიქრობს რომ ვუხდებით, თუმცა, ჩვენი ურთიერთობაა მეგობრობას ახლახან გაცდა. თან ვფიქრობთ, თან არ ვჩქარობთ. ესაა მეგობრობა, რომელიც ოდნავ მეგობრობაზე მეტია. თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა მიდის, შეიძლება რამეშიც გადაიზარდოს.